Blog Archives

მურაკამი, პაჟი, ლევი – ლიტერატურული წმინდა სამეული

წინა საახალწლოდ ფული მოვიმარჯვე და წიგნების მაღაზიებს შევესიე. ბევრი ისეთიც ვიყიდე, წაკითხული რომ მქონდა, თუმცა სახლში, ხელქვეშ ქონის სურვილი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილზე, თან ჩემი უსუსური ეგოთი… მოკლედ ასეთი წიგნებია: უელბეკის ”პლატფორმა”, მარკ ლევის ”ეს რომ მართალი იყოს” და ბიოლის ”კლოუნის თვალთახედვა”.Image

საბოლოოდ ნაყიდ–ნაჩუქმა შემდეგი სახე მიიღო:

1) მიშელ უელბეკი – პლატფორმა (ნაყიდი)

2) ჰაინრიხ ბიოლი – კლოუნის თვალთხედვა (ნაყიდი)

3) მარკ ლევი – ეს რომ მართალი იყოს (ნაყიდი)

4) მარტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი (ნაყიდი)

5) ბორხესი – მოთხრობები (ნაყიდი)

6) ჰარუკი მურაკამი – ნორვეგიული ტყე – რუსულად (ნაყიდი)

7) ზაზა ბურჭულაძე – ნორმა – წერილები (ნაყიდი)

8) დენ ბრაუნი – დაკარგული სიმბოლო – რუსულად (ნაჩუქარი)

9) ხულიო კორტასარი – 62: A Model Kit – ინგლისურად (წაკითხული. ნაჩუქარი)

 

საკმაოდ სოლიდური სია გამოვიდა, რამაც ძალიან გამახარა, თუმცა უკვე თითქმის ყველაფერი შემომეკითხა 😦

ყურადღება კი განსაკუთრებით ლევიზე, პაჟიზე და მურაკამიზე მინდა გავამახვილო. მიყოლებით სწორედ ესენი წავიკითხე, იგივე თანმიმდევრობით და სამივემ ერთად რატომღაც ძალიან უცნაური, თუმცა სასიამოვნო განცდა დამიტოვა, თითქოს რაღაც ერთი დიდის სამი ნაწილი ყოფილიყოს, ექსცენტრიკული ტრილოგია. მიუხედავად ამისა სამივე სხვადასხვა ჟანრისაა, სხვადასხვა იდეაფიქსის მატარებელი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თემებზე დაწერილი.

 

 

მარკ ლევი – ეს რომ მართალი იყოს

 

”ეს რომ მართალი იყოს” ლევის ყველაზე გაყიდვადი და ყველაზე პოპულარული რომანია, თუმცა რატომღაც მე ”Où es-tu”–ით და ”La prochaine fois”–ით დავიწყე. მაგრამ ლევის ყველა ნაწარმოები კარგად გამოსდის, ასე რომ არსებითი მნიშნელობა არ აქვს რომლით დაიწყებ. ”ეს რომ მართალი იყოს” ფანტასტიკური რომანია კომედიის, დრამის და შექსპირის ელემენტებით (როგორც ოგუსტ ტრაპენარმა აღნიშნა). საერთოდ, არ მიყვარს სიუჟეტის აღწერა, ჩემი აზრით ეს სიამოვნება მკითხველს არ უნდა წაართვა – რაც უფრო შეუმზადებელი ხარ, რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო მეტი ზეგავლენა ექნება წიგნს და მით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ. თვითონ რომანი კი ერთი მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, ოღონდ სრულიად განსხვავებული სახის, რაც აქამდე დაუჯერებელი, წარმოუდგენელი იყო. ეს ახლა მე ვაქებ ასე, თორე ფრანგულ ლიტერატურას რომ გადაავლო თვალი, ექსცენტრიკულობა და დაუმორჩილებლობა არ აკლიათ. რომანს ჰეფი–ენდი აქვს, რამაც სავარაუდოდ სპილბერგის დაინტერესება გამოიწვია (2005–ში სტივენმა შეიძინა საავტორო უფლებები და იმავე წელს გამოვიდა ფილმი ”Just Like Heaven”, რიზ უიზერსპუნის და მარკ რუფალოს მონაწილეობით). Image

 მარტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი

 

ისევ და ისევ საფრანგეთი. თუმცა რა ვქნა, არ შემიძლია გაძალიანება. ეს ქვეყანა და მისი კულტურული აპოგეა უბრალოდ თავბრუს მახვევს. That’s all 🙂

”როგორ გავხდი იდიოტი” არის სასაცილო, ფილოსოფიური რომანი (სულ რაღაც 128 გვ). აქ მომიწევს სიუჟეტის ზოგადი მიმოხილვის გაკეთება – მთავარი გმირი, ახალგაზრდა ანტუანი დეპრესიაშია. ხვდება რომ ზედმეტად განათლებულია და ეს ინტელექტუალობა მხოლოდ ტვირთად აწევს, ასე რომ გადაწყვეტს შემსუბუქდეს, ყოველგვარ ცოდნაზე უარი თქვას და იდიოტი გახდეს. თავიდან გალოთებას დააპირებს, ბიბლიოთეკიდან უამრავ წიგნს წამოიღებს ალკოჰოლის შესახებ, ბარში მასწავლებელსაც აიყვანს და თითქოს ყველაფერი კარგად ეწყობა, მაგრამ როგორც კი კათხა ლუდის ნახევარს დალევს მძიმე ალკოჰლოური კომა დაემართება…. შემდეგ გადაწყვეტს თავი მოიკლას, თუმცა აქაც არაფერი გამოუვა. ხოდა ბოლოს და ბოლოს მიხვდება რომ საჭიორა გაიდიოტდეს… დანარჩენს აღარ ვიტყვი, თუმცა სათქმელი იმდენია.

წაიკითხეთ მარტენ პაჟი!

 Image

 ჰარუკი მურაკამი – ნორვეგიული ტყე

 

ჰარუკი მურაკამი თანამედროვე კლასიკოსია. იმდენად ბევრი ბესტსელერი აქვს დაწერილი, ჩამოთვლაც კი არ ღირს, თუმცა საქართველოში ”ნადირობა ცხვარზე”–ზე შეჩერდნენ, თითქოს მეტი არაა საჭირო. არადა სხვა იმდენად უკეთესი ნაწარმოები მოეძებნება. ერთ–ერთია მაგალითად ”ნორვეგიული ტყე”. ეს არის დრამა, რომლის მთავარი პერსონაჟი – ვატანაბე 60–70–იანების ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც კითხვა უყვარს და თავისი თანატოლებისგან განსხვავებით ფიცჯერალდს აღმერთებს. ამ წიგნზე იმდენია სალაპარაკო, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ამიტომ მგონი აჯობებს ისევ გავჩუმდე, თორე ათას იდიოტობას დავწერ. უბრალოდ ბოლო არ ვიცი რამდენი წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოები რომელმაც ამატირა. ძალიან მგრძნობიარე, თბილი, მელანქოლიური რომანია, მურაკამისეული დასასრულით.

ერთი რასაც დავამატებ – თუ ხელში ჩაგივარდებათ აუცილებალდ წაიკითხეთ!!!!Image

პომპიდუ Inc.

რეაქტიული მარტოობა,

დაძაბული,

გამოუთქმელი შიში შეხების,

საგნებთან,

საყვარელთან,

გაქრა.

 

ირაკლი ჩარკვიანი

 

1.

 

მე გრეგორი მქვია. დიდი ბაბუის საპატივსაცემოდ დამარქვეს. დიდი ბაბუა კავკასიის მთებში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, სადაც ტყვიებს გადაურჩა, მაგრამ ბრონხიალური ასთმა აიკიდა და ორმოცდახუთში ჯერ კიდევ პატარა ბებიაჩემს სულ ხველებით გადაეხვია. თან ტიროდა, თან შიგნეულობას ახველებდა. თხუთმეტი წელიც გაძლო და სამოცდაერთში ძილში გაიპარა.

იმედია სახელი მხოლოდ სიმბოლურია და არანაირ შთამომავლურ უბედურებას არ მოიაზრებს.

მე გრეგორი მქვია და ჩემი ბინის სახურავზე კარლსონები ცხოვრობენ. შუხა და სებასტიანი. უმაღლესი ხარისხის drug ქალაქში მხოლოდ მათ აქვთ. მაგარ მაყუთს შოულობენ, თუმცა ჩემს სახურავზე კი გაგორებულან, თავის დროზე სადარბაზოს სხვენის როლს რომ ასრულებდა. შუხა და სებასტიანი ფრანგები არიან, საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდნენ და უმალ hi-fi დრაგ დილერებად იქცნენ. შუხას ნამდვილი სახელი არ ვიცი, ასე გამეცნო და მეც არ ჩავძიებივარ. საერთოდ, ბარიგას არ უნდა ჩაეძიო, თორემ ხომ გაგიგიათ – თაგვმა თხარა თხარაო… ეგრე დაგემართება. ხოდა დავსევდიანდები, ჩარკვიანს ჩავრთავ და კარსლონებიც ფანჯარაზე მომიკაკუნებენ, ელესდე ხო არ გინდაო. კი, მინდა–მეთქი, თავს ვუქნევ და ჩამოძრომაში ვეხმარები. სებასტიანი ლილიპუტია, შუხაც, მარა მასზე ამას ვერ იტყვი – უბრალოდ ზედმეტად დაბალიაო, ჩაილაპარაკებ და გზას განაგრძობ.

დღეს ფანჯარაზე არ მოუკაკუნებიათ, ეტყობა საქმეებზე არიან. დრაგ დილერობა ჰაი–ჰარალე სამუშაო კი არაა, ბევრი რაღაც სჭირდება, მაგალითად: კვაჭობა. შუხამ და სებასტიანმა არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ კვაჭები კი არიან.

მე გრეგორი მქვია და მწერალი ვარ. ასე ფიქრობენ სხვები, მე კი მხოლოდ ვწერ. ლექსი არ გამომდის, ამიტომ პატარ–პატარა მოთხრობებს ვაკოწიწებ, რომლებსაც არასდროს მიბეჭდავენ. Drug მეხმარება დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ, ანუ არარაობა და მომწონდეს ასეთად ყოფნა.Image

ილუზიებისკენ ვერ ვიქაჩები, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ისედაც ილუზიაა და ემდემას ერთი უბრალო ტაბლეტი, ვარდისფერი ღიმილაკი აბა როგორ გამაბეკონებს?!

თორმეტი ხდება, მზე კიდე არ ჩანს. როგორ შეიძლება ახლა ეს? გაგანია აგვისტოში…

კარლსონებს ველი.

 

2. 

როგორც ჩანს ჩამეძინა, რადგან ფანჯარაზე ბრახუნამდე არაფერი მახსოვს. ზანტად ვდგები, ფლოსტებს ვეძებ და თითქმის ერთწუთიანი ფეხების ცეცების შემდეგ ვხვდები, რომ სჯობს დავიხარო და ისე განვაგრძო ძებნა. მაინც ვერ ვპოულობ. ფეხშიშველი მივდივარ ფანჯარასთან, ფარდას ვწევ და სებასტიანს გადმოსვლაში ვეხმარები.

– შუხა სადაა?

– მოვა

– ახლა?

– არა. ცოტა მერე.

– რა პონტში?

სებასტიანი სავარძლისკენ მიბაჯბაჯებს და კენგურუს ნახტომით შიგნით ეფლობა. დივანზე გავგორდი და გულდასმით დავაკვირდი. ანერვიულებული მომეჩვენა, თუმცა შეიძლება სულაც ვცდები. უფრო ალბათ ვცდები. ახლა უკვე ბედნიერი ჩანდა.

– რა გაქვს?

– ყველაფერი, – ჩაიცინა მრავლისმეტყველად.

მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ჩემოდანიც თან ჰქონდა. ხელები აათამაშა, შესაკრავები აატკაცუნა და ჩემოდანი მაგიდაზე გაშალა. ახლოს მივიწიე და წარწერებიან სექციებს დავაკვირდი. როგორც უკვე აღვნიშნე ბეკონი არ ვარ, ამიტომ დიმეთილტრიპტამინი უმალ გამოვრიცხე. ოოო, აი 2C-B–ზე კი (4–ბრომ–2,5–დიმეტოქსიფენეტილამინი) ღირდა დაფიქრება. თან მითუმეტეს როცა იცი, რომ უმაღლესი ”ციმბირი” მხოლოდ კარლსონებს აქვთ. ემპათოგენებიც აქვე იყო – მეფედრონი ლამაზ პაკეტში ეყარა და ერთი შეხედვით პურის ფქვილს ჰგავდა, ოღონდ რამდენიმე ასეულ დოლარად ღირებულს. პერვიტინის შეკვრა ავიღე და სინათლის შუქზე გავხედე – ფერადი ტაბლეტები კოსმოსში მიმოფანტულ პლანეტებს მაგონებდა. ერთი სექცია მარტო ემდემათი გაევსო. ვიფიქრე ერთ ცალს ავწაპნი–მეთქი, მაგრამ სებასტიანის გამჭოლი მზერა დავაფიქსირე და გადავიფიქრე. ერთი აბი ჟალკი ექსტაზი ქალაქის საუკეთესო დრაგ დილერთან კონფლიქტად ნაღდად არ მიღირს. ”მოსაწევებში” გადავინაცვლე და საქვეყნოდ ცნობილ Salvia divinorum–ს როგორც კი თვალი მოვკარი, ეგრევე საფულეს დავუწყე ძებნა. სულ არ მანაღველბდა ძებნის გაგრძელების შემთხვევაში Ipomoea violacea (”დილის დიდება”) შემხვდებოდა თუ Diplopterys cabrerana. Image

– რამდენი? – ხელში პაკეტი ავათამაშე.

– რვა.

– ნაცნობობაში?

– ცხრა.

– მიდი რა, ძმურად. შვიდი.

– რვა–მეთქი!

– ახლა არ მაქვს მაგდენი.

– რამდენი გაქვს?

– შვიდი.

– შვიდნახევარი.

შვიდნახევარი გადავთვალე და ჩემოდანში ჩავდე. სებასტიანმა თავისკენ შეატრიალა, ფული უღიმღამოდ გადაითვალა და ჯიბეში იკრა.

– არ მენდობი?

– კი, გენდობი.

– აბა რაღას ითვლი?

უკვე გვიანი იყო – სებასტიანი რაფაზე აძვრა და ჩამოგდებულ თოკზე ცოცვა–ცოცვით სახურავისკენ გაემართა. გარეთ გავიხედე და ავძახე:

– აბა შუხა მოვაო?

– რა ვიცი!

– რა ”რა იცი”?

– ხო ხედავ, არ მოვიდა!

და თოკიანად სხვენზე გადაგორდა.

 

3. 

მე გრეგორი მქვია და სარკეში ჩემს თავს ვუყურებ. ზედმეტად ჩვეულებრივი ფიზიონომია ნერვებს მიშლის. შრამი მაინც მქონდეს, თუნდაც ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის, ან წარბთან. როცა გაუპარსავი ვარ ალანს ვგავარ hangover-იდან, როცა გაპარსული – არავის. ზოგადად, არავინ ვარ. ოჯახთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ გავწყვიტე. შეყვარებულთან უგანდონოდ ვჟიმაობდი და როცა აბორტის ფულისთვის მომაკითხა კარები არ გავუღე. მას შემდეგ არ მინახავს. არც ის ვიცი ნაყოფი მოიშორა თუ დაიტოვა. მე არარაობა ვარ. ერთ–ერთი რიგითი წერტილი მრავალგვერდიან წიგნში. დამჭერი ჭვავის ყანაში, ოღონდ ბავშვების ნაცვლად უსიამოვნებებს ვიჭერ. ჟურნალ ”კინო XXI”–ში ვმუშაობ – ყოველკვირა ახალ–ახალ რეცენზიებს ვაცხობ. ვცდილობ გამოსავალი ფილმებში ვიპოვო, თუმცა რეალურად ჰანეკე და ლარს ვონ ტრიერი ვერაფერში დაგეხმარებიან. საკუთარი პრობლემები თვითონ უნდა გადაჭრა – ერთადერთი სამართლიანი დასკვნა, რომელიც პირადი გამოცდილებიდან გამოვიტანე. მეშინია გეორგ ტრაკლის ბედი არ გავიზიარო, ან ჰარი გოლდფარბის. ამ ბოლო დროს სულ რაღაცის მეშინია – მეშინია ჭერი თავზე არ ჩამომემხოს, წყლის მილი არ გასკდეს და არ დავიხრჩო, მტრებმა არ გამასაღონ (მტრები არ მყავს!). თუ ასე გაგრძელდა ალბათ კეტამინით გაჭყეპილ გიჟს დავემსგავსები.

ტელევიზორს ვრთავ და მაგიდიან აღებულ Salvia divinorum–ს პირში ვიჩრი. პირველი ნაფაზი ყოველთვის ყველაზე ძლევამოსილია. არ ვიცი შეიძება თუ არა ეს იგრძნო, მაგრამ გუგები მიფართოვდება. ვრბილდები. ვსუბლიმირებ. თითქოს ჩონჩხი გაქრა. ძვლებს ვერ ვგრძნობ, ვიწელები, როგორც ჰარი პოტერი ”ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახში”. ფენა–ფენა ვიკეცები. მაგრამ ბედნიერი ვარ. ეს ყველაფერი ბუნებრივია. ასეც უნდა იყოს. ნამდვილად. ყველა ვარიანტში. მე ხომ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. ეს ნამდვილად დავიმსახურე.

 

თვალებს ვახელ. თითქმის ბოლომდე ჩამწვარი, მაგრამ უკვე ჩამქრალი ჰალუცინოგენი ხალიჩაზე აგდია. მიხარია, ცეცხლი რომ არ გაჩნდა. თავი მტკივა. ხელს კეფაზე ვიდებ. ეტყობა დაცემისას რამეს დავარტყი. დივანს ვეყრდნობი და სამზარეულოში გავდივარ. საშინლად მშია. პირველად ამდენი წლის განმავლობაში. მაცივარს ვაღებ და ცოტა ხანი გარეთ გამოსული ცივი ჰაერის ნაკადით ვტკბები.

მაცივარი ცარიელია.

 

4.

მე მიყვარს ჰალუცინოგენები. მე მიყვარს ემპათოგენები. მე მიყვარს პეპლები. მე მიყვარს დედა. მე მამამ ოთხი წლის ასაკში მიმატოვა. მე არ მიყვარს მამაჩემი. მე მიყვარს შოკოლადი. მე მიყვარს გოლფის ყურება. მე მიყვარს ფილმები, მერილ სტრიპის მონაწილეობით. მე მიყვარს კინო. მე მიყვარს ღმერთი. მას მე არ ვუყვარვარ. მე მიყვარს ანა. მე მიყვარს ჩვენი დაუბადებელი (ან დაბადებული) ბავშვი. მე მიყვარს ახალი პამპერსის ხელში ჭერა. მე არ მიყვარს მათი გამოცვლა. მე არ ვიცი მათი გამოცვლა. მე მიყვარს უკვე გამოყენებული და გადაგდებული ტამპონების ყურება და მასტურბაცია. მე მიყვარს Animal planet. მე მიყვარს Discovery. მე მიყვარს Fox. მე არ მიყვარს CNN. მე არ მიყვარს პოლიტიკა. მე მაინც პოლიტიკოსი ვარ. მე მძულს ჩემი თავი და ვიცი ოდესმე ჩემი თავიც შემიძულებს მე. მე მიყვარს ბურბონი. ბურბონს არ ვუყვარვარ მე. ბარმენი ჩემზე გიჟდება. ტუალეტების დამლაგებელი ვერ მიტანს მე. მე მიყვარს კერუაკი. მე მიყვარს ბეროუზი. მე მიყვარს დეტექტივები. მე მიყვარს ნიჰილიზმი, თუმცა მას ჩემთვის ჯერ სარგებელი არ მოუტანია. მე ფილოსოფსი ვარ. მე სოკრატე ვარ. ან შეიძლება მე უბრალოდ ფალოსოფოსი ვარ. მე სოკრატ(ყლ)ე ვარ.

მე ცოცხალი ვარ და სწორედ ეს მაღიზიანებს.

 

 5.

Salvia divinorum–ის პაკეტი ჯერ კიდევ სავსეა. კარადის კარებს ვაღებ და ბონგი გადმომაქვს. ცივი წყლით შუამდე ვავსებ. რაღაც დამპალის სუნი მცემს. შუადღიდან მოყოლებული. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, არომატიზატორი გავასხი და ეგ იყო. ახლა კი… პირდაპირ ტვინში მირტყავს. Image

ფანჯარას ვაღებ და ზემოთ ვიხედები.

– შუხა!

არავინ მპასუხობს.

– სებასტიან!

ისევ სიჩუმე.

– შუუუხააა! სებასტიააან!

სებასტიანმა გადმომხედა.

– რა ხდება?

– გეძინა?

– ხო.

– ჯერ შვიდი საათია.

– რა გინდა?

– გახრწნის სუნი არ გცემს? თითქოს რაღაც ლპება.

– არაა.

– მართლა? იქნებ მანდ კატა მოკვდა.

– კატა?

– ხო, კატა. მიაუუ!

– რა უნდა აქ კატას?

– რავი, ეგენი სახურავებზე არ დატასაობენ?

– ალბათ.

– შუხა სადაა?

– სძინავს.

– თქვენ ვერა ხართ, რა!

არაფერი უპასუხია.

– სებასტიან.

– ხო.

– თქვენს ფირმას სახელი რატო არ ჰქვია?

– ვინ ”ჩვენს”?

– შენი და შუხას.

– ფირმა არა ის…

– ფირმაა, აბა რა არის. მთელი ქალაქი თქვენზე დგას.

– შარზე ხარ!

– მე მოვიფიქრე მაგარი სახელი: ”ფხვნილ დე ნაპოლეონ”.

– მოდი რა.

– რატო, ცუდია? ან მაგალითად: ”French bliss”.

– წავედი მე.

– ეს ვაბშე ყველაზე მაგარია: ”პომპიდუ Inc.”.

– პომპიდუ რა პონტში?

– ანუ თქვენ ხო ხელოვანები ხართ, ხალხის სამსახურში…

– მგონი Salvia გადაამეტე.

– არა მგონია. შუხა ცუდად ხო არაა?

– არა–თქო, სძინავს!

– და სუნი მართლა არ გცემს?

სებასტიანი შიგნით შებრუნდა.

სანთებელას ვიღებ და ღეროში ჩატენილ ჰალუცინოგენს ცეცხლს ვუკიდებ. კვამლი ჯერ წყალში ჩადის, ბუშტუკები ზემოთ მოდიან, როგორც გაზიან სასმელებში.

ღამდება.

 

6. 

ოთხი წლის რვა ნოემბერს გავხდი და თითქოს დათქმული თარიღიაო მამაჩემმა აიღო და საყვარელთან ერთად უკრაინაში დააწვა. მიუხედავად ამისა ერთხელ არ გამიგია დედას მასზე რაიმე ცუდი ეთქვას. რამდენიმე თვეში უკრაინიდან დაბრუნდა, რაღაცებზე ხელი მოაწერა და მშობლები უკვე ოფიციალურად განქორწინდნენ. სკანდალის და ისტერიკის გარეშე. დედა მუდამ დინჯი იყო, ყველაფერს ნაცრისფერი სათვალიდან უყურებდა და ამიტომ უაზრო ვიშვიშსა და თმების ბღუჯა–ბღუჯა გლეჯას მთელი ყურადღების შვილზე გადატანა ამჯობინა. მე, განებივრებული ლაწირაკი კი მადლობის ნაცვლად სულ უსიამოვნებებში ვეხვეოდი. მეოთხე კლასში მასწავლებელს შემოსვლისას ფეხი დავუდე და ისიც სპარსული ხალიჩასავით გაეფინა იატაკზე. ტვინის შერყევა მიიღო. სკოლიდანაც გამრიცხეს. ეგ კი არა, კიდე კაი საქმე სასამართლომდე არ მივიდა. მე რა, ისევ დედაჩემს მიაწვებოდნენ. მოკლედ, სკოლიდან გარიცხვით შემოიფარგლნენ. მეათეში ერთ–ერთ კლასელ გოგოს ხელი მოვხვიე, პირში ენა შევუცურე და შევთავაზე გოგოების ტუალეტში წავიდეთ–მეთქი. ისიც, სულელი, შუბლზემუწუკებდაყრილი, ბედნიერებისგან გაბრწყინდა. თუმცა მე არ დამავიწყდება მაინც რაღაცნაირი, ბედნიერებისგან და საერთოდ ყველაფრისგან შორს მდგომი გამოხედვა, როცა ტრუსი გავაძრე და მასში შევედი.

Image

ეს ამბავი ჩვეულებრივ გადაივლიდა, იმ ჭორიკანას მთელი სკოლისთვის რომ არ მოედო გრეგორისთან სექსი მქონდაო. კიდე კაი მოვტვინე, დედაჩემი დავიყოლიე აქ სწავლა აღარ მინდა, მასწავლებლებს მაგრა ვკიდივართ–მეთქი და სხვა სკოლაში გადავედი.

ბანკეტზე არ წავსულვარ. ძირითადად ორი მიზეზის გამო: 1) არცერთი კლასელის მიმართ სულ მცირე პატივისცემის გრძნობაც კი არ გამაჩნდა და 2) იგივეს ვგრძნობდი მათი მხრიდანაც.

მამაჩემის საყვარელს ლუბა ერქვა. დიდი, ფაშფაშა ძუძუები და მიკროსკოპული ცხვირი ჰქონდა. დროდადრო სკაიპით მელაპარაკებოდა, მეც ვიდეო თვალს ვთიშავდი, გაფუჭებულია–მეთქი, ვეუბნებოდი და ჩუმად ვანძრევდი. ლუბა ცუდი ქალი არ იყო, თუმცა ჩემს თვალში მაინც ოჯახის დამანგრევლად რჩებოდა. ერთი–ორჯერ ყველას მალულად ასი დოლარი გამომიგზავნა. ახლა უკვე აღარ მახსოვს რაში დავხარჯე მაშინ ის ფული.

სამი წლის წინ ლუბა მარკეტიდან დატვირთული გამოვიდა, სავსე პარკები მანქანაში ჩააწყო და ის იყო ჩაჯდომას აპირებდა, მოტოციკლისტი დაეჯახა. თავის ქალა ორად გაიპო. მომენტალური სიკვდილი.

მას შემდეგ მამამ რამდენჯერმე სცადა დედასთან შერიგება, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო – უშედეგოდ.

ანა ორი წლის წინ გავიცანი. აღარ მახსოვს სად. მგონი, მეგობართან. ის კი მახსოვს, მობილურის ნომერი რამდენი ხნის back-breaking labour–ის შემდეგ დავტყუე. ერთი კვირა არც მპასუხობდა, მერე კი თვითონ მომწერა. ერთად ვისადილეთ და ჩემთან ავედით. მე ანა მიყვარდა. და მიყვარს. ანას მე ვუყვარდი. ახლა არა მგონია. ჩვენ სექსი გვქონდა.Image

უპრეზერვატივოდ. ეს უფრო ჩემი ბრალია. წინდახედული არც არასდროს ვყოფილვარ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნები. აბორტზე შევთანხმდით. მერე არ ვიცი რა დამემართა, ეტყობა შემეშინდა, ან ბავშვი შემეცოდა. მეც ჩავიკეტე და ერთი კვირა არსად გავსულვარ. ანა კარებზე მიბრახუნებდა, მობილურზე, სახლის ტელეფონზე მირეკავდა, მე კიდე არ ვპასუხობდი. მერე დედაჩემს ფული ვესესხე და ორი თვით თურქეთში, ძმაკაცთან წავედი საცხოვრებლად. მას შემდეგ ანა არ მინახავს. არ ვიცი ბოლოს და ბოლოს გაიკეთა თუ არა აბორტი. როცა სახლში დავბრუნდი, ტელეფონზე შეტყობინებების ტევა არ იყო. ძირითდად ანას მუქარები. პირველი ოცი შეტყობინების შემდეგ აპარატი კედელს მივალეწე.

ანა მე ახლაც მიყვარს. მთელი გულით.

თუმცა მას შემდეგ შვიდას ოცდაათი დღე, ანუ ჩვიდმეტი ათას ხუთას ოცი საათი, ანუ მილიონ ორმოცდათერთმეტი ათას ორასი წუთი, ანუ სამოცდასამი მილიონ სამოცდათორმეტი ათასი წამი გავიდა.

 

 7.

TV 1000–ზე ”ვერონიკას ორმაგ ცხოვრებას” ვუყურებდი ფანჯარაზე რომ დააკაკუნეს. უკვე თითქმის ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ სადარბაზოში ან კატა, ან ძაღლი, ან თაგვი მოკვდა. სუნთქვა შეუძლებელი ხდებოდა. ფანჯარასთან მივედი და თოკზე უსუსურად დაკიდებული სებასტიანი სახლში შემოვუშვი.

– წამო.

დივანზე დავჯექი და ფეხი ფეზე გადავიდე. სებასტიანი ჩემს პირდაპირ, ხის მაგიდის მეორე მხარეს, სკამზე აბობღდა და ჩემოდანი მუხლებზე დაიდო.

– ხო მშვიდობაა? – ვკითხე და ტელევიზორი გამოვრთე.

– რას უყურებდი? – შემომიბრუნა კითხვა.

– არაფერს. ხო მშვიდობაა?

– კი… კი…

– რაღაც იჭედები.

– საფრანგეთში ვბრუნდები.

– მარტო შენ?

– მე და შუხა.

– აბა ”ვბრუნდებიო”?

– ”ვბრუნდებით” ვთქვი.

– არ გითქვამს.

– მოკლედ, მე და შუხა მივდივართ.

– და რა მოხდა?

– მომბეზრდა აქაურობა.

– მეც.

– წამო მერე.

– აბა როგორ… – გავშალე ხელები, იატაკიდან ბონგი ავიღე და ნაფაზი დავარტყი.

– რაღაც საქმე მაქვს შენთან.

– ჩემთან?

– ხო.

– ხო მოგეცი ფული, რაღა გინდა!

– არა, არა. სხვა საქმე.

– გისმენ.

სებასტიანმა თითები ჩემოდანზე აათამაშა და თვალებში მომაშტერდა. ბონგი ისევ იატაკზე დავდგი. გარეთ წვიმდა.

– გამომართვი, – ჩაიდუდღუნა სევდიანად, თითქოს ეს–ესაა საკუთარი შვილი შავ ბაზარზე გაყიდაო და ჩემოდანი ჩემსკენ გამოასრიალა. გავხსენი. თითქმის იგივე მდგომარეობაში იყო როგორც გუშინ, Salvia divinorum როცა ვიყიდე.

– რა არის ეს?

– ვერ ხედავ?

– კი, მერე?

– შენია.

– ჩემი რა პონტში?

– გაძლევ, რა!

– მეღადავები?

– ღადავისტს ვგავარ ახლა მე?

– მე რა უნდა ვუქნა ამას?

– რაც გინდა. შეგიძლია ცოტა ხნით, სანამ გათავდება ბიზნესი წამოიწყო, თან მანდ სულ ახლახან ჩამოტანილი ტენამფეტამინი MDA და უმაღლესი ხარისხის კალეა ზაკატეჩიჩი დევს, მაგარი სპროსი იქნება. ან შენთვის დაიტოვე. რაც გინდა, ის უქენი.

– მე რატო მაძლევ?

სებასტიანმა თავი დახარა. როგორც ჩანს რაიმე სენტიმენტალურის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ ყველაფრისთის ტრაგიკული ელფერი რომ არ მიეცა ამჯობინა გაჩუმებულიყო, თუმცა მთლად უპასუხოდ არ დამტოვა. ერთი ესღა გადმომიგდო:

– აბა თვითმფრინავში როგორ ავიტან?..

არ ვიცი რატომ, მაგრამ ტირილი მომინდა.

– როდის მიდიხართ?

– ხვალ დილით.

– შუხა რატო არ ჩამოვიდა?

– რაღაც საქმეებზე დადის. ალბათ ჩამოვა მერე.

– ცუდად ხომ არაა?

– არა–მეთქი! კაი, წავედი, რაღაცეები ჩასალაგებელი მაქვს.

რაფაზე ავსვი. თოკს მიახტა და ზემოთ აბობღდა. დივანზე გავწექი, ჩემოდანი მუცელზე დავიდე და drug–ით სავსე სექციებს ხელი გადავატარე.

დრო: 11:00.

 

8. 

ბონგში ”ღვთიური ფოთოლი” ჩავტენე, ცეცხლი მოვუკიდე და თავი უკან გადავწიე, თვითონაც არ ვიცი რატომ.

კიდევ ერთხელ: მე არარაობა ვარ. არაფერი! მე ჯეიმს ვუდსი ვარ. ცოტაც და ოცდაათს მივუკაკუნებ, ღირებული კი არაფერი გამიკეთებია, რაც თუნდაც მე, არათუ ქვეყანას წაადგებოდა. ისტორიის ნაწილი ვერ გავხდი. აწი ალბათ ვეღარც გავხდები. სიდნეი შელდონი ხომ არ ვარ?

სამი წლის ასაკში კოსმონავტობაზე ვოცნებობდი, თექვსმეტი წლის – მწერლობაზე, ოცის – ისევ მწერლობაზე, ნილ არმსტრონგი კი ორი დღის წინ მოკვდა. გაუგებრობის ვაკუუმია. კისერზე კი წარუმატებლობის ვამპუმი მკიდია. ლექსის დაწერა შეიძლება, თუმცა ვიცი არ გამომივა. გრაფიკული რომანი უნდა დავწერო. ჰო, ჰო, მაგარი იდეაა. ბოლოს და ბოლოს დადგა დრო გრაფიკული რომანი საქართველოშიც გამოჩნდეს. ახლა ჩავუჯდები, რაიმე ხოშიან კონცეფციას შევიმუშავებ, მონახაზს გავაკეთებ, მერე ვინმე ვინტზე შემჯდარ მხატვარს დავეჩალიჩები, ნაბროსკებს გავაკეთებინებ და რომელიმე რედაქტორს გავუგზავნი. ეჭვი კი მეპარება ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, მარა რა იცი… თუ არ ცდი… ხომ იცით…

მგონი ყველასთვის უკეთესი იქნება თუ მოვკვდები. დედამიწაც სამოცდაათი კილოთი შემსუბუქდება.

Image

ახლავე… ახლავე… აი, უკვე ავდექი. ამ ბონგს თან ვერ გავიყოლებ, მენანება, აქ დავდგამ. არასდროს არ მომწონდა ეს ხორცისფერი ფარდები. ფანჯარას ვაღებ. ერთი ფეხი, ესეც მეორე… ოთხმოცდაათი გრადუსიც და ეგაა.

ნახვამდის.

 

9.

რაღაცის ღრჭიალი ჩამესმის. როგორც ჩანს ჩემოდანს მიახოხებენ. ნახევრად ამუშავებული გონება სებასტიანს მახსენებს. ალბათ უკვე მიემგზავრება, თუმცა ადგომის თავი არ მაქვს. მცივა. მგონი ფეხები გამეყინა.

როცა გავიღვიძე თორმეტი ხდებოდა. ამდენი ლოდინის შემდეგ მზემ როგორც იქნა გამოანათა. ეტყობა ბოლოს გონება დავკარგე და სასწაულებრივად არა წინ, არამედ – უკან გადავვარდი. ფეხები ჯერ კიდევ რაფაზე მქონდა შემოწყობილი. ნელა ავდექი, თავი მისკდებოდა. სამზარეულოში ზლაზვნით გავედი. ონკანიდან წამოსული წყალი სახეზე შევისხი. ეს სუნი ბოლოს მომიღებს. არა, შუხამ როგორ არ მნახა?

Salaud!

კვერცხი შევიწვი და მხოლოდ პირველი ლუკმის პირში ჩადებისას გამახსენდა რომ მარილი არ მაქვს. ერთადერთი სასარგებლო რამ, რაც მამაჩემმა მასწავლა ესაა არსებულით დაკმაყოფილება, ასე რომ ალაგ–ალაგ გაშავებული ყვითელი მასის ღეჭვა განვაგრძე.

ვისაუზმე თუ არა სახურავისკენ გავემართე. თუ არ გავარკვიე ეს ამაზრზენი სუნი საიდან მოდის ტრაკლივით კი არა ვინმე ეთან რობშტეინივით წავალ ამ ქვეყნიდან. სველი ხელსახოცი ცხვირზე მქონდა აფარებული ხის დამპალ კარებს მხრით რომ მივაწექი და შიგნით შევედი. სიმყრალის შკალამ ალბათ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. თავბრუს ხვევას ვგრძნობდი. ეჭვი არ იყო – სუნი აქედან მოდიოდა. სვეტებად დაწყობილ ფერად ყუთებს გამოვცდი და იატაკსა და სახურავს შორის აღმართულ ხის მოზრდილ ნაჭერს შუბლით კინაღამ შევასკდი. კუთხეში რაღაც ნათელს მოვკარი თვალი და ფეხაკრეფით გავემართე მისკენ. სველი ხელსახოცი ვეღარ მშველოდა, სხეულის თითოეული უჯრედი ამ სიმყრალით გამეჟღინთა. ცისფერი საბანი აღმოჩნდა, რომლითაც აშკარად რაღაც დაეფარათ. კიდეში ხელი წავავლე და დავქაჩე. თავი ვეღარ შევიკავე – იქვე ვაღებინე. ვცდილობდი კუთხისკენ არ გამეხედა. საბნის ჩამოძრობისას გადმოვარდნილი კრემისფერი ბუთქა მატლი ჩემს ფეხებთან დაცოცავდა.Image

იქვე დავაჭყლიტე. ბლანტი სითხე, ასე ძალიან რომ ჩამოჰგავდა ჩირქს, რამდენიმე სანტიმეტრზე გაიწელა.

ჩემს წინ ჭიადახვეული შუხას გვამი ეგდო.

 

10.

სასწრაფოდ სახლში დავბრუნდი და პოლიციის ნომერი ავკრიფე. ოპერატორს ფაცხა–ფუცხით ავუხსენი სიტუაცია, თუმცა ეჭვი კი მეპარება ჩემს აბდა–უბდაში რაიმე გაეგო. ტუალეტში გავვარდი და სასწრაფოდ კბილები გამოვიხეხე. შუხას სუნი ფორებში ღრმად ჩამჯდარიყო. ტანსაცმელი გავიძრე და შხაპის მისაღებად მოვემზადე. ის იყო ცხელი წყალი წამოვიდა, რომ ზალაში მაგიდაზე გადაშლილი ჰალუცინოგენებით სავსე ჩემოდანი გამახსენდა. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. სასქესო ორგანო კინაღამ კარების სახელურს გამოვდე. ჩემოდანი დავკეტე და ირგვლივ მიმოვიხედე. სად უნდა წამეღო? ან რას ვნერვიულობ, მე ხომ არ მომიკლავს შუხა. თუმცა სახლს ყველა ვარიანტში გაჩხრეკენ. სავენტილაციო სისტემა გამახსენდა, სკამი კედელს მივადგი და იდაყვით ლუქი გავხსენი. ჩემოდანი ძლივს შეეტია. ხელით სიღრმისკენ გავაცურე და ლუქი ჩავკეტე.

კარებზე დააკაკუნეს. სკამი თავის ადგილას დავდგი და ჰოლში გავიქეცი.

კაკუნი განმეორდა.

კარები გავაღე. ჩემს წინ სამი პოცილიელი იდგა.

– გრეგორი..?

– დიახ.

აჯობებდა შარვალი ამომეცვა.