Category Archives: Uncategorized

ლოცვა აკვარიუმში (ჰაიკუები. vol 2)

*   *   *

ამბავი,

რომლის მოყოლაც

სხვანაირად შეიძლებოდა

*   *   *

მეორე კოვზი შაქარიც

და ჩაიმ

დაკარგა გემო.

*   *   *

შეხვედრა ტატუ-სალონში.

კანზე დალექილ წარსულს

ვერ ამოშლის სიკვდილი.

*   *   *

სანამ ნაძვის ხეს დავდგამდეთ,

თავს გარეთ ვყოფთ –

სუსხი ენებს გვიყინავს.

*   *   *

შეკითხვა საიტზე:

,,ხართ თვრამეტის?”

პირადობას ვერ ვპოულობ.

*   *   *

სავსე ტრანსპორტი.

მძღოლი მიღიმის –

ხურდა არ აქვს.

*   *   *

ასფალტზე ბავშვი აგდია.

საათს ვუყურებ.

სუპერმარკეტის კარები იღება.

*   *   *

კიბეებთან ეტლი დგას, –

თორმეტი საფეხური.

ვერავის ვხედავ.

*   *   *

მშიერი ძაღლი

პირში მიყურებს.

მუცელი მტკივა.

ლოცვა აკვარიუმში

თევზებმა წრე შეკრეს,

რაღაცას ელიან.

ჰაერი არ მყოფნის.

murals5

ჰაიკუები

*    *    *

ღამის პანორამა, –

ფოთლები ცეცხლში, ბავშვები – ირგვლივ.

აღარ თენდება.

*     *    *

პასუხი ესემესს,

რომელიც, ჯერ არ მოსულა, –

,,როცა იქნება…’’

*    *    *

გაფუჭებული პულტი

არხებს აღარ ცვლის.

შუქი წავიდა.

*    *    *

ახალი მეზობელი,

სქელი ხალიჩა, თორმეტი სკამი.

ცვლილებების მოლოდინში.

*    *    *

ცარიელ ფურცელზე,

ყავის ლაქასთან,

გამოჩნდა სიტყვა.

 

ზამთრის ჰაიკუ

არ ვიცოდი ყვავილების სახელები,

ახლა კი –

ჩემი ბაღი აღარ არის.

(ა. გინზბერგი)

ციკლიდან ,,რამდენიმე დასავლური ჰაიკუ”

მედიტაციისთვის

ტყეს მივაშურე –

ძალიან ციოდა.

(ჯ. კერუაკი)

eNyVo

ვეშაპი

…ვარსკვლავები აციმციმდებოდნენ, ან სულაც ღრუბლებში მიიმალებოდნენ და სიცოცხლე კვლავ გაგრძელდებოდა. დიახ, ასეც უნდა იყოს, შეუძლებელია ყველაფერი სამუდამოდ დასრულდეს.
ხულიო კორტასარი

თავი 1
ღრუბელი

შარვლების ჯიბეების გადმობრუნების მოსაწყენმა პროცესმა შედეგი გამოიღო და ,,X5’’-ის გასაღები Lang-ის ჯინსიდან გადმოვარდა.
12:41.
ლელას რადიკალურად შეცვლილმა ტონმა ცოტა არ იყოს აღმაშფოთა. რაღაც ზედაპირულად მელაპარაკა, უხალისოდ და ერთი სურვილით: წითელ ღილაკს როდის დააჭერდა თითს.
ლელა ახალ წელს გავიცანი, ბესოს, საერთო მეგობრის სახლში. რატომღაც არაშესაფერისი, ტერსენის ,,L’Absente’’ ჩაერთოთ და მოწყენილობის მდინარე კალაპოტიდან გადმოდიოდა. ზალაში მიმოფანტული ხალხის ნახევარი შემხმარი ღიმილით და დამძიმებული ქუთუთოებით დააბოტებდა აქეთ-იქით… დივანზე ვიჯექი და უხარისხო არაყს ვწრუპავდი, ლელა რომ გვერდით მომიჯდა. დიალოგი მან წამოიწყო, საღამოს ერთგვარი ზოგადი მიმოხილვა გააკეთა. ათ წუთში დადგინდა, რომ: ,,ლედ ზეპელინს’’ და ,,ფლოიდებს’’ უსმენს, თუმცა ხასიათის შესაბამისად ლისტიც და ( ციტირება: ) ,,მისთანანიც გამოადგება’’. ლიტერატურაში, ისევე როგორც კინემატოგრაფიაში, ფენტეზი იზიდავს. ფავორიტი მწერლები: ბრედბერი, ვეჟინოვი და ლავკრაფტი. ფავორიტი რეჟისორები: სპილბერგი და ლუკასი. ფავორიტი ცხოველი: ჭიანჭველაჭამია. ნომრები გავცვალეთ და ყოველგვარი ,,გართულებების’’ გარეშე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ახლა კი ზედაპირულად დამიწყო ლაპარაკი.
დანიშნულ ადგილას, ,,ბურბონში’’ პირველზე მივედი. ლელა არ ჩანდა. ოთახის კუთხეში დავჯექი და ბარი შევათვალიერე. ბარმენი ენერგიულად დახტოდა აქეთ-იქით, თითქოს ბართან ნემსები დაუყარეს. სიგარეტის კვამლს ჭერთან ღრუბელი შეექმნა. კიდევ ცოტაც და ნიკოტინის წვეთები დამალბობს. ბაუმგარტნერის ,,Brahms Intermezzo’’-ს რომელიღაც მონაკვეთი ისმის, თან ისეთ დაბალ ხმაზე, კარგად რომ არ მიაყურადო უბრალოდ კუილის ხმა გეგონება. უსუნო კუილის. ბარმენს ვიღაც ბალნიანი მამაკაცი ელაპარაკება. პირდაპირ ბალანშია ჩადებული; თითქოს ჯერ თაფლის აბაზანა მიიღო და მერე თმებში იკოტრიალა. ყურებიდან, ცხვირიდან და სხვა ყველა ,,მცირე ხვრელიდან’’ ტყე-პარკია გადმოშლილი. სომეხს გავს. ან მაიმუნს. თეთრი პერანგით ხო საერთოდ გვერეცაა (Colobus guereza).
ბარის კარი ლელამ შემოაღო და ჩამქრალი თვალებით აქეთ-იქით მიმოიხედა. ხელი მაღლა ავწიე და ვანიშნე აქეთ-მეთქი. ჩემკენ დაიძრა.
– ჰაი, – მესროლა უხალისოდ.
,,ჰაი?’’ – პირველად მესმის მისგან! პასუხად ვუღიმი.
– რამეს ხო არ დალევ?
– არა, მეჩქარება!
– ლელა, რა ხდება?
– მივდივარ! – უხეშად გადმომიგდო.
– წადი მერე! – გამეღიმა.
– არა, ვერ მიხვდი.
– ხოდა ამიხსენი.
– ქვეყნიდან მივდივარ.
– რამდენი ხნით?
– სამუდამოდ…
ბაუმგარტნერი ,,ეისიდით’’ ჩაანაცვლეს. თბილი ჯაზი ოთახის ყოველ კვადრატულ მილიმეტრს მოედო.
– როდის გადაწყვიტე?
– უკვე დიდი ხანია.
– ანუ…
– ხო…
დიდხანს ვდუმდით. ლელამ ჩათვალა სათქმელი აღარაფერი იყო და ბარიდან გავიდა. დახლთან, კედელზე, ვეშაპის სურათი ეკიდა. თვალებში მიყურებდა…
ამიდგა!

თავი 2
რევოლუცია

ზოოპარკში წავედი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ბოლოს და ბოლოს პარკინგზე თავისუფალი ადგილი ვიპოვე. მანქანას ვაჩერებ. ზოოპარკში რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ. ბავშვობაში მუდამ მეშინოდა ცხოველების და კიდევ უფრო – გალიების. როცა დედას ხელჩაკიდებული დავყვებოდი გისოსებთან, წარმოვიდგენდი როგორ აღმოვჩნდებოდი შიგნით, როგორ მომახტებოდნენ მგლები, ვეფხვები, პანტერები. ჯერ ვეფხვი მომაჭამდა კიდურებს, შემდეგ პანტერა დამძიძგნიდა და ბოლოს მგელი გამათავებდა. მგლის ყოველთვის ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩემი აზრით სწორედ მგელი იყო ცხოველთა მეფე.
ამ რამდენიმე წელში ბევრი რამ შეცვლილა. მაშინ ეს ადგილი ,,სიკვილმისჯილთა კატორღების’’ ერთობლიობას ჰგავდა, ახლა კი მგონი ცხოველები თვითონ ითხოვენ აქ დამწყვდევას. ყველაფერი ისეთი ფერადი, ისეთი ,,ვარდისფერია’’, თავი ავტოქრომზე მგონია.
,,გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება!’’.
ისევ ძველი ავგიას თავლა მერჩივნა. ნაგავში, სიბინძურეში ჩაფლული კატორღა. მაშინ რეალური მაინც იყო ყველაფერი. ახლა კი საკმარისია ერთი საათი გაატარო აქ და უმალ ,,LazyTown’’-ის პერსონაჟად წარმოიდგენ საკუთარ თავს. ცხოველებიც რაღაცნაირად შეიცვალნენ. ტრივიალური მხეცებიდან თითქმის ჰომო საპიენსებად იქცნენ. გალიებიც ულტრათანამედროვედაა მოწყობილი. ყველაფერი ზედმეტად ხელოვნურია.
მაიმუნებთან გავჩერდი. კოატა (Ateles) მშვიდად, აუჩქარებლად მიირთმევს სნიკერსს, ვიღაცამ მალულად რომ მიაწოდა. ხალხი ენერგიულად აჩხაკუნებს ფოტოაპარატებს. კოატა ,,სნიკერსის’’ ჭამას განაგრძობს. მაგოტი (Macaca Sylvanus) მთელ ხმაზე გაჰკივის, – ფოტოაპარატების ჩხაკუნმა თუ შეაწუხა. კოატამ შოკოლადი გადასანსლა და ტუჩებზე ხელი ადამიანივით გაისვა. ამაზე ხალხი სულ გადაირია, – ათჯერ უფრო სწრაფად ააჩხაკუნეს ,,ქენონები’’. მაგოტი ჭერზე თოკით დაკიდებულ ბორბალს ჩამოეკიდა და მძიმედ ხტუნაობს მასზე. ობიექტივები უმალ მას იღებენ მიზანში და სინათლის არნახულ ნაკადს ასხივებენ. მაგოტი ხტუნაობას განაგრძობს. უეცრად გალიის ჭერი, რომელზეც თოკით ბორბალი იყო დაკიდებული, ჩამოიშალა და პრიმატიანად ძირს ხმაურით დაეცა. ჩხაკუნი შეწყდა. მაგოტი უმალ წამოხტა, გისოსებზე აცოცდა და ჩამონგრეული ნაწილიდან ,,საზოგადოებას შეერწყა’’. პანიკა ისე უცებ დაიწყო, ყველანი ისე მსწრაფლ აირ-დაირივნენ ერთმანეთში, მომხდარის გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. დავინახე როგორ დაახტა მაგოტი თავზე ერთ-ერთ ,,ქენონიანს’’. თმებში ხელი ჩაავლო და თავისკენ დაუწყო ქაჩვა. საცოდავს ღმუილი აღმოხდა. რამდენიმე მეტრში იარაღმომარჯვებული დაცვა გამოჩნდა. ცდილობდნენ მაგოტი მიზანში ამოეღოთ. ბრახ! – გაისროლა ერთ-ერთმა. ტყვია ასფალტმა აისხლიტა. ბრახ! – გაისროლა მეორემ და Macaca Sylvanus უგონოდ დაეცა ,,ქენონიანის’’ ფეხებთან. გახლეჩილი თავის ქალადან სისხლი შადრევანივით ასხამდა.

თავი 3
Skype Talk

Scoff33: ukureb tv-s?
Homoangel231: ho )))))
Scoff33: mere? ))))))))
Homoangel231: ra mere? Codoebi arian ((((
Scoff 33: codoebi? Kai ra…
Homoangel231: me shennairi homofobi ar var.
Scoff33: vin gitxra ro homofobi var?
Homoangel231: shen tviton ar ambob geebi ar mevasebao?
Scoff33: mere geebi adamianebi arian? :DDDD
Homoangel231: oh, please…
Scoff33: raa? Ar vambob martals?
Homoangel231: aba kvewarmavlebi arian?
Scoff33: tundac! Kai ra, bichi ro bichs trakshi tknavs, adamianad rogor unda agvikva?
Homoangel231: magari homofobi xar. Da magari goimi. XXI saukunea, tavisuflebis da demokratiis saukune, visac ra unda, imas aketebs.
Scoff33: au kai ra, ar ginda es bavshvuri laparaki. Vin tkva, sad weria ro XXI saukune radganaa bichebs sheudzliat trakshi itknauron.
Homoangel231: ok, shen sheni azri gakvs. Magram, magari goimuri.
Scoff33: ooo, dido adito! Magat prosta gamorcheuloba undat. Ras ver xvdebi? Vagantebic swored magas cdilobdnen.
Homoangel231: vagantebi raga shuashia?
Scoff33: tavshia… revolucia undodat, gamorcheulebi undodat kofilikvnen, tore su exatat rasac aketebdnen.
Homoangel231: vaimeee, exla dagartkav )))) wavedi raa mokled, mechkareba da mere vilaparakot.
Scoff33: sad midixar?
Sign out…

თავი 4
ბანზაი!

ზოოპარკიდან წამოსულს ქუჩაში აფრიკიდან ემიგრირებული, ამერიკაში გაზრდილი და შემდეგ როგორღაც აქ მოხვედრილი ნაცნობი, შავკანიანისთვის შეუფერებელი სახელით ჯოშუა შემხვდა. ვხვდები რომ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. არ ვიცი მისი ნამდვილი, აფრიკული სახელი, რომელიც ამერიკაში ჯოშუათი ჩაანაცვლა. მამა ნიუ-იორკშივე გარდაეცვალა პნევმონიით, დედა კი აქ, მასთან ერთად ცხოვრობს ოროთახიან ბინაში. ჯოშუა უსმენს ,,ქოლდფლეის’’ ( რაოდენ საეჭვოც არ უნდა იყოს ) და ბანტუსტანიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. გამართული ქართულით ლაპარაკობს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არაქართული აქცენტით.
– გამარძობა თემო, როგორ ხარ? – მიღიმის და მეგობრულად მეხუტება.
– საკაიფოდ, შენ?
– რავი ტო, ვარ რა…
– დედაშენი როგორაა?
– კარგად არი, მადრობა…
– წამო, ლუდზე დაგპატიჟებ.
– არა, არა, მადრობა… მეცქარება ეხლა, სვა დროს იყოს…
– ოქეი, მომავალ შეხვედრამდე მაშინ…
– აბა ჰე… – მიღიმის და გზას განაგრძობს.
ჯოშუაზე რატომღაც ლელა მახსენდება. მისი ჰოლივუდური ტანი, მკვრივი ძუძუები და ლოპესისეული ტრაკი. პირველად სექსი ნაცნობობის ერთი კვირის თავზე გვქონდა. მერე ცოტა ხნით იტალიაში წავედით, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ – ,,ვინდოუსის გადასაყენებლად’’. ვენეციაში ყველაზე მეტად ბარკაროლა მოეწონა; მეც იძულებული ვიყავი დღეში სამჯერ გონდოლებით აქეთ-იქით სრიალი მეთმინა. ერთ დღეს ავიეტით ვიფრინეთ. ლელა ისეთი ბედნიერი იყო, იმ დღეს მინეტი პორნო ვარსკვლავის ოსტატობით გამიკეთა.
ქუჩის კუთხიდან შიშველი მამაკაცი გამოვარდა. დედიშობილა მორბოდა და გაიძახოდა: ,,ბანზაი! ბანზაი! ბანზაი!’’.
ბანზაი?

თავი 5
Skype Talk 2

Scoff33: sad xar amdeni xani?
Homoangel231: vaimeee :DDDD ver warmoidgen garet ra xdeba :DDD
Scoff33: ra?
Homoangel231: vigac shishveli kaci darboda da ,,banzaio!’’ gaidzaxoda 😀
Scoff33: shishveli ra pontshi?
Homoangel231: dedishobila… trusikic ki ar ecva 😀
Scoff33: vo blya pizdeccc! :DDD sul dasirda es xalxi…
Homoangel231: au me magrad vigadave da… :DDD
Scoff33: :DDDD
Homoangel231: amoxval chemtan?
Scoff33: parents?
Homoangel231: sofelshi wavidnen dilit :****
Scoff33: okay, 3 minutes… :***
Homoangel231: see yaaa… pupsik :***el2
Sign out!

whale (1)

ჩაკ პალანიკი – კანიბალი

ეს ის არის. აი, ასე იქცევა ის, ,,წითელი გუნდის’’ კაპიტანი. ის ამბობს: ,,მისმინეთ’’. სასოწარკვეთილია, რადგან ისინი ჯერ კიდევ მხარეებს ირჩევენ. რადგან უკვე ყველა კარგი არჩევანი გაკეთებულია, კაპიტანი ამბობს: ,,მოდი შევთანხმდეთ’’. ხელებს გულზე იჯვარედინებს და ,,წითელი გუნდის’’ კაპიტანი ამბობს: ,,პიდარასტს ავიყვანთ, ოთხთვალას და სპიკს* – თუ თქვენ კანიბალს წაიყვანთ’’. ,,ლურჯი გუნდი’’ თათბირობს, მათი ფეხის თითები სპორტ-დარბაზის იატაკზე ტკაცუნობს. მათი კაპიტანი საპასუხოდ ყვირის, ,,ჩვენ ავიყვანთ პიდარასტს, ოთხთვალას, სპიკს, ებრაელს, ინვალიდს, ყბედს და ჩლუნგს, – თუ თქვენ კანიბალს წაიყვანთ’’.

     იმიტომ რომ, ამ სკოლაში, როცა ჩართულობას აფასებენ, გულისხმობენ: ,,იღებთ მონაწილეობას სოციალურად უარყოფილთა ცხოვრებაში?’’ ხოლო როცა სპორტულობას აფასებენ, გულისხმობენ: ,,ახდენთ ალტერნატიულად განვითარებულების მარგინალიზაციას?’’ ამიტომ ,,წითლების’’ კაპიტანი ყვირის: ,,100 ქულის ფორას გაძლევთ’’. გაიგონებს რა ამას, ,,ლურჯი გუნდის’’ კაპიტანი საპასუხოდ ყვირის, ,,მილიონ ქულას გაჩუქებთ’’.

     კანიბალი, ის ფიქრობს თუ რა სიმპათიურია, რადგან თავისი ფრჩხილებით ტკბება, იღიმის და უბრალოდ ყნოსავს მათ და წარმოდგენაც არ აქვს რომ ყველანი მძევლებად ჰყავს აყვანილი. როგორ განსხვავდება ეს ყველაფერი მონათა აუქციონისგან. და ყველამ იცის რას ფიქრობს ის. იმის გამო რაც მარსია სანდერსმა მოყვა.

     იმიტომ რომ კანიბალი ფიქრობს რაღაც ფილმზე, რომლის მონაკვეთიც თავში უტრიალებს, – რომელიღაც შავ-თეთრი ფილმი, საკაბელოზე რომ ნახა.

     ფილმში იმ დროინდელი ოფიციანტები რომელიღაც გზის განაპირა კაფეში, მაგიდიდან კარტოფილიან რაგუს ჭამდნენ. იმიტომ რომ კანიბალი ფიქრობს, როგორ აღლაჭუნებდნენ საღეჭ რეზინებს ეს ოფიციანტები, ბუშტებს ბერავდნენ და სკვლეცდნენ. აღლაჭუნებდნენ და გაჰყვიროდნენ: ,,ხორცი შეწვი ტაფაზე, სისხლიანად’’. ყვიროდნენ: ,,პირველი ლედის შეკვეთა ნერვული პუდინგით’’. ადვილი მისახვედრი იყო რომ ,,ის დრო’’ იყო, რადგან ,,პაშოს’’ ტოსტზე ,,ადამი და  ევა ბორანზე’’-ს უწოდებდნენ. ,,პირველ ლედის’’ კი შემწვარ ნეკნებს ეძახდნენ, – იყო ბიბლიაში რაღაც მსგავსი. როცა უკვეთავდნენ ,,ევას სახურავით’’, მხოლოდ და მხოლოდ ვაშლის ნამცხვარს გულისხმობდნენ, იმ გველის ისტორიის გამო. იმიტომ რომ ახლა არავის, ნუ, ალბათ პეტ რობერტსონის გარდა, ედემის ბაღის შესახებ არაფერი სმენოდა. თუ ახლა ბეისბოლის გუნდის კაპიტანი ყვება რომ ბეწვის ჰამბურგერს ჭამდა, გულისხმობს რომ ნამცხვრის ღეჭვა და ვაფლში ენის ტრიალი მოუწია.

     იმიტომ რომ გოგოებსაც აქვთ თავისი საკვები: აი, მაგალითდ, ხომ ამბობდნენ რომ მარსია სანდერსს ღუმელში ფუნთუშა აქვს. ისინი გულისხმობდნენ რომ მან თავისი კალენდრის წითელი დღე გამაზა. სხვა ყველაფერი კანიბალმა სექსის შესახებ ,,ფლეიბოის’‘ არხიდან გაიგო, სადაც გოგოებს არასდროს აკითხავდნენ სტუმრად წითელი მანქანებით, ასე რომ როცა ბიჭები ბაასობდნენ იმაზე თუ როგორ შეექცეოდნენ მოლუსკებს ან ნამცხვრებს, მან იცოდა რომ ეს ნიშნავდა იმას რითიც ,,ბანიგერლზი’’ კავდებოდნენ თვის გოგოებთან – ნუ, როგორც გველი Animal planet-დან ენას ასისინებს და ყნოსვით ეძებს საკბილოს. იმიტომ რომ კანიბალი შეხვედრია იმ გოგოებს პოსტერებიდან. აი ისეთებიდან, რომელზე გამოსახული ექს მის ამერიკაც ბეწვის ჭიქიდან სვამს.

     აი ის უხამსი სურათები, მოლუსკების მოყვარულის რეპუტაციის დამამტკიცებელი საბუთები, რადგან აქ მხოლოდ ეს ორი ქალაბტონი იყო და ირგვლივ არანაირი სტეიკი, არანაირი მელოტი იოგურტმსროლელი, რომელიც ამ ყველაფერს ოდნავ მაინც დაამსგავსებდა ქორწინებას. იმიტომ რომ სწორედ ასე ემართებათ გოგოებს, როცა რეზინის გაღეჭვა მოუნდებათ. რადგან სხვა განმარტება არასდროს არავის შემოუთავაზებია, ის მზად იყო მარსია სანდერსის სველ ხვრელში კისრამდე ჩაფლობილიყო. და რადგან მისი მამა, მოხუცი მისტერ კანიბალი მხოლოდ ,,ფლეიბოის’’ არხს უყურებდა, დედა – მისის კანიბალი კი მხოლოდ ,,ქრისტიანულ არხს’’ ცნობდა, მათი ბავშვისგან ვერ დაიმალა რამდენი მსგავსებაა სექსსა და ქრისტიანობას შორის.

     იმიტომ რომ, როცა საკაბელოს ჩართავ სულ ასეა. ხედავ თითქმის ნატურალურ ანტურაჟში თითქმის მოთამაშე თითქმის ლამაზ გოგოს. კანიბალმა იცის რომ მისი ისტორია დამთავრდება იმით, რომ მას ანგელოზი შეეხება. ან ასე, ან მის სახეზე კონსერვირებული ბავშვების სოლიდური პორცია იდენს. ამიტომ, როცა ერთხელ მარსია სანდერსმა კანიბალი სამოქალაქოს კაბინეტში დაინახა, მას უკვე ამდგარი ჰქონდა. როგორც არ უნდა ეცადა ამის დამალვა მთელ სხეულზე თითქოს ჭიანჭველები დარბოდნენ, იმიტომ რომ ზუსტად ახლა იხსენებდა ყველა იმ მაგრობას, გზის განაპირა კაფეში რომ ყვიროდნენ. როგორც კათოლიკეები, რომლებიც საკუთარი ეკლესიის რიგში დგანან, რათა პატარა სარკმელში თავიანთი უხამსობების შესახებ მოყვნენ. იმიტომ რომ, რაც არ უნდა დაარქვა, უხამსობებისგან კანიბალს დორბლი სდიოდა. უმალ ნამცხვარს წარმოიდგენდა.

     საშუალო სკოლაში, როცა საზოგადოებრივ სამუშაოს აფასებენ, გულისხმობენ: ,,შენი საფეხბურთო კლუბის მხარდასაჭერად მატჩებზე მთელ ხმაზე ყვირიხარ?’’ როცა ბიჭები კანიბალზე ხუმრობენ, ისინი ლაპარაკობენ იმ შემთხვევაზე როცა მარსია სანდერსი გამოსაშვებ კლასში იყო. რადგან ის ასეთი იყო, კანიბალი ძველ ფილმზე ფიქრობს, ამონარიდი რომლიდანაც თავში კარუსელივით უტრიალებს, ის ზე-პოპულარული იყო, ასევე მთავარი ჩირლიდერი, კლასის პრეზიდენტი და საერთოდაც გემრიელი გოგო. და რადგან მას მეოთხე მეოთხედში გასაკეთებელი არაფერი ჰქონდა, სამოქალაქოს დავალებების გაკეთებაში კანიბალს დაეხმარა, რადგან ის მხოლოდ მეშვიდე კლასში იყო და მან იცოდა რომ იგი ,,არა’’-ს ვერ ეტყოდა, რადგან გარდატეხის ასაკით ერთიანად იყო შეპყრობილი. ის ამბობს: ,,ჩემი თმები მოგწონს, არა?’’ და თავს იქნევს, თმები უფრიალებს, როგორც სპაგეტი და ის აგრძელებს: ,,ამაზე გრძელი თმა ჯერ არ მქონია’’. ის ტონი, რომლითაც გოგო ამას წარმოთქვამს, გამომწვევად ჟღერს, იმიტომ რომ ყველაფერი გამომწვევად ჟღერს, რაც კი სექსუალური გოგოს პირიდან ამოდის.

     და რადგან კანიბალმა ჯერ კარგად არაფერი არ იცის, თანხმდება მარსია სანდერსთან რანდევუზე მისსავე სახლში, რადგან მისტერ და მისის სანდერსები უიკენდზე ტბაზე მიემგზავრებიან. ის მას მხოლოდ იმიტომ პატიჟებს რომ, ამბობს გოგო, მის ბოიფრენდს, სკოლის ყველანაირი სპორტის სახეობის გუნდის კაპიტანს, არ უნდა გაზსაწინააღმდეგო ნიღაბივით ჩამოიცვას. და აი, დგას ასე და ეკითხება: ,,ნამდვილად გინდა ჩემთან ერთად ამის გაკეთება, ბიჭუნი?’’ და რადგან კანიბალს არაფერი ესმის, პასუხობს: ,,კი’’. იმიტომ რომ ჯეფერსონის საშუალო სკოლაში როცა მოქალაქეობაში ნიშანს გიწერენ გულისხმობენ: ,,იბან ხელებს მას შემდეგ რაც მედღეურს შეეხები?’’ და რადგან კანიბალმა თითქმის არასდროს არ იცის რაზე ფიქრობს, შაბათს მარსია სანდერსთან მიდის და ისიც, მშობლების ოთახში, უზარმაზარ წყლის ლეიბზე თეთრეულს აწყობს. პირსახოცებს ორ ფენად ალაგებს და ეუბნება რომ თავი ზუსტად შუაში იყოს. ტანსაცმლის გახდას იგი არ თხოვს, მაგრამ კანიბალი ხვდება რომ ეს შემდეგ იქნება, რადგან გოგო ჯინსებს იხდის და სკამის საზურგეზე კიდებს, და ის კი ისე მისშტერებია მის ტრუსს, გოგო ეუბნება თვალები დახუჭოს.

     და რადგან კანიბალი მხოლოდ თავს აჩვენებს ვითომ არ უყურებს, ხედავს როგორ დგება გოგო მუხლებზე და აცნობიერებს რატომ ეძახიან იმას ,,პილოტის კაბინას’’. შემდეგ კი ვეღარაფერს ხედავს რადგან გოგო ფეხს სახესთან ჩაუქროლებს, ძირს ეხეთქება და მანამდე წრიალებს სანამ ოთახი აქეთ-იქით მისხმულ თევზის სოუსს არ დაემსგავსება, თუ მარსია სანდერსის წყალქვეშა ხმას არ ჩავთვლით, რომელიც ბრძანებებს იძლეოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ. კანიბალი წყლის მატრასშია ჩაფლული, ოკეანის ხმები ესმის. თმებიდან ტერფებამდე მთლიანი სხეული ირხევა, ესმის როგორც საკუთარი, ისე – კიდევ ვიღაცის გულისცემა. იმიტომ რომ მარსია სანდერსი… მისი ხმა საიდანღაც ბრძანებას იძლევა: ,,მომიწოვე, სულელო’’, – და ისიც უწოვს. რადგან ის ამბობს: ,,მიდი, მალე, მორჩი უკვე’’, ის ისე ცდილობს, გეგონება ნაიარევი უნდა დაუტოვოს საშოზე. კანიბალი, სინამდვილეში მებრძოლი სულაც არ არის, იმიტომ რომ როცა ბიჭები ამბობენ, რომ მისი ფეხები ხის კუნძებივითაა, ისინი ტირიფს გულისხმობენ. და როცა ,,ქრისტიანულ არხზე’’ თავიანთ ბედნიერ და შთამაგონებელ ცხოვრებაზე ლაპარაკობენ, ეს სულ სხვაა, იმიტომ რომ რაც უფრო ძლიერად წოვს კანიბალი, მით უფრო ძლიერ ითრევს რაღაც შიგნით. იმიტომ რომ ის გოგოს ნაწლავს ებრძვის ამ სიცარიელის გადაქაჩვაში. კანიბალი ატარებს მარსია სანდერსს, როგორც გაზსაწინააღმდეგო ნიღაბს, და მასში ინთქმება, როგორც გველის ნაკბენი, და გოგოს ბაყვები ისე ძლიერ უჭერენ ყურებზე, რომ არ ესმის მისი კივილი. იმიტომ რომ ,,ფლეიბოის’’ არხზე ყველა სწორედ ასეთ კივილამდე მიღწევას ცდილობს. კანიბალი შერცხვენილია, რადგან ნამცხვარს ტელევიზორში ზუსტად ისეთი სურნელება აქვს, როგორც დედამისის გაკეთებულს. იმიტომ რომ პილოტის კაბინა ტელევიზორში წინააღმდეგობას არ წევს. კანიბალი წოვს, როგორც ტორნადო ამინდის პროგნოზში, რომელიც ფანჯარას ჩაგიმსხვრევთ და სახლს გაგინადგურებთ. რადგან კანიბალს აქამდე აქ ენა არასდროს შეუყვია, ფიქრობს რომ წყლის ლეიბს გასდის, იმიტომ რომ ესმის როგორ ტკაცუნობს რაღაც თავში. ასე ტკაცუნობს რაღაც ყურებში როცა ცათამბჯენში ჩქაროსნული ლიფტით გადაადგილდები. ასე ტკაცუნობს მწიფე პომიდორი ან საღეჭი რეზინი.

     ის ხვდება რომ ლეიბი გასკდა, რადგან შემდეგ წუთს უკვე წყლით იხრჩობა, გემოთი ცრემლს რომ ჰგავს. იმიტომ რომ ეს წყალი, თითქოს ტემი ფეი ბეკერი ასი წლის განმავლობაში ტიროდა მის პირში, და რადგან კანიბალს აქამდე ნამცხვარი არასდროს არ გაუღეჭავს, ფიქრობს რომ გოგო მოკლა, რომლის შიგნეულობაც ახლა პირში ეღვრება. რადგან ის ჩუმადაა, როგორც მესატვირთოების კაფე. ყველაფერი ეს წამებში ხდება, მაგრამ რადგან მას ,,ფლეიობის’’ არხი ნანახი აქვს, კანიბალი ხვდება რომ ის აიძულა რამდენიმე ლიტრი ქალის სუპი გადმოენთხევინებინა პირდაპირ მის საჭმლის მომნელებელ სისტემაში. იმიტომ რომ მას უნახავს კლიპები, სადაც ქალები გეიზერებივით ასხამენ, როგორც ვეშაპები Animal planet-ზე, ან ის სახანძრო მანქანები, რომლებიც თავისუფლების ქანდაკებას რეცხავენ. იმიტომ რომ მას უნახავს როგორ იღვრება მათი სითხეები ყველივით ყვითელ ხალიჩაზე, რომლებიც ყოველთვისაა ,,ფლეიბოის’’ ფილმებში. კანიბალმა საკმარისად იცის ქალების სითხეების შესახებ, რათა არ გადმოაფურთხოს, რადგან არ არის იმაზე უარესი ხერხი ვინმეს შეურაცხყოფისა, ვიდრე არ გადაყლაპვა იმისა, რაც მოგცეს. რადგან მთელი მისი გამოცდილება საკაბელო არხით შემოიფარგლება, კანიბალი ვერ ამჩნევს რომ სითხეში რაღაც მყარიცაა. მაშინვე ვერა, ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ახლა მის ენასა და ზეცას შორის ეს დამარილებული მარცვალი დახტუნაობს. უფრო სწორად ლობიოს მარცვალი, გემოთი წყალს რომ ჰგავს, მჟავე კიტრის ბანკიდან. ის ხტუნაობს, როგორც ადუღებულ ზეითუნის ზეთში ჩაგდებული უკანასკნელი ზეთის ხილი. და რადგან ის ასეთი პატარაა, კანიბალი მას ყლაპავს.

     რადგან კანიბალს არაფერის ესმის, ამბობს: ,,შენ ეს გამოგივიდა’’. მარსია სანდერსი ჩანთიდან ახალ ტამპონს იღებს და ეუბნება: ,,გეფიცები თვითონაც არ ვიცოდი’’. ბლუზა ჯერაც არ გაუხდია და უკვე ჯინსებს იცვამს. კანიბალი მიმართავს: ,,ხომ გაათავე!’’ ის პირს აღებს, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ასწრებს, რადგან კარებზე ზარს რეკენ და ეს მისი ბოიფრენდია. კანიბალმა იცის რომ მაგარი ტიპია, რადგან მის გამო მარსია სანდერსმა ისე ძლიერ გაასხა, ,,ტაილენოლის’’ ჩადება მოუწია, ნაკადი რომ შეეჩერებინა. ამიტომ მარსია სანდერსს ლინდა რეინოლდსთან უნდა ეტრაბახა, რადგან ის კანიბალის გვერდით იჯდა ქიმიაზე და უნდა ეთხოვა, გახდებოდა თუ არა მისი ფარული ბოიფრენდიც. რადგან კანიბალი ასე ოსტატურად ღეჭავს ნამცხვარს, პატი უოტსონსაც მოუნდება ამის გაკეთება, რადგან მას შეუძლია ნებისმიერი სახის ბეწვიანი ბურგერის საჭირო დოზით სოუსით შეკაზმვა. იმიტომ რომ ქალის გულის მოსაგებად ყველაზე მოკლე გზა კაცის მუცელზე გადის. იმიტომ რომ კანიბალი თითოეულს აძლევს შანსს კიდევ ერთხელ იგრძნონ თავი ქალიშვილად. ის ყველას საერთო ჭუჭყიანი საიდუმლოა, თუმცა, პრინციპში – არც იმდენად საიდუმლო. იმიტომ რომ ის ბავშვი აღარ არის.

     რადგან კანიბალმა სულ უფრო მეტი იცის სხვის შეცდომებზე, მარსია სანდერსი ამბობს, რომ დროა მას მოაკეტინოს. ლინდა რეინოლდსი თვლის რომ დროა კანიბალს პროფორიენტაციის კოპრუსთან დახვდნენ პარასკევს საღამოს და თავს არამტურა ჩასცხონ, იმიტომ რომ კანიბალი რაღაც ზედმეტად იჭკვიანებს თავს იმის გათვალისწინებით რომ ზედმეტად დებილია, რათა გაიგოს რომ აბსოლუტური ბოროტებაა. იმიტომ რომ როცა კანიბალი აბოყინებს, ამის მიზეზი შენი გულისამრევი გემოა. ხოლო როცა ის აკუებს, – ეს შენი მშობლების გარდაცვლილი შვილიშვილების სუნია. იმიტომ რო, თუ პეტი რობერტსონს დავუჯერებთ, იესომ ერთხელ უწმინდური სეულების ლეგიონს უბრძანა შეპყრობილი სხეულის დაეტოვებინათ და ისინი ღორებში ჩასახლდნენ. და რადგან ამ ღორებს მოუწიათ კლდიდან გალილეის ზღვაში გადაცვენილიყვნენ, კანიბალსაც მოუწევს მოკვდეს. ეს ერთადერთი ღირსეული გამოსავალია სიტუაციიდან.

     იმიტომ რომ მღვდლებიც კი, რომლებიც თავიანთ კათოლიკურ ეკლესიაში პატარა სარკმლების მეშვეობით ცოდვებით იკვებებიან, ისინიც კი, როცა გაძღებიან, უნდა ოდესღაც წავიდნენ. აი, რატომ ეხვევა ხლაფოთში განტევების ვაცი. იმიტომ რომ თუ შენ გწამს ევოლუციის, სამყარო მხოლოდ ყვითელი აგურისგან ნაგები გზაა, ,,ტექნიქოლორით’’ ფოტოგრაფირებული, რომელზეც ყველანი ბედნიერად დახტუნავენ და მღერიან: ,,იმიტომ რომ, იმიტომ რომ, იმიტომ რომ, იმიტომ რომ, იმიტომ რომ’’.  ნამდვილი სიმართლე კი ძველ აღთქმაშია, სადაც დაკარგული შვიდი კოლენი წრეებზე ბურდღუნით დადიან: ,,გააჩინა, გააჩინა, გააჩინა, გააჩინა, გააჩინა’’. ამ ყველაფერს პლიუსიც აქვს, იმიტომ რომ კანიბალი შეიძლება სამოთხეში მოხვდეს, რადგან ის უბიწოა – თუ პირს არ ჩავთვლით. იმიტომ რომ ამ სკოლაში, ვინც არ უნდა აირჩიოს კაპიტანმა, ეს კანიბალი არ იქნება, რომელიც იმის განსახიერებაა, რასაც ოდესღაც ყველანი შევიმეცნებთ, და ჩვენ ვამბობთ: ,,მოგვეცით უსაფრთხოების ღვედები და მოგვეცით მამტესტი** და ჩვენ თანახმა ვართ სიღარიბეზე, სიბერეზე, ოღონდ კანიბალი ჩენს გვერდით არ დააყენოთ.  არ არის საჭირო რომ მისი ჩრდილი ჩვენს სახლზე დაეცეს’’.

     მოთამაშეების არჩევისას, ,,წითლების’’ კაპიტანი იტყვის: ,,ჩვენს საუკეთესო პიტჩერს მოგცემთ…’’. და ჩვენ დავთანხმდებით და ავიყვანთ ბიჭს, რომელიც ცხვირში იქექება და ჟღვინტლებს ჭამს. ავიყვნათ იმ ბიჭსაც, რომელსაც ტუალეტის სუნი ასდის. ავიყვანთ კეთროვანს, და ცაცია სატანისტს, და შიდსიან ჰემოფილიკს, და ჰერმაფროდიტს, და პედოფილს. ჩვენ დავთანხმდებით ნარკომანიას და JPEG ფორმატის სამყაროს ჩვეული სამყაროს ნაცვლად, mp3-ს მუსიკის ნაცვლად, და ნამდვილ ცხოვრებას კლავიატურასთან ჯდომაში გავცვლით. ბედნიერებისა და ჰუმანურობის ფორას მოგცემთ და გულკეთილობასაც გავიმეტებთ, ოღონდ კანიბალი თქვენთვის დაიტოვეთ.

     რადგან მარსია სანდერსი არ დაორსულებულა, მისმა ბოიფრენდმა დაამთავრა სკოლა და მიჩიგანის უნივერსიტეტში საბუღალტროზე ჩააბარა. ამ ყველაფრის გამო პატი უოტსონმა კანიბალს პარასკევ საღამოს პროფორიენტაციის კორპუსთან პაემანი დაუნიშნა, ლინდა რეინოლდსი კი დაჰპირდა რომ ძალაყინს მოიტანდა. და ყველანი შეთანხმდნენ რომ ქირურგიულ ხელთათმანებს გაიკეთებდნენ. იმიტომ რომ, შესაძლებელია ისინი თამაშებს დაუბრუნდნენ, როცა კანიბალი აღარ იქნება.

 

 

  • ტერმინი, რომლითაც ესპანურად მოლაპარაკე ადამიანს მოიხსენიებენ
  • იგივე ,,პაპანიკოლაუს ტესტი’’ – ტესტი, რომლის საშუალებითაც საშოში კიბოს უჯრედების აღმოჩენა შეიძლება

 

თარგმანი: ლაშა მილორავა

Image

დღე პირველი, დღე 29 300-ე

დღე 1

 

კარგად მახსოვს, პირველი ხომალდი ჯერ კიდევ 2015 წელს დაეშვა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ხალხი პირდაღებული უყურებდა კოლბისმაგვარი მფრინავი ობიექტის მოახლოებას.

არაფერს არ მოველოდით.

არაფერი არ ვიცოდით.

უეცრად კარები გაიღო და ის, რაც გარეთ გამოვიდა არ ჰგავდა არც ადამიანს, არც კომიქსებსა თუ ფილმებში წარმოჩენილ მწვანე არსებას ანტენებით თავზე და სამი სატელიტისებური თითით. ის, რაც, ხომალდიდან გადმოვიდა ორჯერ აღემატებოდა ყველაზე დიდ ადამიანს და უფერო იყო. უფერული.

მარცხენა ხელი აწია და ერთადერთი სიტყვა თქვა,  ინგლისურად: Peace.

 

დღე 2045

 

ჩვენ ადვილად შევიმეცნეთ მათი ენა და უარვყავით საკუთარი, რათა გაგვადვილებოდა კომუნიკაცია.

–         პლახ-ხხკო-ტხუნ! – ვამბობდით ჩვენ.

–         პლახ-ხკხო-თხუნ! – გვისწორებდნენ ისინი.

ადვილად მივიღეთ ყველა ცვლილება. ჩვენ ისინი ოჯახებში შემოვუშვით. ჩვენ მათთან ერთად ოჯახები შევქმენით. ისინი ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ოფისებში, ჩვენ მათთან ერთად ვაშენებდით უკეთეს სამყაროს უზარმაზარი მაგისტრალებით და ჰაერში აჭრილ თვალუწვდენელ გზებს სიამაყით ვუცქერდით.

ჩვენ არაფრის არ გვეშინოდა, რადგან ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ.

 

დღე 5232

 

–         ხან-ხან-კულ-ტხან! – მეუბნება.

–         კულ-ტხან-ხან-ხან! – ვპასუხობ და ჩემს შვილს თავზე ხელს ვუსვამ.

–         ალ-ტხან-ფთალ! – თავს მიქნევს და გოგო მიჰყავს.

დღეიდან ჩვენ ნათესავები ვართ.

 

დღე 6100

 

ნიუ–იორკი ყოველწლიურად იხვეწებოდა, სრულყოფილებას ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდებოდა და მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ კაპიტალისტურ ცენტრად ყალიბდებოდა. ისტ ვილიჯი, ვაშინგტონ სქუეარის მიმდებარე ტერიტორია, იუნიონ სქუეარი და ლოუერ ისტ საიდის გარკვეული ტერიტორია ანიჰილირებულ იქნა, მათ ადგილას ცათამბჯენების აშენება დაიგეგმა. მათი ჩამოსვლიდან 6100-ე დღეს ისტ ვილიჯი ჰაითაუნ ავენიუდ იქცა, ორას ოთხმოცდათხუთმეტსართულიანი მინის შენობით (ბროკერებისა და ცალკეული კომპანიების სამოთხე) რომ იწონებდა თავს. უკვე რამდენიმე თვეში დარეგისტრირებულ კომპანიათა რიცხვმა ორმოცდათვრამეტს მიაღწია. დასრულდა ლოუერ ისტ საიდის ცათამბჯენის მშენებლობა, რომელიც ერთ დროს ყველაზე დიდ შენობას, ”ბურჯხალიფას” (სიმაღლე: 829.8 მეტრი) თითქმის ორჯერ აღემატებოდა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის ტიტული მოიპოვა. იმავე წელს დასრულდა ყველა წამოწყებული პროექტი, რომლებზეც ჯამში 17.4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

ჩვენ წინ მივიწევდით.

 

დღე 8711

 

მამა ორი თვის წინ გარდაიცვალა ყველაზე დიდი საჰაერო გზის მშენებლობაზე, რომელიც თითქმის მთელ პლანეტაზე იქნება გაჭიმული. ერთადერთი მისი თხოვნა იყო – დღიური გამეგრძელებინა.

მისთვის არასდროს მითქვამს რომ მეშინოდა. მეშინოდა კაცობრიობის ასეთი სწრაფი აღმასვლის.

 

 

დღე 10 963

 

ჩვენ ვმცირდებით, ისინი – იზრდებიან. უკვე 9 მილიარდს გადააჭარბეს. ჩვენ მხოლოდ ხუთს შევადგენთ. ამაზე არავინ ლაპარაკობს, რადგან ვერავინ ამჩნევს. მე ყველაფერს ვხვდები, თქმას კი არ ვაპირებ.

მალე ზამთარი მოვა. ტემპერატურა საგრძნობლად დაიწევს, + 30°C-მდეც კი შეიძლება დაეცეს. წელს ცივი ზამთარი გვექნება.Image

დღე 15 468

 

შიმშილი ბოლოს მოგვიღებს. მათ არ სურთ საკვები რესურსების განაწილება. ათ მილიარდს კარგა ხნის წინ გადააჭარბეს. თუ ასე გაგრძელდა შიმშილისგან ამოგვხდება სული. მგონი ასე აღარავინ ლაპარაკობს – ,,სულის ამოხდომა’’.

მე მამას მიერ დატოვებულ წიგნებს ვკითხულობ. ადრე სჯეროდათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის. არცერთი უტოპიური მოდელი არ გამართლებულა. ლიტერატურამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უძლურება.

 

დღე 28 102

 

–         ხლოგ-ნუნ-დხაგ!!! – ისმის ბრძანება და პირველი ლაზერული ბომბი ფეთქდება.

 

 

 

 

დღე 29 001

 

ფეხები მტკივა, მაგრამ მაინც გავრბივარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩები. ცენტრალური მაგისტრალის ქვეშ გადარჩენილების მიერ გაყვანილ საკანალიზაციო მილის პარალელურ ოღრო-ჩოღრო გვირაბში მივძვრები და იმედს ვიტოვებ, ბოლოში სინათლეს დავინახავ – არა მათი ხომალდების პროექტორების.

 

დღე 29 045

 

ორმოც დღეზე მეტია არაფერი მიჭამია. ძალა არ მყოფნის გზის გასაგრძელებლად. იქნებ უკეთესი იქნება გავჩერდე და დაველოდო, როდის ამომხდება სული. დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ დამრჩენია. მგონი, ტუბერკულოზი ავიკიდე (დარწმუნებული არ ვარ რომ ამ სიტყვას ახლაც იყენებენ).

 

დღე 29 150

 

გვირაბი არა და არ მთავრდება. სამოცდაათ წელს გადავაბიჯე.

ვიცოდი, ოდესღაც მსგავსი რამ მოხდებოდა. შეიძლება, შინაგანად ყველა გრძნობდა ამას, აღიარებისგან კი თავს იკავებდნენ.

ვირთხების და კედლებზე ამოსული ხავსის ჭამა დავიწყე.

 

დღე 29 300

 

მგონი მეჩვენება – სიღრმეში სინათლის შუქი აღწევს. ჰალუცინაციები დამეწყო, ნამდვილად.

ნაბიჯს ვუმატებ. მარჯვენა ფეხი თითქმის მთლიანად ატროფირებული მაქვს. სინათლე არ ქრება. იქნებ, არ მელანდება?

რაღაც ხმები მესმის.

,,ადამიანები’’, ვფიქრობ ჩემთვის და თითქოს ძალაც მემატება. ვცდილობ მარჯვენა ფეხი გავამოძრაო. არაფერი გამომდის, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ.

პირს ვაღებ, მინდა დავიყვირო. დავუძახო, ვუხმო. მე ხომ ცოცხალი ვარ. და მე მათთან მივდივარ.

სინათლეს სულ უფრო და უფრო ვუახლოვდები. თვალები მეწვის. ირგვლივ ვერაფერს ვხედავ. ფეხი რაღაცას წამოვდე და წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებ – ძირს ვეცემი. უსასრულობაში ვიყურები.

–         ტხატ-ნან-პხუნ! – მესმის.

გონებას ვკარგავ.

Image-ს

საათი

თამბაქოს კვამლში ფორმადაკარგულ

სახეზე აღბეჭდილი ღიმილი

პაროქსიზმში გამოწრთობილ გრიმასას

ჰგავს,

ვერცხლის ხელკეტით ჩამსხვრეული

მინის თვალები კი ჩაბნელებულ

ქუჩას ანათებს და შენც,

ლიბიდოს დასაკმაყოფილებლად,

სველი საშოსკენ იშვერ ხელს.

კაპრეზელი მხატვარი

,,სანტა კროჩეს ბაზილიკაში’’

აცემინებს,

ტალღოვან სამკუთხედებში მოვლივლივე

რუდიმენტარული გენიტალიები გუგებზე

მელექება,

როგორც განუხორციელებელი ოცნებები –

სხეულზე.

კანქვეშა ინექცია.

ლაქები ყელზე.

მოჭრილი ასო.

მახსოვრობადაკარგული ტაპიორი

შეშინებული უყურებს დარბაზში

შეკრებილთ,

როგორც ტყვედ ჩავარდნილი

უდანაშაულო მოქალაქე –

პოდპოლკოვნიკს.

,,ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის

მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში,

ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე

სიკვდილი გადავიდა ადამიანებში,

რაკი ყველამ შესცოდა’’.

ალცჰაიმერით გატანჯული ღმერთი

მეოთხე პოლიკლინიკაში ღაფავს სულს,

ითვლის უკანასკნელ წამებს

და ფანჯრის მიღმა ჩამავალ იისფერ მზეს

ფლეგმატურად გაჰყურებს.

ღმერთის მზერა, აგრერიგად რომ ჩამოჰგავს

გადამლაშებული ომლეტის გემოს,

ჰორიზონტს ცეცხლად ედება,

ბათქაშაყრილ ეკლესიებს

სუდარად ეფინება.

…ყველაფერი წამებში მთავრდება…

…ტაპიორი გარბის.

ჩამქრალი მთვარე სიმარტოვეში ცახცახებს.

გაყვითლებულ კედელზე მექანიკური საათი

უკანასკნელ ამოსუნთქვებს ითვლის.

ერთი…

     ორი…

         სამი…

             ოთხი…

                  ხუთი.

სადღაც სროლის ხმა ისმის.

უმთვარო ღამეა.

Image

ხვალიდან მე კონფორმისტი ვიქნები

– ოთხის ნახევარზე უნდა ავდგე, გამოძინება მჭირდება, მაცადე რა!

– გადაბრუნდი და დაიძინე.

     ვიცი, მისი გადარწმუნება გამიჭირდება, ბოლოს და ბოლოს ჩემი ბრალია საქმე აქამდე რომ მივიდა – ალბათ თავის დროზე არ უნდა გამომეჩინა ინიციატივა კომპიუტერის ოთახად ჩემი ოთახი გვექცია.

– რეალი–ბარსელონასთვის რომ არ მოგცე გამოძინების საშუალება და მეოცე წუთზე ამოუშვა ხვრინვა მგონი არ იქნება საუკეთესო ვარიანტი, არა?

     ალმაცერად მიყურებს, ტუჩის ცალი კუთხით მიღიმის. მგონი მიზანში მოვარტყი და  თანაგრძნობის ბუშტი გავუხეთქე. აცნობიერებს რა გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ძილი მჭირდება.

– ათი წუთიც და გავალ…

     ამ ”ათი წუთის” დანიშნულებას დაუფიქრებლად ვაცნობიერებ, მეორე მხარეს ვტრიალდები, საბნის ქვეშ ვექცევი და ვცდილობ მსუბუქი ტყაპუნის ხმები არ გავიგო. არ ვიცი ათ წუთში რას ასწრებს, – როგორც ჩანს ყველაფერი წინასწარ აქვს მზად. ყოველთვის ჩემზე წინდახედული და ფრთხილი იყო. შეიძლება ბედის ირონიაა, მაგრამ ოჯახში მეორე ბავშვი ყოველთვის პირველზე უკეთესია.

     ათ წუთში ხმის ამოუღებლად გადის ოთახიდან.

     საათს ვუყურებ: 01:37.

     ჯერ კიდევ მაქვს დრო დაბალ ხმაზე იანაჩეკი ჩავრთო და რამდენიმე საათით მაინც წავუძინო.

     ტუმბოდან სველ, სურნელოვან ხელსახოცს ვიღებ და ყოველი შემთხვევისთვის თაგუნას და კლავიატურას ვწმენდ. ოთახში გამოუშვები სპერმის სუნია. ყველაფერს გულდასმით ვწმენდ. მაგიდის ქვეშ ფეხით ნაგვის ყუთს ვეძებ და უკვე გამშრალ ხელსახოცს დემონსტრაციულად ორმოცი სანტიმენტრის მანძილიდან ვისვრი… თეთრი გორგალი მაგიდის ფეხს ხვდება და ძირს უსუსურად ეცემა…

 

     …მაღვიძარა ოთხის ნახევარზე რეკავს. მთქნარებით ვიღვიძებ, პირველი ორი წუთი მთლიანად გარემოსთან ადაპტაციას ეთმობა. ვაცნობიერებ რომ ოთხი ხდება, ”ოსკარს” ველოდები და მღვიძავს. ცოტა ხანში ”რედ ქარფეთ ლაივ”–იც დაიწყება.

     ფლოსტებში ფეხებს ვყოფ და ოთახიდან გასული ტუალეტისკენ ბანცალით მივბოდიალობ. ღამით შუქს ანთებულს ვერ დატოვებ, ბევრს წვავს. ”ღამურობანას” შეჩვეული ჩამრთველს მალევე ვპოულობ და თითის ერთი აკვრით სახლში სინათლის დროებითი წყარო ჩნდება…

     …ცივ წყალს სახეზე ხარბად ვისხამ, სანამ ნესტოებში არ შემივა და არ დავაცემინებ. დარწმუნებული უნდა ვიყო რომ მაკფარლეინის ხუმრობების, ან მუსიკალური ნომრების დროს არ ჩამეძინება…

     …ოთახში ვბრუნდები და საბნის ქვეშ გემრიელად ვიზმორები. ტუმბოდან პულტს ვიღებ, ტელევიზორს ვრთავ და ხმას 50–ზე ვაყენებ. სქელი კედლების გამო ბგერები რთულად თუ აღწევს ერთი ოთახიდან მეორეში. ”აკრძალული არხებიც” რომ ჩავრთო და ბოლო ხმაზე ავუწიო, საეჭვოა მეზობელი ოთახიდან ღრმა ძილში მყოფმა მშობლებმა რამე გაიგონ. მითუმეტეს რომ აკრძალული არხები ჩვენ სახლში არც არის. ალბათ ერთადერთი უცნაური მოვლენა ამ ოჯახში, უფროსი ძმის გარემოცვაში ონანირებადი უმცროსი ძმაა.

     მამაჩემი რომელიღაც ქარხანაში მუშაობს ჩემთვის გაურკვეველ თანამდებობაზე, დედაჩემი ლაბორანტია ბავშვთა საავადმყოფოში. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემს ოთახში Samsung 3D პლაზმა დაგვედგა 1024 x 768 რეზოლუციით და იუ–ეს–ბის შესაერთებლით…  მამა ტექნოლოგიებში ვერ ერკვევა, კურსორი ”ოპერის” ნიშნამდეც კი ვერ მიჰყავს, რასაც დედაზე ვერ იტყვით – თავისუფლად შედის ”ვიტონის” და ”დიორის” საიტებზე და უტოპიურ განცდებში ეშვება…

     კითხვა ალბათ მამამ შემაყვარა, ან მამის ყურებით თვითონ შევიყვარე, რაც ფაქტიურად ერთი და იგივეა. რვა წლის ვიყავი პირველი სერიოზული წიგნი რომ წავიკითხე – მარკ ტვენის ”ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”. მახსოვს რამდენიმე კვირა პატარა ჯაყვით დავდიოდი. ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ ცხოვრება მხოლოდ მაშინ მიხაროდა. პირველ სერიოზულ წიგნს ზაფხული, სამთვიანი არდადეგები დაემთხვა და მეც მზიან დღეს, ბავშვებთან ერთად თამაშისას გონებაში ათას თავგადასავალს ვხატავდი, რომელშიც მთავარი გმირი აუცილებლად მე ვიყავი. ”ტომ სოიერის” შემდეგ უკვე სერიოზულად გადავწყვიტე სახლიდან წავსულიყავი და ხიფათი მეძებნა. ჩემს მაშინდელ განუყრელ ძმაკაცს – რატის – შევუთანხმდი კიდეც ხვალ ხუთ საათზე ხიდთან რომ ტყეა იქ შევიკრიბოთ–მეთქი და ისიც დაუფიქრებლად დამთანხმდა. სამი საათი უგზოუკვლოდ ვიბოდიალეთ, მერე რატის ფეხზე ხვლიკმა გადაურბინა და შეშინებულები სახლებში დავბრუნდით…

     შემდეგ წელს, ოც თებერვალს, ჩემი ძმა ხუთი წლის გახდა. ნათლიამ, როგორც მაშინ მომეჩვენა, – ”უზარმაზარი” სათამაშო მანქანა მოუტანა, თავისი პატარა გასაღებით, პედლებით, შიგნით მიხატული ტელევიზორით და ვარდისფერი ჩაფხუტით. მე ”ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი” მერგო. როგორც კი სტუმრები წავიდნენ ოთახში ჩავიკეტე და კითხვა დავიწყე. პირველი ასი გვერდი ერთ ამოსუნთქვაში მოვათავე. უკვე დაღამებულიყო, თვალები მეწვოდა, მიცრემლიანდებოდა. მამა, შეიძლება ითქვას უცხოურს ვერაფერს იტანდა (და იტანს!). თანამედროვე ევროპელ და ამერიკელ მწერლებს ”კოსმოპოლიტურ ნაგავს” ეძახდა და სურდა მეც თანდათან ქართულზე გადმოვრთულიყავი. დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ ”ჰარი პოტერის” პირველი ნაწილი ვაყიდინე, მაინტერესებდა ეს ყველაფერი როგორ დაიწყო. ხელში შემოჩეჩებული ”ოთარაანთ ქვრივი” და ”ხევისბერი გოჩა” მაგიდის უჯრაში დავმალე და უცნაურნაიარევიანი, ჯადოქარი ”აჩკარიკის” ისტორიას ხარბად დავეწაფე. თითოეულ სიტყვას ვისისხლხორცებდი და ალბათ გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი რომ ერთხელ ”ეს სანატრელი წერილი” მეც მომივიდოდა და აქაურობას თავს დავაღწევდი. ბავშვობას თუ დააკვირდები, აღმოაჩენ რომ ფრუსტრაცია დაბადებიდან ადამიანის თანმხლები მოვლენაა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი, სწორედ ბავშვობაა – როცა ფანტაზიის უნარი პიკს აღწევს, როცა გგონია რომ ყველაფერი ხელგეწიფება, როცა მონაგონიც რეალობად წარმოგიდგება, სინამდვილეში კი ვერაფერს აკეთებ. ბავშვი მთელი თავისი ბუნებით ცდილობს ყველაფერ სტანდარტულს, დაშტამპულს გამოეყოს, ემანსიპაციას მისცეს  თავი, თუმცა ჩამოუყალიბებლობა ხელს უშლის ეს ყველაფერი რადიკალური ხერხებით განახორციელოს, ამიტომ ხშირ ტირილს, აუტანელ ჯიუტობას, ათას მამაძაღლობას ჯერდება. მამაჩემს არ ესმოდა რომ ყველაფერს მართლაც თავისი ასაკი აქვს. მე რომ მაშინ ”ოთარაანთ ქვრივი” წამეკითხა, დარწმუნებული ვარ ცრემლი არ გადმომვარდებოდა, რბილად რომ ვთქვათ ”სათაურის გარდა ყველაფერი ბუნდოვანი მომეჩვენებოდა”. ”ხევისბერი გოჩადან” გამომდინარე კი ასევე დარწმუნებული ვარ მამის შიში დამეუფლებოდა, რეჩიტატივად მსუბუქი ზიზღის გრძნობით. როგორც ჩანს ყველა მამის პირველი დანიშნულება ”პალაჟენიის დაყენებაა”, რომ შვილს აჩვენო – აი, მეტი არ მინდა არ დამიჯერო, თავს მოგაცლი! ეს ბრუტალური შემართება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქართველებში ოდიდთგანვე ზის. რას წარმოიდგენდა მაშინ ჩემზე გაბრაზებული მამა, რომ გავიდოდა რამდენიმე წელი და ”ხევისბერ გოჩაზე” დაწერილი თემით (რომელსაც, რატომღაც მხოლოდ მე მივიჩნევდი რეცენზიად!) ადგილობრივ კონკურსში გავიმარჯვებდი. კონფორმისტობა არც ისე წამგებიანია, თუ კონსერვატორიც არ ხარ. სამწუხაროდ მამა ორივე იყო (და ალბათ არის, არ ვიცი), მაგრამ რატომღაც ჩემს მიმართ განხორციელებული ღონისძიებები ჩემი ძმის მიმართ არ განხორციელებულა (როგორც ჩანს პირველობა ყოველთვის სახარბიელო არ არის!). მაგალითად: მამა ნიკუშას არ აძალებდა ქართული ლიტერატურის შეყვარებას, რათა სისხლში ერითროციტებთან, ლეიკოციტებთან და თრომბოციტებთან ერთად პატრიოციტებსაც ეპოვათ თავიანთი დანიშნულება. პირველი სერიოზული წიგნი ნიკუშამ თერთმეტი წლის ასაკში წაიკითხა. ჟიულ ვერნმა ნამდვილად მოხიბლა, თუმცა ვერანაირ ნიჰილისტურ სულისკვეთებას ვერ ვამჩნევდი. როგორც ჩანს ზოგი წიგნში ცხოვრობს, ზოგი კი – წიგნით. ნიკუშა მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. სამაგიეროდ ჩემი მინუსები მასში აშკარად გამოკვეთილ პლიუსებად წარმოჩნდა. აღნაგობით გაცილებით ათლეტური – განიერი მხრები, გამხდარი, ასაკის მიუხედავად პატარ–პატარა კუბიკებით მუცელზე – და ფაქტიურად ესთეტიკურად სრულყოფილი სახით – ლამაზი თაფლისფერი თვალები, ქართული ცხვირი და ზედმეტად არაქართული შუბლის ჭრილი და ყვრიმალები – მომავალში მსოფლიოს სექსუალური მამაკაცის განსახიერებად მოევლინება. მაგრამ მასში არ არის ის ნაპერწკალი, რომელიც აგრერიგად მიამსგავსებდა დორიან გრეის. ნიკუშას ხელოვანისთვის დამახასიათებელი თავისებური გამოხედვა აკლია. ამას ყოველდღიურად ვაცნობიერებ და უცნაური დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მეუფლება, თითქოს ჩემი ძმის სრულყოფილებით მეც ერთი საფეხურით ზემოთ წავიწევდი. 

Image

     ”რუსთავი 2”–მა ”ოსკარის” პირდაპირი ტრანსლაცია ზუსტად ოთხზე დაიწყო. წითელ ხალიჩაზე ფესვებგადგმული ხესავით აღმართული ჟურნალისტები ყალბი ღიმილით და მსუბუქი ნერვიულობით ჩქარ–ჩქარა საუბრობდნენ კამერებში. სელებრითების პირველი ნაკადი კალაპოტიდან გადმოსული ტალღასავით წამოვიდა და მედიის კაშხლისგან დამშვიდებულებმა ასევე მსუბუქი ღიმილით განაგრძეს ინტერვიუების მიცემა.

     უცებ მობილური აწკრიალდა. გადავიხარე, ტუმბოზე გადავწვდი და ეკრანს დავხედე: თიკა. გონებაში თიკასთან დაკავშირებული ”საიდუმლო დიალოგები” ამოტივტივდა, თავისი პიკანტურობით, შიშითა და შფოთვით, რომ ამ ყველაფერს ვინმე გაიგებს… facebook-ზე გაცვლილი ფოტოებით და მომავალი შეხვედრით.

     თიკა მეცხრე კლასამდე ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგო იყო, უკან კუდით და იღლიიდან ოფლის სუნით. გარდატეხის ასაკმა მასზე როგორც ჩანს ყველაზე მეტად იმოქმედა – სახის ნაკვთები შესამჩნევად გაულამაზდა, საჭირო ადგილები მოუმრგვალდა, წამოებურცა. წარბები გაიპუტა, დეზოდორანტის ხმარებაც ისწავლა, ელასტიკებსაც შეეჩვია, – მოკლედ, გოგოდ ჩამოყალიბდა. ზედმეტად მორცხვი, გოიმურად კეკლუცი და საშუალოზე ლამაზი, გენმოდიფიცირებული ადამიანური თვისებების საცავს წარმოადგენდა. რამდენჯერ მიფიქრია რაიმე არაორდინალური შემეთავაზებინა, თუმცა ვერცერთხელ ვერ გავბედე. არ ვიცოდი რის მოლოდინში უნდა ვყოფილიყავი, – ვაითუ კალმით თვალი გამოეთხარა, ან აკრძალულ ადგილას მუხლი ამოერტყა, ან სულაც შეთავაზებაზე დამთანხმებულიყო… არაერთხელ დამინძრევია სოციალური ქსელიდან ჩამოტვრითულ მის ფოტოებზე. რას წარმოვიდგენდი რომ რამდენიმე წელიწადში, როცა უკვე სრულყოფილ ”ნაშად” ჩამოყალიბდებოდა, გონებისდამბინდავი მკერდით და რაღაცნაირი ლათინოამერიკული გარეგნობით, თვითონ მანდობდა თავისი შიშველი ფოტოების შეფასებას.

     ”ელიტ მოდელ ლუქის” ყოველწლიური შემოვლა”, როგორც ერთხელ კომუნისტმა ქართულის მასწავლებელმა აღნიშნა, თიკასთვის ფაქტიურად ”უზრუნველყოფილი მომავლის” საწინდრად იქცა. რა თქმა უნდა სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლებს ეს განსხვავებული გარეგნობის გოგო თვალთახედვიდან არ გამორჩენიათ და ”პრობებზე” მისვლა შესთავაზეს. თიკა მშობლების დაუკითხავად გავიდა კასტინგზე და 35 გოგოდან არჩეულ ათეულში თავისუფლად მოხვდა. დედამ მხოლოდ მეორე ტურზე გაიგო შვილის ასეთი ”დაუკითხავი საქციელი” და კარგა გემრიელადაც მილანძღა (მეორე დღეს გაბრაზებულმა გამიმხილა), თუმცა რაღაც დოკუმენტებს ხელი მაინც მოაწერა, რითაც შვილს ნებართვა მისცა პირველი ადგილისთვის ბრძოლა გაეგრძელებინა და მოგებული ათი ათასი ლარით დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ევრო–რემონტი წამოეწყო. ასეა თუ ისე, თიკა წინ და წინ მიიწევდა, თუმცა კითხვაზე ”გაიხდიდა თუ არა საჭირო რომ გამხდარიყო” კატეგორიულ უარზე იდგა და თავს ხის თოჯინასავით აქნევდა… არ ვიცი რით დავიმსახურე მისი ყურადღება – გარეგნულად სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი და საერთოდაც ”ერთი მელანქოლიური ტიპის” იარლიყი მაქვს მიწებებული, როგორებიც წესით გოგოებს არანაირად არ იზიდავენ, თუმცა არც მაიკლ არნდტი იმსახურებდა 2007 წელს ოსკარს…

     რვა იანვარი პერსპექტივაში საშინელი დღე უნდა ყოფილიყო, რაც დილიდან ნათელი გახდა. თოვლმა დნობა დაიწყო, ეზო ერთ დიდი გუბედ იქცა, ტყლაპოებში მოხტუნავე დებილი ბავშვებით და მათი საქციელით შეწუხებული ქოლგიანი დედებით (თითქოს ამდენი სიკეთე საკმარისი არ იყო, ათი საათიდან კოკისპირულად გაწვიმდა). საშობაო არდადეგების დასრულებამდე ორი კვირაღა რჩებოდა, რაც პრინციპში იმედს იძლეოდა, რომ ამ პერიოდში ტალახიანობას ბოლო მოეღებოდა. დილით ადრე გამეღვიძა. კომპიუტერი ჩავრთე და პირველ რიგში facebook–ი შევამოწმე. ის იყო გამოსვლას ვაპირებდი, ახალი გრაფა გაიხსნა – თიკა მწერდა. მოვლენების ამგვარ განვითარებას არანაირად არ ველოდი, თან დილაადრიან. ნახევარი საათი ათას იდიოტობაზე მელაპარაკებოდა, აშკარად ეტყობოდა რაღაცის თქმა სურდა და ვერ გაებედა. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ქიმიის მასწავლებელზე გაცვლილ, როგორც შემდეგ მომეჩვენა საკმაოდ პრაგმატულ და ერთი შეხედვით უშინაარსო ორიოდე სიტყვის და სკოლის ჭორების მიმოხილვის შემდეგ უცებ თავისი სურათი გამომიგზავნა – ტანს ზემოთ შიშველი, ვარდისფერი ბიუსტჰალტერით ნათლად წარმოჩენილი მკერდით და ზედმეტად გრძელი, თითქმის პეტუნიას მსგავსი  კისერით. არც რაიმე კომენტარი, არც სმაილი. მხოლოდ სურათი. ვგრძნობდი, – პენისი თანდათან მკვრივდებოდა. პრე–ორგაზმულ ეიფორიაში მყოფს რაიმე ”კეთილი სისულელე” რომ არ მიმეწერა, რაც მომავალში, ვინ იცის სერიოზული ურთიერთობის საწინდარი გამხდარიყო (რატომღაც სურვილი არ მქონდა თიკასთან სერიოზული ურთიერთობა გამება!), სასქესო ორგანო ამოვიღო და მასტურბაცია დავიწყე. მალევე ავათავე, თავისუფალი ხელით ოთახის კარები გავაღე და ტაულეტისკენ გავიქეცი. დაბრუნებულს თიკას კომენტარი დამხვდა: ”vici ro patara mkerdi maqvs, ar damcino :/”. დაცინვას ნამდვილად არ ვაპირებდი, მითუმეტეს არც პატარა მკერდი ჰქონდა. მივწერე ძალიან ლამაზი ფიგურა გაქვს და ვარდისფერი ბიუსტჰალტერიც გიხდება–მეთქი. თიკა: ”:***”. მას შემდეგ ყოველ კვირა ახალ–ახალ ფოტოებს მიგზავნიდა. ბოლოს ისე გაიხსნა, საცვლებზეც უარი თქვა, – აღფრთოვანებით ვათვალიერებდი დალის ულვაშივით წინ წამოწეულ ძუძუს თავებს. ვცდილობდი მასტუბრაციამდე არ მიმეწერა, თუმცა ერთხელ თავი ვერ შევიკავე და შევთავაზე ”მგონი უკვე დროა live-რეჟიმზე გადავიდეთ–მეთქი”. თიკა: ”:)”. 🙂 – ზოგადად ეს სმაილი ყველაზე ძლევამოსილ ნიშნად ითვლება ვირტუალური მიმოწერისას და მოიაზრებს 1) ქართულ შრფიტზე გყავს გადაყვანილი და გეზარება ჩათის კუთხიდან ნორმალურის – 😀 – გაგზავნა, 2) ”მორჩა, აქ ლაპარაკი დამთავრებულია!” – რამე სისულელე წამოროშე, ან ჩათის პარტნიორს უბრალოდ გულზე არ ეხატები და შენს ზრდილობიანად მოშორებას ცდილობს და 3) ”ფიქრობს!” და შესავალში შუალედურ პოზიციას იკავებს – გაჩვენებს რომ ”არც კი და არც არა”, ახლა დაფიქრდება, ყველაფერს გააანალიზებს და გიპასუხებს. ჩვენ შემთხვევაში ეს უკანასკნელი აღმოჩნდა, თუმცა  მეორეს ვფიქრობდი. ეს ყველაფერი გუშინ (ოთხს კარგა ხანია გადაცდა, ”რედ ქარფეთ ლაივიც” დასასრულს უახლოვდება), საღამოს ათზე გადაწყდა. თიკა თანახმა იყო სკოლაში ადრე მოსულიყო და მკერდი და უკანალი მოეშიშვლებინა. შეხედავდა, ”იქნებ ხელის მოკიდების ნებაც კი დაერთო”. სექსი აქამდეც მქონია, თუმცა ღამით განსაკუთრებით ვნერვიულობდი, მითუმეტეს დარწმუნებული ვარ საქმე სექსამდე არ მივა. ძილის წინ ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, ოღონდ არ ვიცი რა უფრო მინდოდა – თიკას მოფერება თუ ამ ყველაფრის ბოლოს და ბოლოს დასრულება. რა თქმა უნდა თიკა დამესიზმრა, თუმცა სიზმარი საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა (მაღვიძარამ ოთხის ნახევარზე დარეკა) და ვერ გავიხსენე კონკრეტულად რა მესიზმრებოდა. ”ოსკარის” მოლოდინში მომავალი შეხვედრა დროებით გადამავიწყდა, ახლა კი, თიკას მესიჯმა ისევ შფოთვის ბადეში გამაბა.

 

თიკა:

daiwko oskari?

 

მე:

ahaa… shen rato ar gdzinavs? Ar mitkhra mec magas velodebodio, ar dagijereb :DD

 

თიკა:

araa… ar medzineba. khvalindel dgeze vfikrob… :///

 

     ასეც ვიცოდი. მგონი აჯობებს თუ ხვალ არაფერი მოხდება. ასევ ვუთხარი:

 

 

 

მე:

tu ginda gavauqmot khvalindeli dge… 😀 cancel and and clear!

 

თიკა:

ar ginda?

 

მე:

ra?

 

თიკა:

ooo, lashaa…

 

მე:

ar vici… ki, albat… mgoni… shen ar ginda.

 

თიკა:

me eg ar mitvkams  😛

 

მე:

mitumetes arc me…

 

თიკა:

vin gaimarjva pirvel nominaciashi?

 

მე:

jer ar dauwkiat… momismine, me vici rom vici rom darwmunebuli ar var, minda tu ara… cudad ar gamigo.

 

თიკა:

saertod ver gavige. Anu ar ginda? ://

 

მე:

:/ – gekhvewebi es daikide ra… minda, ki, minda… vso.

 

თიკა:

ooo, lashaaa :DD

 

მე:

khvalidan me konformisti viknebi… da saertod, awi konformistobas vapireb. Mamachemisavit. ogond ara kosnervatorobas, bleah 😀 mgoni kvelastvis ase ajobebs.

 

თიკა:

eg ragas nishnavs?

 

მე:

ra?

 

თიკა:

konformisti.

 

მე:

vaaa, mamakacis sauketeso meorekhariskhovan rolshi Christoph Waltzma gaimarjvaa, yoohoo 😀

 

თიკა:

eg romelia?

 

მე:

ai, inglourious basterdsidan… Colonel Hans Landa, gaxsovs?

 

თიკა:

araa… ar makvs nanakhi.

 

     თუ XXI საუკუნეში ახალი ღმერთი გახდება საჭირო, კრისტოფ ვოლცი საუკეთესო კანდიდატია. საშუალო სიმაღლის, სიმპათიური (ასევე გასათვალისწინებელია მოშვებული წვერის სიკოხტავე), სულის სიღმრეში ჩამწვდომი თავხედი გამოხედვით. თითქოს თვალებით გეუბნება: ”შენ ჩემი მონა იქნები”. მისგან უდავოდ უმაღლესი ხარისხის ღმერთი გამოვიდოდა, პირადად მე ნამდვილად ვიწამებდი.

 

თიკა:

ar gedzineba?

 

მე:

araa… shen?

 

თიკა:

me ki :(( :DD

 

მე:

wadi da daidzine, dilas isedac adre khar asadgomi.

 

თიკა:

:DD

 

მე:

dzilinebisa :* 😀

Image

არ ვიცი რომელი ნომინაციის შემდეგ ჩამეძინა, დილას კი კარებზე კაკუნმა გამაღვიძა. დედა იყო. საათს გავხედე: 07:27. სწრაფად წამოვდექი და ტუალეტში სახეზე ცივი წყალი შევისხი. ოთახში დაბრუნებულმა ჩართულ ტელევიზორს თვალი შევავლე – დაჯილდოების ცერემონიალი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. გადაღლილი სეტ მაკფარლეინი თავდაუზოგავად ცდილობდა მთქნარებით პირგახეული შარლიზ ტერონის გამხიარულებას. სეტის ხუმრობები არ მოგეწონება, თუ სეტი არ მოგწონს, თუ სეტი მოგწონს და შანსი არაა მისი ხუმრობები არ მოგეწონოს.

     რვა ხდებოდა სახლიდან რომ გავედი. სკოლის ეზოში გავაცნობიერე რომ  ქუდის დაფარება დამავიწყდა. ყურები მეწვოდა. ნეონის ნათურებმა თავი ამატკია, მეორე სართულზე სწრაფად ავირბინე და კლასის კარებს ვეცი. დაკეტილი აღმოჩნდა. დიდხანს ვეჯაჯგურე, იმ იმედით რომ უბრალოდ გაჭედილი იყო და აი, ახლა გაიხსნებოდა, თუმცა არაფერი გამომივიდა. დავიბენი და ფიქრი დავიწყე, რისი გაკეთება შემეძლო. ფაქტიურად არაფრის. უცებ გამახსენდა რომ გასაღების ასლი სამასწავლებლოში ინახებოდა. კარებზე დავაკაკუნე. არავინ მიპასუხა. ისევ დავაკაკუნე. სიჩუმე. სახელური გადავატრიალე და კარებიც გაიღო. შიგნით არავინ აღმოჩნდა. ლოდინის დრო არ იყო, თიკა წუთი წუთზე მოვიდოდა. გრძელი მაგიდის ბოლოში უჯრა გამოვხსენი, ეიფელის კოშკის ალაგ–ალაგ ფერგადასულ ბრელოკიანი გასაღები ავიღე და კლასისკენ გავვარდი. ვნერვიულობდი, ხელები მიკანკალებდა, გასაღები კინაღამ შიგნით კარებში ჩავტეხე. სამასწავლებლოში შევვარდი, უჯრამდე აღარ მივსულვარ, მოუქნელად მოვისროლე… გასაღები მაგიდაზე ჟღარუნით გასრიალდა. კლასში დავბრუნდი, ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და თიკას მოლოდინში მურაკამის ”1Q84” გადავფურცლე. ბნელოდა, სიტყვებს ძლივს ვარჩევდი, შუქის ანთება კი არ მინდოდა, – ყურადღებას მიიქცევდა. თენგო ფუკაერის მკერდს მისჩერებოდა. ცდილობდა მზერა გოგონას სახეზე გადაეტანა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ”ფუკაერის ზედმეტად მიმზიდველი მკერდი აქვს” – გავიფიქრე და კარებიც გაიღო. თიკამ მორცვხად გამიღიმა და საკიდებისკენ გაემართა. ხმა არცერთს არ ამოგვიღია. პირი გავაღე, რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე და ისევ მურაკამის დავაშტერდი. თიკას გამომცდელ მზერას ვგრძნობდი. პირველ ნაბიჯს აშკარად ჩემგან ელოდა. მე კი სულელივით ვდუმდი.

– აბა…

     ბოლოს და ბოლოს წარმოთქვა თითქმის ჩურჩულით. ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. თითქოს ეს ყველაფერი პირველად ხდებოდა. შევეცადე ადრინდელი პარტნიორები გამეხსენებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. წიგნი დავხურე და პასუხად გავუღიმე. მინდოდა რამე მეთქვა, თუნდაც სუსტი ხმა გამომეცა…

– შენ დაიწყებ? – ისევ გამიღიმა თიკამ.

– რას? – დავიბენი.

– გამხდი შარვალს?

     უხერხულად გამიღიმა და მზერა კედლის საათზე გადაიტანა. უნებურად მეც საათს მივაჩერდი: ცხრის თხუთმეტი წუთი. ათ წუთში კლასი გაივსება.

– მგონი აჯობებს შენ… – როგორც იქნა შევძელი პირის გაღება.

     გამიცინა, მომიახლოვდა, ჩემსკენ ზურგით დადგა და ჯინსს კუთხეებში თითები ჩაავლო. ამიდგა. ფეხი ფეხზე გადავიდე და თიკას შარვალს დიდი ინტერესით მივაშტერდი. მოქნილად ჩაიხადა და ვარდისფერი, სიცივისგან ან ნერვიულობისგან ათრთოლებული, ფაფუკი უკანალი მომიშვირა. ვგრძნობდი, ცოტაც და გავასხავდი. წამოვდექი და მივუახლოვდი.

– შეიძლება? – ხელებზე ვანიშნე.

     თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ტრუსში ხელი ჩავუცურე. გაჩუმდა. თითქოს აღარც კი სუნთქავდა. ხელი წელის გარშემო შემოვატარე, უკანალი მსუბუქად დავუზილე და წინ გადავინაცვლე.

– გასაპარსი მაქვს… – ჩამჩურჩულა თავდახრილმა.

     მართლაც გასაპარსი ჰქონდა. ახალ ამოსულ თმაზე ხელი გადავუსვი. დამბურძგლა, ტრუსიდან ხელი ამოვიღე და მაისურის ქვეშ დავუწყე ფერება. ბიუსტჰალტერი უსიტყვოდ აიწია, მკვრივი ძუძუს თავები უცხოპლანეტელის თვალებივით მიყურებდნენ. იმაზე მსხვილი აღმოჩნდა, ვიდრე სურათზე ჩანდა. დავიხარე და ენა ავუსვი. გავიგონე, მსუბუქად როგორ დაიკვნესა. მარცხენა ხელი შარვალზე ჩაატარა და ფეხებს შუა მომიჭირა. მიზანში ნამდვილად პენისი ჰქონდა, თუმცა ხელში საკვერცხეები შერჩა. ისე ძლიერად მომიჭირა, თვალებიდან კინაღამ ნაპერწკლები გავყარე. შარვლის ქვეშ სასქესო ორგანო მოძებნა და ცერა და საჩვენებელი თითებით მასირება დაუწყო. თავი ვეღარ შევიკავე და ტრუსშივე გავასხი. მომენტალური ეაკულაცია. ეშმაკურად გამიღიმა. მაისურიდან ხელი გამოვიღე და შარვალი გავისწორე. თიკამაც ბიუსტჰალტერი ჩამოიწია და სკამზე ჩამოჯდა. ხმის ამოღებას ვერცერთი ვერ ვბედავდით. საათს გავხედე: ცხრის ნახევარი.

     მალე კლასი გაივსება.

     Pocketbook–ის გარეკნიდან მურაკამი მიღიმის.

Image

ელემენტარული ნაწილაკები

ელემენტარული ნაწილაკებია: პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი, ნეიტრინო, კვარკი… ანუ ტერმინი ”ელემენტარული ნაწილაკი” ეხება მიკროობიექტებს სუბატომურ მასშტაბში, რომელთა შემადგენელ ნაწილებად გახლეჩვაც შეუძლებელია.

მიშელ უელბეკის 1998 წელს გამოცემულ, მსოფლიო ბესტსელერად ქცეულ ”ელემეტარულ ნაწილაკებში” კი ადამიანები მოიაზრება (თუმცა წიგნში ფიზიკაც ბლომადაა!).

წიგნი უელბეკის ყველაზე გამორჩეულ ტექსტად ითვლება, რადგან აქ უფრო ფართოდ არის განხილული ზოგადსაკაცობრიო პრობლემები,  60–იანი წლებიდან მოყოლებული ევროპის განვითარება, სექსუალური რევოლუცია. წიგნი საკმაოდ დინამიურია და დატვირთულია ეროტიკული სცენებით. თემა იგივეა – ”დაგვენძრა!”… განწირულები ვართ, ფრუსტრაცია მალევე მოგვიღებს ბოლოს. უელბეკი ”ელემენტარულ ნაწილაკებში” უფრო გახსნილია, თითქოს ის უმნიშვნელო ჯაჭვიც გაწყვიტა, რომელიც ”ბრძოლის ველის განვრცობაში” ასე თუ ისე ბოჭავდა.

წიგნში ორი მთავარი გმირია – ძმები – ბრუნო და მიშელი, პირველი ლიტერატურის მასწავლებელი, მეორე – მეცნიერი. ბრუნო უელბეკს ჰგავს, – დეპრესიული, განდეგილი, გარკვეულწილად სოციოპათი ტიპაჟი. ამ ყველაფერს დაუმატეთ გამოუსწორებელი რასიზმი და მივიღებთ ერთი გადარეული ფრანგი ავტორის ფსიქიკურად აშლილ პერსონაჟს. მიშელი (ბრუნოს ძმა) შედარებით გაწონასწორებულია, რაც გასაკვირი არცაა – ის ხომ მეცნიერია და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია კლონირების სფეროში.

მოვძველდით. ჩვენი დრო მოვჭამეთ. ვიჟიმავეთ, რამდენიც შეგვეძლო. გავერთეთ, რამდენიც შეგვეძლო. ვიმოგზაურეთ, რამდენიც შეგვეძლო. ვიტირეთ და ვიცინეთ, რამდენიც შეგვეძლო. ვწერეთ, რამდენიც შეგვეძლო. ვისწავლეთ, რამდენიც შეგვეძლო. ყველაფრის ფეხებზე დაკიდება ადვილად დავამუღამეთ. დროა, კაცობრიობა გადაშენდეს, გაქრეს როგორც მიშელი (ბოლოს იგი უკვალოდ ქრება. ყველა იფიქრებს რომ თავი მოიკლა) და გზა ახალ ცივილიზაციას, ნიცშესეული ზე–ადამიანების რასას დაუთმოს, რომელთა მეტაბოლური ყოფის ისტორიაც ყველანაირ ძალადობას, სიყვარულსა და სქესობრივ კონტაქტს გამორიცხავს.

”ელემენტარულ ნაწილაკებში” უელბეკი ხელახლა იმეორებს წინა წიგნებში ნათქვამს, და შემდეგ წიგნებშიც გაიმეორებს იგივეს, ოღონდ ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო სიღრმისეულად, სევდიანად და ამავდროულად ირონიულად: ”იუმორი ვერ გადაგვარჩენს; საბოლოოდ, იუმორს არანაირი სარგებელი არ მოაქვს. შეიძლება დიდხანს რეალურ მოვლენებს იუმორით უყურო, ხანდახან ეს წლობითაც კი გრძელდება; ზოგ შემთხვევაში იუმორის შენარჩუნება თითქმის კუბოს ფიცრამდე ხდება; მაგრამ საბოლოოდ ცხოვრება თქვენ გულს გიტეხთ; თავდადება, ცივსისხლიანობა და იუმორი რა დოზითაც არ უნდა იყოს, – თუ გინდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩამოიყალიბე ეს თვისებები, – ყოველთვის ამთავრებ ისე, რომ გული გაქვს გატეხილი. ანუ, კმარა სიცილი! ბოლოს მხოლოდ მარტოობა, სიცივე და დუმილი რჩება. საბოლოოდ არაფერი არსებობს, გარდა სიკვდილისა”. ხო, ასეა, ბატონო ჩემო. ენდობით თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია.

არის კიდევ ერთი ასეთი სიანტერესო ადგილი: ”უკვე რამდენიმე საუკუნეა მამაკაცები აღარაფრად ვარგიან და ისინი აღარაფრად სჭირდებათ. ზოგჯერ მოწყენილობის გასაქარვებლად  ჩოგბურთს თამაშობენ, ამას კიდევ არაუშავს… უბედურება ისაა, რომ ხანდახან ”ისტორიის წინსვლაზე” ზრუნვა მოეხუშტურებათ, ჰოდა, მაშინ რევოლუციებსა და ომებს ვერსად წაუხვალ”. მამაკაცის როლის უმნიშვნელობასა და ტრივიალურობაზე უელბეკი ასევე ესეში ”რისთვის გვჭირდება კაცები?” საუბრობს. თურმე, ”სპერმატოზოიდის შეცვლას ”მსუბუქი ელექტრო გადაცემით” აპირებენ”. გესით ეს? მგონი დროა, ძლიერმა სქესმა  (აბა დები ბრომველს ჰკითხეთ!) ხმა ავიმაღლოთ, თორემ ”უხსოვარ დროს, როცა ირგვლივ უამრავი დათვი დაძუნძულებდა, მამაკაცურ ძალას განსაკუთრებული, შეუცვლელი როლის თამაში შეეძლო. დღეს კი კითხვის ნიშნები ჩნდება”.

უელბეკს ესეც ჰკიდია.

წიგნმა ”ნოემბრის პრიზი” მოიპოვა.

უელბეკი 1:0 საზოგადოება.

”ელემენტარული ნაწილაკების” კითხვისას გიჩნდება შეგრძნება, რომ ჩვეულ არსებობას დროებით წყვეტ, უჩინმაჩინის მოსასხამს იცვამ და უსაშველოდ გაწელილ, ერთმანეთში ახლართულ–აზელილ ქუჩებში დააბოტებ, თან ხალხს აკვირდები, შენთვის ხორხოცებ, ან სულაც ხვნეში, და რაც მთავარია ისინი ვერ გხედავენ და შენი არ ესმით. მაგარია, არა?

არ თქვათ რომ ეს ყველაფერი ბოდლერის ლექსს არ გაგონებთ:

– იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, დაჲ თუ ძმა?

– არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა დაჲ.

– მაშ მეგობრები?

– მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.

– იქნებ სამშობლო?

– არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.

– მშვენიერება?

– მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.

– ოქრო?

– მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.

– მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?

– ღრუბლები მიყვარს… ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ…

ის საოცარი ღრუბლები*.

     არ გეჩვენებათ, რომ ეს ორი ფრანგი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. უელბეკიც, თავის მხრივ, ბოდლერისადმი სიყვარულს არ მალავს. ორივეს შემოქმედებაში იგრძნობა საუკუნეობრივი სევდა, უკმაყოფილება შექმნილი სიტუაციით. ლექსის ბოლო ორ სტრიქონს დააკვირდით (”- მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო? – ღრუბლები მიყვარს… ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ… ის საოცარი ღრუბლები”). რამე ხომ არ გაგახსენდათ? კი, კი, ეგაა – ”ადამიანები იდეალურები რომ ვყოფილიყავით, ცაზე მზის ჩასვლა–ამოსვლას დავჯერდებოდით”.**

ძალიან რომ არ გავწელოთ, მოკლედ შეგვიძლია ყველაფრის შეჯამება – მოვძველდით. დიახ, მოვძველდით. ელემენტარულ ნაწილაკებად ვიქეცით.

ასე თვლის უელბეკი.

 

* შარლ ბოდლერი, ”უცხო”. მთარგმნელი ზვიად გამსახურდია

** მიშელ უელბეკი, ”პლატფორმა”

Image

ლანჩი ღმერთისთვის

                                                                           1.

 

 

     ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ალმოდოვარის ადრინდელ ფილმებს. თოკოც ”ცუდ აღზრდაზე” გიჟდებოდა. გაელ გარსია ბერნალი მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც იქაურ, ისე აქაურ, ქართველ ბიჭებში. გრძელი ჩოლკა და სლიპინა კანი მოდაში ახალი შემოსული იყო და სხეულზე ზედმეტი თმის მოშორება თოკოს უკვე ჩვევად ექცა. დიდად არც აინტერესებდა სხვები რას იტყოდნენ, პიროვნული კმაყოფილებისკენ უფრო ილტვოდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, ერთადერთი ნათესავი, რომელმაც ბიჭის “აპეკუნობა” იკისრა, ბებია იყო (დედის მხრიდან). ბუნებრივია, მოხუცი, უვკე სამოცდაათს გადაცილებული ლელა ბებია ყველაფერს აკეთებდა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რათა ბიჭს არაფერი მოჰკლებოდა, თუმცა საკმარის ყურადღებას, რომელიც წესით და რიგით მშობლებისგან მოდის, ვერ აქცევდა, რამაც თოკოს მეთერთმეტე კლასის მერე სკოლისთვის თავის დანებება გამოიწვია. ეჭვი არ არის ბებიას ეს ადრე რომ გაეგო ძალ–ღონეს არ დაიშურებდა ბიჭი სკოლაში დაებრუნებინა, თუმცა მან ეს ნახევარი წლის მერე, 11 აპრილს გაიგო. 14–ში მეორე ინფარქტი დაემართა და ათასი გასაჭირის მნახველმა, ათასგზის ნაღრძობმა გულმა ვეღარ გაუძლო. ვერ ვიტყვით ეს თოკოს ემანსიპაციის ბრალიაო, თუმცა ბებიის სიკვდილში მისი წილიც უპირობოდ არის. დასაფლავებაზე მეც ვიყავი. უცნაური სევდით დამძიმებული, ორმოსთან მდგარ თოკოს ვუყურებდი და ძალაუნებურად პედრო მახსენდებოდა. ალმოდოვარი. უგულო არასდროს ყოფილა, მაგრამ კუბოს მიწაში ჩაშვებისას გაყინული მზერით, უსიცოცხლო თვალებით აკვირდებოდა ოფლში გაღვრილ მესაფლავეებს, დაჭიმული სხეულებით ფრთხილად რომ ჩაჰქონდათ უსულო ბებიის სხეული ნესტიან, ათასი ჯიშის ჭია–ღუით გატენილ მიწაში. გალაკულ კუბოს ვუყურებდი და გონებაში ჩემი დასაფლავების სცენა მიტრიალებდა – მიწის მიყრამდე ვერ გავძელი და ფიქრი შევწყვიტე. მოღრუბლული ცა წვიმას გვიქადდა. მართლაც, ორიოდე წუთში ისე დასცხო, სასაფლაო ერთ დიდ ტბას დაემსგავსა, ჩვენ კი უსუსურ ბაყაყებს, სულელებივით აქეთ–იქით რომ დახტოდნენ.

     მე მაშინ მეთორმეტე კლასს ვამთავრებდი და უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. არც ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე იურიდიულზე ჩამებარებინა – უარი მეთქვა ხატვაზე – და არა იმდენად ჩემი, რამდენადაც მშობლების სურვილი ამესრულებინა. პლიუს მანქანა მჭირდებოდა, რომლის მოპოვების ერთადერთი გზაც სწორედ რომ იურიდიული იყო. მამაჩემს საკუთარი საბროკერო კანტორა ჰქონდა გახსნილი და როგორც მაშინ კრასნოდარიდან ჩამოსული რუზი მეზობლები ამბობდნენ ”зарабатывал не хилые деньги”. ყოველ შემთხვევაში ”უიკენდებზე” კროასანები არ გვაკლდა. პროფესიით სტომატოლოგი დედა არ მუშაობდა, ”დიასახლისობას მისდევდა” და რატომღაც ინიციატივას არ იჩენდა, პროფესიის მიხედვით ემუშავა. ბუნებით გურმანი, ტაილანდური სამზარეულოს დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ყოველ ახალ გამოსულ (სხვათა შორის დიდი ინტერვალებით) კულინარიულ წიგნს ხელიდან არ უშვებდა. რთულად წარმოსათქმელი სახელებიდან ორად–ორი ”კხაუ ტომი” და ”პხატ სი იუ” დამამახსოვრდა, თუმცა სხვა ”პხ” და ”კხ”–იანებიც საკმარისად იყო. მე დიდად არ მომწონდა ეს ეგზოტიკური კხაუები, თუმცა დედის წყენინება ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, ასე რომ ჩუმად ვიჯექი და ბრინჯის სუპს დიდი მოთმინებით ვხვრეპდი. მამა კი პირიქით, ამ ყველაფერს აღმერთებდა და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კრევეტებს სიამოვნებით გეახლებოდათ. ერთი შეხედვით ჩემი ოჯახი არ ჰგავდა ქართულ მენტალიტეტზე, ხინკალზე და იმერულ ხაჭაპურზე დაფუძნებულ ”ორგანიზაციას”, თუმცა მამაჩემის თამადობით არაერთი ქორწილი წარმართულა. ბავშვობაში გამსახურდიასაც ხელებში მაჩეჩებდა, თან დაამატებდა: ”პირველ რიგში შენი წარმომავლობა უნდა გახსოვდეს, ინგლისურად ლაპარაკს ყოველთვის შეძლებო”. ”დიდოსტატის” კითხვისას სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) პატრიოტიზმით ვერ ვიმსჭვალებოდი, რაც შემდგომში ჩემი ”გადაგვარებულობის” საწინდარად მეჩვენებოდა. ეს ”გადაგვარებულობა” კი ძირითადად თექვსმეტი წლიდან სიგარეტის, ერთი–ორჯერ კი მეგრული პლანის მოწევაში, ხანდახან ღამემდე არყის ბოთლით ქუჩაში, ძმაკაცებთან ერთად ხეტიალში და უცენზურო სიტყვების სიუხვეში გამოიხატებოდა. ნიჰილისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ”ოჯახურ იდილიას” ალღო ვერა და ვერ ავუღე. ვცდილობდი ეს არ გამომეხატა და მშობლების კაპრიზებზეც არაერთხელ დამიხუჭავს თვალი, თუმცა ხინჯი გულს ედებოდა და ”ზნეობრივ სპაზმებს” მმართებდა.

     უმაღლესში ჩავაბარე და ყველას გასაკვირად 50 პროცენტიან დაფინანსებაში მოვხვდი. ”ბოდიშით ბატონო, ასამდე რომ ვერ ავქაჩე”. საბედნიეროდ ამას მანქანის ყიდვაში ხელი არ შეუშლია და თუ სწორად მახსოვს 8 ოქტომბერს სახლთან 2004 წლის ”Chevrolet Cruze” გაჩერდა. მამაჩემისთვის ფასი არ მიკითხავს (ზედმეტი პედანტურობით არასდროს გამოვირჩეოდი), მაგრამ იაფი რომ არ დაუჯდებოდა, ეჭვი არ მეპარებოდა. 1.3 ძრავიან, ოთხცილინდრიან ”შევროლეტს” საჭე მარჯვნივ ჰქონდა, რაც მაშინ საკმაოდ ”კარგ ტონად” ითვლებოდა. ზოგადად დიდი ჯაბახანები არასდროს მომწონდა, ამ ”პატარამ” კი იმ წამსვე დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულში და ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებაში. არ მეგონა თვრამეტი წლის ფეტიშისტი თუ გავხდებოდი, თუმცა რკინის ამ ნაჭერმა ერთ ხელის მოსმაში, უფრო სწორად – ერთ გავლაში გამაბედნიერა.

     გოგოებისადმი განსაკუთრებულ ლტოლვას ვერ ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ არცერთ სექსუალურ თანაკურსელთან გამორჩეულად არ ვაქტიურობდი, რასაც თანაკურსელ ბიჭებზე ვერ ვიტყვი, – მტაცებლებივით ჩასაფრებულები მზად იყვნენ ნაკუწ–ნაკუწ დაეგლიჯათ საბრალო გოგოები. სწორედ იმ პერიოდში წავიკითხე მურაკამის ”სპუტნიკი” და მიუუსთან მსგავსებამ ცოტა არ იყოს შემაშინა. განსხვავებული სქესის მიუხედავად, მეც მასავით ”უმოქმედოდ” ვარსებობდი და ექვს, თითქმის შვიდ მილიარდ ადამიანთან უპრობლემოდ თანავცხოვრობდი, მაგრამ სექსუალური ლტოლვა არ გამაჩნდა. არცერთი სქესის მიმართ. მაშინ ეს ყველაფერი ყოველდღიურ რუტინას მივაწერე და დიდად არც ვღელავდი. სასიყვარულო ურთიერთობებისგან გათავისუფლებული, თითქმის მთელ დროს სწავლას და ამერიკელი რომანისტების კითხვას ვუთმობდი. ერთგვარი ”პიკი” იყო – ყველაფერი ამერიკულისადმი დიდ სიმპათიას განვიცდიდი. ახლაც არ მესმის რატომ. ალბათ ყველა ქართველი ახალგაზრდის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ამერიკა მართლაც რომ dream-ად იქცევა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ალბათ, ცოტა გვიან მოხდა. კერუაკი იმდენად შემიყვარდა ძილის წინ ხშირად მიფიქრია ყველაფრისთვის მიმეფურთხებინა, ბარგი ჩამელაგებინა და სამოგზაუროდ წავსულიყავი. ისევ ხატვას დავუბრუნდებოდი, ესკიზებს შევქმნიდი, წამიერ პეიზაჟებს აღვბეჭდავდი. მოკლედ, ვიცხოვრებდი ისე, როგორც, წესით უნდა ვცხოვრობდე. მაგრამ არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია. 

მეორე კურსზე ვიყავი მამა ავარიაში რომ მოყვა. ცხრამეტი წლის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა რა არის ტკივილი, როცა შიგნით შავი ხვრელი ჩნდება და ნელ–ნელა გშთანთქავს, არარსებობის მდგომარეობაში გაგდებს. მამის სიკვდილმა კი სწორედ ამ მდგომარეობაში მიკრა თავი. ეს ამბავი დედამ შემატყობინა – აკანკალებული მეჩურჩულებოდა, თითქოს არ სურდა ჩვენი ლაპარაკი გაეგოთ. ”მოდი!” – შედარებით ხმამაღლა მომაძახა, თუმცა საკუთარი გულის ცემა უკვე დიდი ხანია ყველა გარე ხმას ახშობდა. არ ვიცი რამ უფრო ამანერვიულა – დედას ცრემლებით დამლბალმა ტონმა თუ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის მოულოდნელმა აღსასრულმა. პირველად ვიგრძენი თავი ჩამოყალიბებულ ადამიანად, რომელსაც ჯერ კიდევ შესწევს ძალები პირი გააღოს და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქოს. შემდეგ ამოისუნთქოს. ისევ ჩაისუნთქოს. და ისევ ამოისუნთქოს. ასე უსასრულოდ.

 

 

                                                                           *    *    *

 

 

     დასაფლავებაზე ხალხი ბლომად მოგროვდა, ძირითადად თანამშრომლები და მეზობლები. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე – მამას ნამდვილი მეგობარი არ ჰყავდა, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შეეძლებოდა ლაპარაკი, რომელიც მასთან ერთად გაიზიარებდა ბედნიერებას. იყო კი მამა საერთოდ ბედნიერი? ერთი შეხედვით ამას ვერ დაადგენდი. დილის ათი საათიდან საღამოს რვამდე კაბინეტში ჩაიკეტებოდა, ქაღალდში ჩაინთქმებოდა და ციფრების ჟონგლიორობით რეალურ სამყაროს წყდებოდა. სახლში დაღლილი მოდიოდა, დედას გაკეთებულ ”გემრიელობებს” დიდი სიამოვნებით შეექცეოდა, ცოტა ხნით ტელევიზორს მიუჯდებოდა, ათზე კი დასაძინებლად მიდიოდა. ყველაფერი გაანგარიშებულია! დაკონსერვებული! თითქოს მთელი ცხოვრება ერთი დიდი ორგანაიზერია. მგონი მამა არ იყო ბედნიერი…

     ძვირადღირებულ კოსტუმებში გამოწყობილი თანამშრომელბი თავდახრილები, ტუჩებგასწორებულები მიახლოვდებოდნენ და მხარზე ხელს მეგობრულად მიტყაპუნებდნენ. სევდიანი სიტყვებით, ჟანგმოდებული ტონით ყურში საქებარ სიტყვებს ჩამჩურჩლებდნენ და გამაგრებისკენ მომიწოდებდნენ…

     …გვიან გავაცნობიერე ასეთ გულისხმიერებას რატომ იჩენდნენ – მამამ კანტორა მე დამიტოვა, რაც ერთი შეხედვით სავსებით ლოგიკური, თუმცა მეორეს მხრივ ყოვლად გაუთვიცნობიერებელი გადაწყვეტილებაა. მე ამ საქმის არაფერი გამეგებოდა. საქმის მსვლელობისას გამოირკვა რომ პირველ რიგში წინდახედულ ბიზნესმენს, შემდეგ კი მზრუნველ მშობელს, ჩემი გამოუცდელობაც, კი არადა – აინუნში არ ყოფნაც გაუთვალისწინებია და ”რეგენტად” თავისი მარჯვენა ხელი დაუნიშნავს. საქმეს ჯერ–ჯერობით ის წაუძღვებოდა, ხოლო როგორც კი ”მოვმწიფდებოდი”, მმართველობა საკუთარ თავზე უნდა ამეღო.

     მეორე კურსის დამთავრების შემდეგ სწავლას თავი დავანებე და მთლიანად კანტორის საქმეებში გადავეშვი.

Image

2.

 

 

 

     ფანჯრების მეორე მხარეს ტესკატლიპოკას* ნადიმი გაიმართა. ოთახში მთვარის სუსტი შუქი თუ აღწევდა. ყინვისგან დაორთქლილ ფანჯრებზე წვეთები ციმციმებდა. კედლის საათს გავხედე: 19:48.

– გიგი, ვიღაც კაცი გკითხულობს, – კაბინეტში თავი შემოყო მდივანმა.

– სახელი არ გითხრა?

– ძველი მეგობარი ვარო…

– სად არის?

– მოსაცდელში მელოდება.

     მაგიდაზე დახვავებულ ფურცლებს თვალი შევავლე.

– შემოვუშვა?

     თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ფურცლების ერთ დასტად დაწყობა ვცადე, თუმცა ზედმეტად მაღალი და უშნო ზვინი გაკეთდა. ბოლოს და ბოლოს ოთხ ტოლ მწკრივად დავალაგე და კარებზეც დააკაკუნეს. ოთახში ჯერ მდივანი შემოვიდა, უკან კი დაახლოებით ჩემი ასაკის წვერმოშვებული მამაკაცი შემოჰყვა.

– თიკო თავისუფალი ხარ. შეგიძლია წახვიდე.

– ხვალამდე…

     როგორც კი ქეთი გავიდა ”ძველმა მეგობარმა” ნუგეშიანად ამოისუნთქა, თითქოს ეს ქალი მისი აურით იკვებობოდა, ახლა კი თავი სამშვიდობოს იგრძნო. სიბნელეში მისი სახის გარჩევა ვერ შევძელი. ერთი ცოტათი წელში მოხრილი, საკმაოდ შილიფად ჩაცმული კაცი იყო, მოკლედ შეჭრილი თმით, სიმპათიური ცხვირით და გრძელი წვერით. სინათლე ავანთე

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––

 * აცტეკების მითოლოგიაში სიბნელის, ღამის ღმერთი.

 

 

 

და სახეზე ხარბად დავაცქერდი, რამაც ”ძველი მეგობარი” ცოტა არ იყოს დააფრთხო – ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გაკვირვებული მომაშტერდა. ქვეცნობიერის ჯურღმულებში დავბორიალობდი და მისი საოცრად ნაცნობი ფიზიონომიისთვის წარსულის გარკვეული ეპიზოდის შეხამებას ვცდილობდი, თუმცა ვერაფერი გავიხსენე.

– უკაცრავად, – წამოვიწყე, – სამწუხაროდ ვერ გიხსენებთ. ერთმანეთს შევხვედრივართ?

     ”ძველმა მეგობარმა” თითქმის შეუმჩნევლად ჩაიღიმა და ცალი ხელით სკამს დაეყრდნო. დაღლილი ჩანდა.

– დაბრძანდით, – მივუთითე სკამზე და მაგიდას მივეყუდე.

     თავი დამიქნია და ნელა, თითქოს ნემსებზე ჯდებაო, სკამზე დაეშვა.

– გიგი… – ჩაილაპარაკა თავისთვის და სახეზე მომაშტერდა, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ მე მივაშტერდი მას.

– თქვენი სახე საიდანღაც მეცნობა, თუმცა ვერ ვიხსენებ საიდან.

– ბოლოს რომ გნახე, ბებიის დასაფლავებაზე, მას შემდეგ თითქმის ცამეტი წელი გავიდა.

     და თითქოს ლაბირინთიდან გასასვლელს მივაგენი, გონება ერთიანად გამინათდა. ფოტო–კოლაჟი ჩაირთო და მეც გამახსენდა ის დღე, თორნიკეს ბებია საფლავში რომ ჩაუშვეს და ცა უხარისხო ნაჭერივით გაიხა, ერთიანად დაგვალპო სასაფლაოზე მყოფნი. ”ძველ მეგობარს” თვალი შევავლე – კი, ეჭვი არ არის, თორნიკეა. ჩემს მეხსიერებაში არსებული ბიჭის რეპროდუქციისგან მხოლოდ ცხვირი დარჩენილიყო უცვლელი, ისევ ისეთი სიმპათიური. თითქმის მთლიანი სახე წვერს დაეფარა, სევდიანი თვალები კი მორჩილების განსახიერებას ხდიდა. ის თავისებური ნაპერწკალი, რომლის საშუალებითაც აგრერიგად ემსგავსებოდა ალმოდოვარის პერსონაჟებს, სადღაც გამქრალიყო, კვალიც კი არ დაუტოვებია.

– თორნიკე, – ჩავილაპარაკე, როგორც შემდეგ მომეჩვენა ჩურჩულით, – ცამეტი წელი…

– აქ ჩამოსვლისას გავიგე მამამისის კანტორას მართავსო და როგორ არ უნდა მენახა ბავშვობის მეგობარი…

– კარგადაც მოიქეცი რომ შემომიარე.

– ვაჟა ბიძიას სიკვდილი სულ ახლახანს გავიგე…

     პასუხის გაცემა არ მინდოდა, თავი დავუქნიე და იატაკს მივაშტერდი. თორნიკე გაუნძრევლად იდგა. როგორც ჩანს არანაირ ”წუხილის გაზიარებას” ან მხარზე ხელის დატყაპუნებას არ აპირებდა. ქვემოდან ავხედე – ჩემნაირად, ისიც იატაკს მისჩერებოდა.

– მომიყევი შენზე რამე… რას აკეთებდი მთელი ეს წლები? – შევცვალე თემა.

– ლელას სიკვდილიდან ორი წლის თავზე მოლდოვაში წავედი საცხოვრებლად. ბიძაჩემი ახლაც იქ ცხოვრობს, მაშინ ძალიან დამეხმარა. წარმოგიდგენია, არც კი ვიცოდი მოლდოვაში ბიძა თუ მყავდა. ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანაში მომაწყო… შემდეგ ცოლი მოვიყვანე.

– გილოცავ, – ჩავურთე უადგილოდ, არადა შემეძლო გაღიმებულს უბრალოდ თავი დამექნია.

– მადლობა… მერე მოქალაქეობა მომცეს. პირველივე წელს ბიჭი შეგვეძინა, – ნიკოლასი. მე ამ იდიოტური სახელის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, – საკუთარი თავის გასამხნევებლად ჩაიცინა, – იულიანამ ამოიჩემა. ნიკოლასს თამარი მოჰყვა… ჩემი ცხოვრება… არასწორად არ გამიგო, ნიკოლასი ჩემთვის არანაკლებ ძვირფასია, უბრალოდ გოგოზე ყოველთვის ვოცნებობდი.

– გოგო მაინც სხვაა, – მომეჩვენა თითქოს ისევ უადგილოდ ჩავეჭერი.

– ორი თვის წინ ჩამოვედით… – დააგვირგვინა თორნიკემ და უცნაური მზერა მესროლა. ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა.

– უკვე ღამდება, – წამოვიწყე მცირე პაუზის შემდეგ, – მგონი აქ ჩვენს მეტი არავინაა. ახლავე, რაღაცებს მოვაწესრიგებ და ჩემთან ავიდეთ, შედარებით მშვიდ გარემოში დავილაპარაკოთ… – თუმცა როგორც კი უკანასკნელი სიტყვები წარმოვთქვი ირგვლივ გაბატონებულ სიმშვიდეს დავუგდე ყური და ნათქვამის აზრს მოკლებულობა გავაცნობიერე – სახლშიც კი არ იქნებოდა მსგავსი სიწყნარე და მშვიდი გარემო.

     ფურცლები უჯრაში ჩავალაგე, პალტო შემოვიცვი და გარეთ გასვლისას კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე. მე და თორნიკემ შენობა დავტოვეთ და წყვდიადში პარკინგისკენ გავემართეთ. ჭეშმარიტად სტივენკინგური ნისლი ისედაც შეუხედავ, შიშის მომგვრელ პარკინგს კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა. მანქანაში ჩავსხედით და ავტო–სადგომი ხმის ამოუღებლად დავტოვეთ.

     ნისლი მთელ ქალაქს მოსდებოდა. უხილავი ნაჭრით დაფარულ ქუჩებში ხალხი თითქმის არ ჩანდა. ლამპიონების მქრქალი ნათება გზას ოდნავ გასარჩევს თუ ხდიდა, ფაქტიურად წყვდიადის ლაბირინთში დავძრწოდით.

     თორნიკეს შევავლე თვალი – ერთ წერტილს მიშტერებული ერთგვარ ტრანსში იმყოფებოდა, არ ინძრეოდა, თვალებსაც კი არ ახამხამებდა, თითქოს მის წინ გადაშლილი ჯოჯოხეთური პეიზაჟით იკვებებოდა, ცხოვრების გაგრძელებისთვის აუცილებელ ენერგიას იღებდა. მომეჩვენა რომ არ სუნთქავდა, მაგრამ უცებ შემომიბრუნდა და უხალისოდ გამიღიმა. ღიმილითვე ვუპასუხე და პლეერში მაქს ბრუხის ”ვიოლინოს კოცნერტი No.1 სოლ მინორში” (ვოლფგანგ შნაიდერანის შესრულებით) ჩავრთე. დინამიკებიდან გადმოღვრილმა მელოდიამ მთელი სალონი სიტკბოებით აავსო. მეტიც, – მოულოდნელობის, დაძაბულობის ეს ნახევრად ხორციელი, ნახევრად აბსტრაქტული განსახიერება გარე სამყაროს შეერწყა, თითქოს ავტომობილი აღარ წარმოადგენდა დამცავ ბარიერს – უკვალოდ გაქრა და შიშის მომგვრელი ნისლი ჩვენში შემოიჭრა – ჩემში და თორნიკეში – და რეჩიტატივად ბრუხის კომპოზიციით მტვრის ნაწილაკებად გვაქცია, ჰაერში მიმოგვფანტა.

– რა ლამაზი მელოდიაა, – თორნიკეს შორეულმა ხმამ ფიქრიდან რეალობაში დამაბრუნა.

– ჰო, მეც ძალიან მომწონს.

– რიზენფელდია?

– ბრუხი.

     თავი დამიქნია და პლეერს მიაშტერდა, თითქოს ელოდა იქიდან ბრუხი როდის გადმოვიდოდა.

     დისტანციონით ავტო ფარეხის კარები გავაღე. მანქანა გავაჩერე და პლეერი გამოვრთე. შედარებით ”გონზე მოსული” თორნიკე სივრცეს დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა.

– აბა, წავედით, – ხელი ხელს შემოვკარი, – სახლი აქედან ორ ნაბიჯზეა.

     თორნიკე მორჩილი ძაღლივით თავდახრილი გამომყვა. ცოტა არ იყოს მაოცებდა მისი უცნაური საქციელი, არც კი ვიცოდი ეს რისთვის მიმეწერა – თავში არანაირი იდეა არ მომდიოდა, ასე რომ ფიქრს მალევე შევეშვი. ვცდილობდი ძველი მეგობარი არ დამეფრთხო.

     ბინა მართლაც ორ ნაბიჯზე მქონდა. ქუჩა ერთ გრძელ დუპლექსების გრადაციას წარმოადგენდა. გასაღებით კარები გავაღე და ცივი, ჩაბნელებული ქუჩიდან თბილ ოთახში გადავინაცვლეთ.

     თორნიკემ პირველი სართული შეათვალიერა და კმაყოფილმა შენიშნა:

– მშვენივრად მოწყობილხარ.

– მიყვარს კომფორტი, – სქელ კედლებზე მივაკაკუნე: – და სიმშვიდე.

     მის კობალტისფერ, ერთი–ორგან გამოხეულ პიჯაკს მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება. ვურჩიე გაეხადა და საკიდზე ჩამოვკიდე. პალტო გავიძრე. ჟაკეტთან ერთად თორნიკეს პიჯაკის გვერდზე დავკიდე და პერანგი ზედა ორ ღილზე შევიხსენი. ბინაში საკმაოდ ცხელოდა – გამახსენდა რომ გათბობის სისტემა რამდენიმე დღის წინ მწყობრიდან გამოვიდა, ხელოსანი კი ხვალ უნდა მოსულიყო.

– გათბობის სისტემა მოიშალა, – მოვუბოდიშე თორნიკეს და ხელით დავინიავე.

– არა უშავს, არ მცხელა.

– რამეს ხომ არ დალევ? კარგი კონიაკი მაქვს!

– უარს არ ვიტყოდი, – უხერხულად გაიღიმა.

     მინი–ბარისკენ წავედი.

– შეიძლება ერთი ინტიმური შეკითხვა დაგისვა? – მომესმა ზურგს უკან.

– კი, რა თქმა უნდა.

– რამდენი დაგიჯდა ეს ბინა?

– ჰმმ, ავეჯიანად – ოთხმოცდახუთი.

     გაოცებისგან თვალები გადმოკარკლა, თითქოს ეს–ესაა პლანეტის უდიდესი საიდუმლო გავუმხილე. კონიაკის ბოთლით და ორი ჭიქით მისკენ გავემართე.

     ჭიქა შევუვსე.

– მმმ, საუკეთესოა, – გამომიტყდა პირველი ყლუპის შემდეგ.

– ირლანდიურია. თანამშრომელმა მაჩუქა.

– ყველაფერი ირლანდიური საუკეთესოა, – ფაქტის კონსტატაცია მოახდინა და კონიაკი მოსვა.

     თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

– ახლა უფრო დაწვრილებით მომიყევი შენს შესახებ, – ვუთხარი პირველი ორი ჭიქის შემდეგ, – ყველაფერი მაინტერესებს. ცამეტი წელი… არ დაგიმალავ, შენი ყოველთვის მშურდა, – შუბლი შეეჭმუხნა, – სულ ვფიქრობდი ნეტა მასავით თავისუფალი ვიყო, საკუთარი ”მე”–ს დასაკმაყოფილებლად მოქმედება, ყოველ წუთს არჩევანის გაკეთება, ყველასთვის სახეში შეფურთხება შემეძლოს–მეთქი. ჩემს თვალში ჰეკლბერი ფინად იქეცი.

     გაეცინა.

– მიკვირს, – წამოიწყო მშვიდად, – მე კი სწორედ შენი მშურდა. ორგანიზებული ცხოვრება, – ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მუდამ კომპრომისები! იდილია, რომელიც ასე უცხო იყო ჩემთვის!

– არა, არა, ეგ ერესია! ცდები. ორგანიზებული, გათვლილი, წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება ვერ იქნება ბედნიერების მომტანი. როცა შეზღუდული არჩევანი გაქვს, მუდამ ვიღაცის სიამოვნებისთვის პირად ოცნებებზე და მისწრაფებებზე უარს ამბობ. Ubi bene, ibi patria – სამშობლო იქაა, სადაც თავს კარგად გრძნობ. ეს არ იყო და ვერ იქნება ჩემი სამშობლო, აქ მე თავს კარგად ვერ ვიგრძნობ. ოჯახს ვგულისხმობ.

– მესმის.

– შენ კი ამბობ ასეთ ”იდილიაზე” ვოცნებობდიო. მიმიფურთხებია ამ ”იდილიისთვის”!

– სამაგიეროდ ეს ”იდილია” დილაობით ცხელი საუზმით უზრუნველგყოფს. ცხელი წყლით, კბილის პასტით და ჯაგრისით, პურით… არ გიწევს ყოველ დღე ალალბედზე ცხოვრება, სიარული, მკითხაობა ნეტავ ხვალ ცოცხალი თუ ვიქნებიო. დამიჯერე, არც ასეთი ყოფაა მიმზიდველი.

     გაელ გარსია ბერნალი უკვალოდ გამქრალიყო, მის ნაცვლად კი სასოწარკვეთილი კონფორმისტი თვალებში მომჩერებოდა და ამოუცნობი მზერით ცოცხლად მჭამდა. დაახლოებით ვხვდებოდი რისთვის მომაკითხა, თუმცა შევეცადე გაუთვიცნობიერებელი სახე მიმეღო. მის მიმართ ერთდროულად იმედგაცრუებას და სიბრალულს ვგრძნობდი. იმედები გამიცრუა მისმა პესიმისტურმა დამოკიდებულებამ ცხოვრებისადმი. მისმა დაკარგულმა ”ნაპერწკალმა”, ჩემს თვალში ფაქტიურად კერპად რომ წარმოაჩენდა. ამავდროულად მებრალებოდა, როცა წარმოვიდგენდი როგორ ცხოვრობდა და ცხოვრობს. რამდენი რამ გამოიარა ახლანდელ მდგომარებამდე  (გარეგნულად თუ ვიმსჯელებთ არც თუ ისე სახარბიელო) მოსასვლელად, მაშინ როცა მე კროასანებით ვიბუკნებოდი და ყოველ კვირა კინოთეატრში დავდიოდი.

Image

– იცი, მამის სიკვდილის შემდეგ, – შევეცადე რაც შეიძლება გულწრფელი ვყოფილიყავი, – ფაქტიურად მთლიანად შევიცვალე. საყვარელი ადამიანის დაკარგვისგან მოყენებულ ტკივილზე ძლიერი, მხოლოდ იმის გაცნობიერება იყო, რომ მამა ბედნიერი არასდროს ყოფილა. არ ჰყავდა საუკეთესო მეგობარი, რომელიც ტკივილისა და სიხარულის გამზიარებლის როლს შეასრულებდა. არ ჰყავდა ”ნამდვილი შვილი”, რომელიც სიცოცხლეშივე დააფასებდა, მთელი გულით ეყვარებოდა და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ლოყაზე აკოცებდა. არ ჰყავდა მოსიყვარულე ცოლი, ძირითად ყურადღებას და სითბოს ქმარსა და შვილზე რომ გადაანაწილებდა და არა ტაილანდურ კერძებზე. ცოლი, რომელიც ძილის წინ მოეხვეოდა და სხეულით გაათბობდა. დარწმუნებული ვარ მამას საყვარელიც არ ჰყავდა, რომელთანაც ფრუსტრაციას სულ ცოტა ხნით მაინც გაექცეოდა. იგი არ იყო ბედნიერი. მოვალეობებით დამძიმებულს თავი მუდამ დახრილი ჰქონდა და წინ გადაშლილ პერსპექტივებს, მდუღარე ცხოვრებას ვერც კი ხედავდა. ამის გაცნობიერებამ ბოლო მომიღო. აღმოჩნდა რომ საკუთარ მამას არათუ არ ვიცნობ, არამედ სრულიად უცხო ადამიანისგან ვერც კი ვარჩევ. ეს უტრირება არაა. სიმართლეა, მწარე სიმართლე!

     სახეცვლილი თორნიკე დიდი მოწიწებით მისმენდა. როგორც ჩანს მონაყოლმა მასზე ძლიერ იმოქმედა. ხელში ცარიელი ჭიქა ეჭირა.

– კონიაკი დაისხი, – მივუთითე ბოთლზე.

     უარის ნიშნად თავი გააქნია.

– მგონი დროა გითხრა რატომ შეგაწუხე, – ერთიანად გაწითლდა. სახეზე ეტყობოდა – ამის თქმას ერჩივნა მიწა გასკდომოდა და გავარვარებულ ლავაში ჩავარდნილიყო.

     სიტუაციის განსამუხტად, ან უფრო ბიძგისთვის მშვიდად ვუთხარი:

– გისმენ.

– იცი რაშია საქმე?.. ახლა უბრალოდ… – თავს ვერა და ვერ აბამდა, – მე და იულიანა… ძალიან რთულ სიტუაციაში მოვხვდით… ერთი კაცის ვალი გვმართებს. მოლდოვაში ბინა გავყიდეთ, ავეჯიანად… არაფერი დამრჩა… ამჟამად ერთ ძველ მეგობართან ვცხოვრობთ, ცოტა ხნით შეგვიფარა. მაგრამ ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს… ცოლ–შვილიანია… ორ ოთახიანში შვიდნი ვცხოვრობთ. იმ კაცის ვალი ჯერ კიდევ მმართებს. ვიფიქრე… არა, არა, არ გთხოვ ბინის ან სამსახურის შოვნაში დამეხმარო, ამას როგორმე გავართმევ თავს. უბრალოდ იქნებ ვალის დაფარვაში წამეშველო?.. პირობას გაძლევ, კაცურ სიტყვას, თამარის და ნიკოლასს გეფიცები, როგორც კი სამსახურს ვიშოვი ნელ–ნელა დაგიბრუნებ.

     ამ კაცის მიმართ ჯერ არნახული სიმპათია გამიჩნდა. პირველად, ოცდაათი წლის განმავლობაში ნამდვილი ხორციელი ლტოლვა ვიგრძენი. ის მე მთელი სხეულით მიზიდავდა, მაგნიტივით მოქმედებდა, შანსს აღარ მიტოვებდა. ცრემლმომდგარი თვალებით სულის სიღრმეში მიძვრებოდა და დაუფიქრებლად მანადგურებდა. ”რაა? თორნიკე? წარმოუდგენელია!”

– რამდენი გჭირდება? – ვკითხე დაუფიქრებლად.

– თხუთმეტი ათასი.

– ლარი?

– დოლარი?

      კონიაკი დავისხი. თხუთმეტი ათასი დოლარი კატასტროფულ თანხას ნამდვილად არ წარმოადგენდა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა დახმარებაზე უარი არ მეთქვა, ასე რომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.

     წამოვდექი და მეორე სართულზე ავედი. კაბინეტში გამომშრალი მუხის თავბრუდამხვევი არომატი ტრიალებდა. მაგიდის უჯრიდან წიგნაკი ამოვიღე და თხუთმეტი ათასი დოლარის ოდენობის ჩეკი გამოვწერე. თორნიკე თავდახრილი მელოდებოდა, ნამდვილად არ ეთაკილებოდა ამოდენა თანხის თხოვნა. დარცხვენილი მისჩერებოდა იატაკს და ცარიელ ჭიქას ხელში ათამაშებდა. ჩეკი გავუწოდე და მეგობრულად გავუღიმე.

– გიგი, – აუცრემლიანდა თვალები.

– არაფრის, – მხარზე ხელი დავუტყაპუნე, – მეგობრები მეგობრებს მხარში უდგებიან. ვალის დაბრუნებაზე თავს ნუ აიტკენ, არ მეჩქარება.

     მშვენივრად ვაცნობიერებდი ვალის დაბრუნებას რომ ვერ შესძლებდა. ჩეკი გამომართვა და უხერხულად დააშტერდა.

– ნებისმიერ ბანკში გაგინაღდებენ, – სათქმელს მივუხვდი.

     ჯიბეში ჩაიდო და ჭიქა შეავსო.

– გაგიმარჯოს გიგი! ღმერთი არ დაგივიწყებს ამ სიკეთეს. და არც მე!

– ღმერთისთვის ეს მხოლოდ ლანჩია. პატარა წახემსება. დიდი ვერაფერი ”ღვთაებრივი ქმედებაა”. მთავარია შენ იყო კარგად. სიკეთის დანიშნულება სწორედ ესაა – ადრესატის გაბედნიერება და არა ღმერთის თვალში ამაღლება.

     პასუხად ჭიქა მომიჭახუნა და ერთ მოსმაში დაცალა. მის მიმართ გაურკვეველ ლტოლვას ჯერ კიდევ ვგრძნობდი. ჩემში წარმართული ბიო–ქიმიური პროცესები რაღაც წარმოუდგენლისკენ მიბიძგებდნენ, თუმცა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი – რისკენ. ”რატომ თორნიკე?” იქნებ წარსულის ტკბილი და არც ისე ტკბილი მოგონებების მოზღვავებამ რეალობის მიერ დასაჭურისებული შინაგანი ”მე” აპენდიქსივით ამომაჭრა და მხოლოდ ნამდვილი მე დავრჩი – ცოცხალი, მბორგავი. პენისი გამიმკვრივდა, სისხლი მაწვებოდა, კედლები დიდი წნეხის ქვეშ ექცეოდნენ. ”ცოტაც და ავფეთქდები!” საათს დავხედე – პირველი დაიწყო.

     კონიაკი გამოვცალეთ და ლიქიორს დავეწაფეთ. ბევრს ვლაპარკობდით, აღარ მახსოვს რაზე. მხიარულ ისტორიებსაც ერთგვარი სევდანარევი ტონით ჰყვებოდა. თითქოს თითოეულ სიტყვას არაამქვეყნიური დარდის ყალიბებში აწრთობდა. ყოველი შემთხვევისთვის მობილურის ნომერი ჩავაწერინე.

– გვიანია, შეგიძლია დღეს აქ დარჩე, – შევთავაზე ვრცელი დიალოგის შემდეგ.

– იულიანა ინერვიულებს, – მოკლედ მომიჭრა და ფეხზე წამოდგა.

– შეგიძლია აქედან დაურეკო, – წამოვდექი მეც.

     რამდენიმე წამი ეჭვის თვალით მიყურებდა.

– პირველი ხდება , – დავხედე მაჯის საათს.

     ამან, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაარწმუნა.

– საიდან შეიძლება დავრეკო?

– ტელეფონი სამზარეულოში დგას.

     ოთახიდან გავიდა. თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი, მაგრამ ბოლომდე ახლაც ვერ ვხვდები რატომ. უბრალოდ მიხაროდა რომ ჩემს გვერდით ვინმე იქნებოდა, თუმცა რა თქმა უნდა სხვა და სხვა ოთახებში დავიძინებდით.

     დაახლოებით ხუთ წუთში სამზარეულოდან გამოვიდა.

 

 

     საწოლში ვიწექი და უმოქმედობისგან სხეული მითრთოდა. თითქოს დრო გაჩერდა. Stop-ღილაკს თითი დააჭირეს და სამყარო ერთ დიდ ვაკუუმად იქცა. სამარისებურ სიჩუმეში თავს უცხოდ ვგრძნობდი. მარტოობის შეგრძნება დამეუფლა.

     წამოვდექი, ფლოსტებში ფეხები გავყავი და საძინებლიდან გასული, თორნიკეს ოთახისკენ გავემართე.

     დავაკაკუნე.

     საბნის შრიალი მომესმა. კარები მალევე გამიღო.

– მოხდა რამე? – მკითხა გაკვირვებულმა.

     თვალებში მივაშტერდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. მართლაც – მოხდა რამე? მგონი არაფერი. ყველაფერი მშვენივრადაა. ვგრძნობ – ერთიანად ვკანკალებ. როგორც ჩანს ეს თორნიკემაც შეამჩნია – შეშფოთებული მიყურებს.

     ტუჩებში ვეცი და თმაში ხელი შევუცურე. ენა კბილების სახით აღმართულმა ბარიერმა შეაჩერა. ცივად მომიშორა და გაფართოებული თვალებით შემომხედა.

– ხომ არ გაგიჟდი?! – მკითხა უფრო მშრალად, ვიდრე აგრესიულად.

– არ ვიცი. მგონი.

     ხელები შემოვხვიე და სხეულით მივიკარი.

– არ ვიცი რას ვაკეთებ. ძალიან გთხოვ ნუ გამიძალიანდები. მე ეს მჭირდება. დამეხმარე, – შევევედრე. ვტიროდი.

     აღარ გამძალიანებია. საწოლზე დავაწვინე და საცვალი გავხადე.

Image

დილით ქამრის ზარუნმა გამაღვიძა. თორნიკე ჯინსებს იცვამდა.

– მამა თითქმის არ მახსოვს, – თქვა უეცრად. ჩემსკენ ზურგით იდგა. – პატარა ვიყავი ინფარქტი რომ დაემართა. ლოთი იყო, მაწანწალა, – ამის აღიარება არ მრცხვენია. დღე არ გავიდოდა ღვინო რომ არ ჩაეხეთქა. ცემით არასდროს ვუცემივარ, – მცირე პაუზა. – სხვათა შორის არც დედა, მაგრამ საშინელი ყვირილი იცოდა. ბოლო სიტყვებით იგინებოდა. სახლში თუ რამე გაფუჭდებოდა ღრიალი მთელ კორპუსს ედებოდა. პატარა ვიყავი, წესით კომპლექსები ჯერ არ უნდა მქონოდა, მაგრამ სირცხვილით სახლიდან თავს ვერ ვყოფდი. ერთ დღეს, წესისამებრ გამტყვრალი რომ მობლაყუნდა, მუხლებზე დადგა და სახეში აყროლებული ჰაერი შემომაფქრვია: ”შენ ჩემი შვილი არ ხარ! მხოლოდ ჩემი სიკვდილი გინდა!”… დასაძინებლად წავიდა… – საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა. ის–ის იყო სიტყვის აღება დავაპირე, რომ განაგრძო: – მეორე დღეს მკვდარი ვიპოვეთ. ბოთლით ხელში დივანზე ეგდო, ტელევიზორის წინ.

     გადავწყვიტე არაფერი მეთქვა. ფეხსაცმელები ამოიცვა და კარებისკენ გაემართა.

– ნახვამდის, – გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.

     მას შემდეგ თორნიკე აღარ მინახავს.

 

 

                                                                             3.

 

 

     ბანაობისას ტანი გულდასმით გავიხეხე. არ მინდოდა გუშინდელი ღამის კვალი სხეულზე დარჩენილიყო. დილას თავი მისკდებოდა. შხაპის ქვეშ გავიფიქრე: ”ეს ყველაფერი მართლა მოხდა?” სექსუალური ლტოლვა უკვალოდ გაქრა. ისევ გამოვიფიტე. მონუმენტად ვიქეცი. ცისკენ თითმიმართულ ძეგლად ”ამელიდან”. ცხოვრებამ აზრი ისევ დაკარგა.

     დიდხანს ვფიქრობდი და გავაცნობიერე – გეი ნამდვილად არ ვარ. ეჭვი არ არის. ამის დასამტკიცებლად ინტერნეტში გეი–პორნოს ყურებამაც კი მომიწია. თავს ვიკავებდი გული არ ამრეოდა. არ მჯეროდა რომ იგივეს განმეორება შემეძლო. ორი წუთის შემდეგ სულაც გამოვრთე.

     ”რაშია საქმე? რა მემართება?”

     ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობდი. თითქოს ჩემში კიდევ ერთი ადამიანი ცხოვრობს, ჩემთვის მიუწვდომელი და ჩემზე გაცილებით ძლიერი. მე მასთან შედარებით უსუსური ჭიამაია ვარ. არც კი მინდოდა წარმომედგინა რას იფიქრებდა თორნიკე. მისთვის ალბათ ეს ნამდვილი შოკი იყო. საინტერესოა რატომ არ შემეწინააღმდეგა? ხათრის გამო? ან იქნებ ფულის? არცერთი ვარიანტი დამაჯერებლად არ ჟღერდა – თორნიკე არათუ არ მეწინააღმდეგებოდა, არამედ ხელსაც კი მიწყობდა.

     ამის გაფიქრებაც კი ცუდად მხდიდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო წუხანდელ ღამეს დაუფიქრებლად ამოვიშლიდი მეხსიერებიდან. სამწუხაროდ ეს ხელთ არ მეწიფებოდა.

     უშაქრო ყავა დავლიე და სამსახურში წავედი.

     ”როგორც კი თორნიკე დამირეკავს ყველაფერს ავუხსნი.”

     რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ თორნიკე დამირეკავდა.

 

 

 

                                                                           4.

 

 

 

    როგორც შემდეგ გაირკვა – ვცდებოდი. თორნიკეს არც იმ დღეს დაურეკავს, არც მეორე და მესამე დღეს შემხმიანებია. დღეებს კვირები მოჰყვა, კვირებს – თვეები, თვეებს – წლები.

     მთელი ამ ხნის განმავლობაში რაზეც არ უნდა მეფიქრა – იქნებოდა ეს სამსახურის საქმეები თუ კითხვისას დაგროვებული შთაბეჭდილებები – ქვეცნობიერად მაინც იმ ღამეზე ვფოკუსირდებოდი, რომლის დავიწყებაც ვერა და ვერ შევძელი. მოკიდებული ტვირთი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, წელში გამტეხა და სამუდამოდ დამაინვალიდა. რა არ ვეცადე, რამდენი მეძავი არ მოვიარე, იმის იმედით რომ ხორციელი ნეტარების მიღების სურვილი კვლავ გამიჩნდებოდა, თუმცა უშედეგოდ. სასქესო ორგანო არც მოქნილ პირზე რეაგირებდა, არც გაწვრთნილ ხელებზე. სასოწარკვეთილმა, BDSM–იც კი ვცადე, თუმცა სიამოვნება კიდევ უფრო შორეული მომეჩვენა და მალევე შევევშვი.

     თორნიკეს ნომერი არ გამაჩნდა. მისი მოძებნა კი ისევე უშედეგო იყო, როგორც ღამით ვარსკვლავების თვლა. თითქოს ასეთი ადამიანი არც კი არსებობდა. ბანკში განმიცხადეს ფული არავის გაუტანიაო. ამ ამბავმა ჩემზე ყველაზე მეტად იმოქმედა – როგორც ჩანს თავი შერცხვენილად იგრძნო, ქუჩის მეძავად, ფულის გამო ნებისმიერს რომ დაუწვება.

     მზად ვიყავი პირველ შემხვედრ მანქანას ბორბლებში შევვარდნოდი.

 

 

 

                                                                        

 

 

                                                                         5.

 

 

     ახლა უკვე მეჩვენება მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. 2029–ში ალმოდოვარი ვენებგადაჭრილი იპოვეს საძინებელში, მანამდე კი, 2028 წელს, ფილმისთვის ”დაკარგული სამოთხე, ანუ ნაპოვნი ჯოჯოხეთი” სამი ოსკარი აიღო.

     საყვარელ ხელოვანთან გამოსათხოვრად ალმუდენას სასაფლაოზე ორი კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ფერნანდო რეის* და ბენიტო პერეს გალდოსის** მოკრძალებულ საფლავებთან შედარებით, ალმოდოვარის თითქმის ორჯერ მაღალი და ამდენჯერვე განიერი ”ციხე–კოშკი” გამოსათხოვრად მოსულებს ზემოდან ამაყად დაჰყურებდა და სიდიადეს კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.

     პირდაპირ ეთერში ცალი თვალით ვუყურებდი უსასრულოდ გაჭიმული რიგის გადაადგილებას, როცა ნაცნობი სახე გავარჩიე. გაზეთის კითხვას თავი ვანებე და პულტით გამოსახულება გავადიდე. ოპერატორი შავებში გამოწყობილ დამწუხრებულ მგლოვიარეებს მსხვილი პლანით აჩვენებდა. გრძელი შავი ზოლის შუაში ერთი ჭაღარა, სუსტი მამაკაცი მაგნოლიების თაიგულით ხელში მშვიდად ელოდა საკუთარ რიგს. მსგავსი ტიპის მამაკაცები ირგვლივ ბლომად იყვნენ, თუმცა ამ კონკრეტულის სახე საიდანღაც მეცნობოდა.

     ”ო, ღმერთო! თორნიკე!”

     გული ამიჩქარდა. თვალზე მომდგარი ცრემლი მაჯით შევიმშრალე და ეკრანს მივაშტერდი, თუმცა ობიექტივში მხოლოდ ქალები ჩანდნენ.

     ”გამოდის ცოცხალია!”

     ცოცხალია და თანაც როგორი – + 35ºC სიცხეში ალმოდოვარის საფლავთან მიმავალ რიგში დგას.

     იქნებ ეს არ იყო თორნიკე. სახის ნაკვთებით თითქოს არ ჰგავდა, ერთი კია – სიმპათიური ცხვირი უმალ მას მოგაგონებდათ.

    სავარძელში ჩავჯექი და თვალები მოვხუჭე.

    

 

     სწორედ ამ დროს, ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელმაც სერანია–დე–რონდას თითქმის მთლიანი რეგიონი მიწასთან გაასწორა. კორტეს–დე–ლა–ფრონტერა, როგორც მეორე დღეს გაზეთები დაწერენ: ”აღიგავა პირისაგან მიწისა”. დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ორი ათასამდე კი დაკარგულად ითვლება. ანდალუსია ერთ დიდ კრატერს დაემსგავსა.

 

 

 

* ესპანელი მსახიობი

 

** ესპანურ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენელი.

Image

ამერიკული ვიტამინები (პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირები:

ირაკლი, სანდრო, გიდი

მოქმედების ადგილი: ამერიკა, თავისუფლების კუნძული, თავისუფლების ქანდაკება.

 

     თავისუფლების კუნძული. ივნისის ერთ–ერთი მზიანი დღე. ტემპერატურა: 29 გრადუსი ცელსიუსი, ნესტიანობა – 87 %, ატმოსფერული წნევა – 1038,25 მბ (მილიბარი). ამერიკაში დროებით საცხოვრებლად ჩასული ირაკლი და სანდრო თხუთმეტი ადამიანისგან დაკომპლექტებულ საექსკურსიო ჯგუფთან ერთად თავისუფლების ქანდაკებას ეწვივნენ.

 

სანდრო: პროსტა რამხელაა, ძმობას გაფიცებ!

ირაკლი: შენ რა, პატარა გეგონა?

სანდრო: არა… მარა ამხელა, ტო?!

 

     გიდი, – ქერათმიანი, სასიამოვნო შესახედაობის ოციდან ოცდახუთ წლამდე გოგო, ფერადი  ბუკლეტებითა და ბინოკლებით აღჭურვილ ტურისტებს ქანდაკების მოკლე ისტორიას აცნობს.

 

გიდი: თავისუფლების ქანდაკება, 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტია, რომელიც აქ, ლიბერტი-აილენდზე მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუძონის შესართავთან ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო…

სანდრო (ირაკლის): გაიგე რა თქვა?

ირაკლი: რა?

სანდრო: საფრანგეთმა აჩუქაო.

ირაკლი (სანდროს ცოტა არ იყოს ხმამაღალი ჩურჩულის გამო შეწუხებული ტურისტების უკმაყოფილო სახეების დანახვაზე ალმური ედება): გავიგე. ხმა ჩაიგდე და მომასმენინე!

სანდრო: ძმობას გაფიცებ, საფრანგეთიდან აქამდე ამხელა ჯართი როგორ მოიტანეს?

ირაკლი (გაღიზიანებული): იქ დაშალეს და აქ ააწყვეს!

 

     გიდი განაგრძობს:

გიდი: ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

სანდრო (ირაკლის): არ ჩააბარებდა ახლა ამას კაცი ჯართში?.. (და თავის ხუმრობაზე თვითონვე იცინის) ამას და ეიფელის კოშკს.

ირაკლი: გაჩუმდი, არ შეგიძლია?! მომასმენინე, ისედაც ვერაფერს ვერ ვიგებ. ყველა ჩვენ გვიყურებს.

სანდრო: მე დამაბრალე შენ რო ინგლისური არ იცი!

 

     ირაკლი აღარ პასუხობს. გიდი უხალისოდ იღიმის და ჯგუფს მიმართავს.

 

გიდი: ახლა, მოდით ქანდაკების შიგნით არსებული კიბეებით გვირგვინზე ავიდეთ, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მოგეხსენებათ: 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით ეს ასასვლელი დახურული იყო მნახველებისათვის, თუმცა რამდენიმე თვის წინ მთავრობამ გადაწყვიტა ის კვლავ გაეხსნა.

სანდრო (გიდს გატეხილი ინგლისურით მიმართავს): ექსკიუზ მი… იეს, აი. ეს ის თერთმეტი სექტემბერია, ილევენ სეფთემბერ, თვითფრინავები რო ბუ–ბუხ? (და ჟესტებით აფეთქების ინსცენირებას ცდილობს)

 

     ირაკლი ერთიანად ფერმკრთალდება – მეგობრის მაპროვოცირებელი საქციელი პირდაპირ პიკს აღწევს. ჯგუფის სხვა წევრები შეწუხებული სახეებით მიშტერებიან ამ ორს, სანდრო კი მშვიდად განაგრძობს ”ექსფლოუჟენის” ძახილს და ხელებით თვითმფრინავის დახატვას ცდილობს. გიდი დაბნეულია, არ იცის რა თქვას.

 

ირაკლი (სანდროს): ხო არ გაგიჟდი შეჩემა, რეებს ბაზრობ?!! არ იცი რო ეგეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება. ახლა შენ რო 9 აპრილზე გაგეღადავონ გაგისწორდება?!

სანდრო: ღადაობა რა შუაშია, ვიკითხე უბრალოდ.

ირაკლი: არ შეიძლება საერთაშორისო ტრაგედიაზე აგდებულად ლაპარაკი, მითუმეტეს ჟესტიკულაციის გამოყენება. (შემდეგ ჯგუფისკენ ტრიალდება და ასევე გატეხილი ინგლისურით იწყებს: ) სორი, მაი ფრენდ იზ დებილ. გონება ჩამორჩენილი! (და თითების საფეთქლებთან დატრიალებით ანიშნებს ”ცოტა ვერ არის, აპატიეთო”. ჯგუფი სანდროს მოწყალედ უყურებს, სახეებზე ეტყობათ – ეცოდებათ).

 

     გიდი განაგრძობს:

 

გიდი: კიბეებზე ფრთხილად იყავით, სივიწროვეა.

     მთელი ჯგუფი მონუმენტის შიგნითა ნაწილში ინაცვლებს. ნეონით განათებულ კიბეებზე სიარული მართლაც რთული აღმოჩნდა – მოკლე საფეხურებს სივიწროვე ავსებს – ერთად მხოლოდ ორს შეუძლია გავლა, ასე რომ თხუთმეტწევრიანი ჯფუფი გვირგვინამდე ასვლას დაახლოებით ათ წუთს ანდომებს. ბოლოს და ბოლოს დანიშნულების ადგილზე მისულებს უკვე აღარაფის თავი არ აქვთ, ხმამაღლა ქოშინებენ და მზის სხივებს ტურისტული გზამკვლევებით იგერიებენ. სანდრო და ირაკლი ფანჯრებიდან გადაშლილ ხედს აღტაცებით მისჩერებიან.

 

სანდრო: რა, სილამაზეა, ტო.

ირაკლი: მაგარია.

სანდრო: საქართველოზეც?

ირაკლი: არაა.

სანდრო: მე მესმის ამათი.

ირაკლი: რას გულისხმობ?

სანდრო: არ დააკვირდი როგორ ფრთხილობენ? იმ თერთმეტი სექტემბრის მერე მაგარი მაზალო პონტია. სულ შეშინებულები არიან, სულ რაღაცის ეშინიათ. სანაძლეოს ჩამოვალ ახლაც, აქ, ნახევარზე მეტს შიშისგან ქვეშ გადის, ამასაც თვითმფრინავი არ დაეჯახოსო.

ირაკლი: ხო, დიდი ტრაგედია იყო.

 

     ნახევარი საათის შემდეგ ექსკურსია სრულდება. ჯგუფი ისევ ქვემოთ ჩამოდის, სამახსოვრო ფოტოს იღებენ და კატერზე ბრუნდებიან. სანდრო შემოთავაზებულ ჩიზბურგერებს დაუდევრად იტენის პირში, დროგამოშვებით პურის ნამცეცებიც სცვივა. ირაკლი ცდილობს მეგობარს ყურადღება არ მიაქციოს, – ქალაქის ცათამბჯენებს მიშტერებია და ფიქრებშია წასული.

     სანდრო მოზრდილ ლუკმას გადაყლაპავს და საზურგეზე გადაწოლილი ისევ თავისუფლების ქანდაკებას მიაპყრობს მზერას. ნათლად არჩევს როგორ უკრავს ორმოცდაათმეტრიანი ”ლედი თავისუფლება” თვალს, ლმობიერად უღიმის და არაჩვეულებრივი გრიმასა გამოსდის.

 

სანდრო (ირაკლის, შეშფოთებული): ბიჭო! ბიჭო! დაინახე?

ირაკლი: რა?

სანდრო: თვალი ჩამიკრა, ტო!

ირაკლი: ვინ?

სანდრო (თავისუფლების ქანდაკებისკენ ხელს იშვერს): ქანდაკებამ!

ირაკლი (ისევ ქალაქს უყურებს, თან ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკებს): ”ამერიკული ვიტამინების” ბრალია. კიდე ბევრი ბურგერი ჭამე.

 

     კატერი წყალზე მშვიდად ირწევა.

     ცათამბჯენებისგან არეკლილი მზის სხივები ქალაქს შარავანდედად ადგას.

 

                                                    ––––––––– ფარდა –––––––––

 Image