Monthly Archives: აპრილი 2014

დღე პირველი, დღე 29 300-ე

დღე 1

 

კარგად მახსოვს, პირველი ხომალდი ჯერ კიდევ 2015 წელს დაეშვა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ხალხი პირდაღებული უყურებდა კოლბისმაგვარი მფრინავი ობიექტის მოახლოებას.

არაფერს არ მოველოდით.

არაფერი არ ვიცოდით.

უეცრად კარები გაიღო და ის, რაც გარეთ გამოვიდა არ ჰგავდა არც ადამიანს, არც კომიქსებსა თუ ფილმებში წარმოჩენილ მწვანე არსებას ანტენებით თავზე და სამი სატელიტისებური თითით. ის, რაც, ხომალდიდან გადმოვიდა ორჯერ აღემატებოდა ყველაზე დიდ ადამიანს და უფერო იყო. უფერული.

მარცხენა ხელი აწია და ერთადერთი სიტყვა თქვა,  ინგლისურად: Peace.

 

დღე 2045

 

ჩვენ ადვილად შევიმეცნეთ მათი ენა და უარვყავით საკუთარი, რათა გაგვადვილებოდა კომუნიკაცია.

–         პლახ-ხხკო-ტხუნ! – ვამბობდით ჩვენ.

–         პლახ-ხკხო-თხუნ! – გვისწორებდნენ ისინი.

ადვილად მივიღეთ ყველა ცვლილება. ჩვენ ისინი ოჯახებში შემოვუშვით. ჩვენ მათთან ერთად ოჯახები შევქმენით. ისინი ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ოფისებში, ჩვენ მათთან ერთად ვაშენებდით უკეთეს სამყაროს უზარმაზარი მაგისტრალებით და ჰაერში აჭრილ თვალუწვდენელ გზებს სიამაყით ვუცქერდით.

ჩვენ არაფრის არ გვეშინოდა, რადგან ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ.

 

დღე 5232

 

–         ხან-ხან-კულ-ტხან! – მეუბნება.

–         კულ-ტხან-ხან-ხან! – ვპასუხობ და ჩემს შვილს თავზე ხელს ვუსვამ.

–         ალ-ტხან-ფთალ! – თავს მიქნევს და გოგო მიჰყავს.

დღეიდან ჩვენ ნათესავები ვართ.

 

დღე 6100

 

ნიუ–იორკი ყოველწლიურად იხვეწებოდა, სრულყოფილებას ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდებოდა და მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ კაპიტალისტურ ცენტრად ყალიბდებოდა. ისტ ვილიჯი, ვაშინგტონ სქუეარის მიმდებარე ტერიტორია, იუნიონ სქუეარი და ლოუერ ისტ საიდის გარკვეული ტერიტორია ანიჰილირებულ იქნა, მათ ადგილას ცათამბჯენების აშენება დაიგეგმა. მათი ჩამოსვლიდან 6100-ე დღეს ისტ ვილიჯი ჰაითაუნ ავენიუდ იქცა, ორას ოთხმოცდათხუთმეტსართულიანი მინის შენობით (ბროკერებისა და ცალკეული კომპანიების სამოთხე) რომ იწონებდა თავს. უკვე რამდენიმე თვეში დარეგისტრირებულ კომპანიათა რიცხვმა ორმოცდათვრამეტს მიაღწია. დასრულდა ლოუერ ისტ საიდის ცათამბჯენის მშენებლობა, რომელიც ერთ დროს ყველაზე დიდ შენობას, ”ბურჯხალიფას” (სიმაღლე: 829.8 მეტრი) თითქმის ორჯერ აღემატებოდა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის ტიტული მოიპოვა. იმავე წელს დასრულდა ყველა წამოწყებული პროექტი, რომლებზეც ჯამში 17.4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

ჩვენ წინ მივიწევდით.

 

დღე 8711

 

მამა ორი თვის წინ გარდაიცვალა ყველაზე დიდი საჰაერო გზის მშენებლობაზე, რომელიც თითქმის მთელ პლანეტაზე იქნება გაჭიმული. ერთადერთი მისი თხოვნა იყო – დღიური გამეგრძელებინა.

მისთვის არასდროს მითქვამს რომ მეშინოდა. მეშინოდა კაცობრიობის ასეთი სწრაფი აღმასვლის.

 

 

დღე 10 963

 

ჩვენ ვმცირდებით, ისინი – იზრდებიან. უკვე 9 მილიარდს გადააჭარბეს. ჩვენ მხოლოდ ხუთს შევადგენთ. ამაზე არავინ ლაპარაკობს, რადგან ვერავინ ამჩნევს. მე ყველაფერს ვხვდები, თქმას კი არ ვაპირებ.

მალე ზამთარი მოვა. ტემპერატურა საგრძნობლად დაიწევს, + 30°C-მდეც კი შეიძლება დაეცეს. წელს ცივი ზამთარი გვექნება.Image

დღე 15 468

 

შიმშილი ბოლოს მოგვიღებს. მათ არ სურთ საკვები რესურსების განაწილება. ათ მილიარდს კარგა ხნის წინ გადააჭარბეს. თუ ასე გაგრძელდა შიმშილისგან ამოგვხდება სული. მგონი ასე აღარავინ ლაპარაკობს – ,,სულის ამოხდომა’’.

მე მამას მიერ დატოვებულ წიგნებს ვკითხულობ. ადრე სჯეროდათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის. არცერთი უტოპიური მოდელი არ გამართლებულა. ლიტერატურამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უძლურება.

 

დღე 28 102

 

–         ხლოგ-ნუნ-დხაგ!!! – ისმის ბრძანება და პირველი ლაზერული ბომბი ფეთქდება.

 

 

 

 

დღე 29 001

 

ფეხები მტკივა, მაგრამ მაინც გავრბივარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩები. ცენტრალური მაგისტრალის ქვეშ გადარჩენილების მიერ გაყვანილ საკანალიზაციო მილის პარალელურ ოღრო-ჩოღრო გვირაბში მივძვრები და იმედს ვიტოვებ, ბოლოში სინათლეს დავინახავ – არა მათი ხომალდების პროექტორების.

 

დღე 29 045

 

ორმოც დღეზე მეტია არაფერი მიჭამია. ძალა არ მყოფნის გზის გასაგრძელებლად. იქნებ უკეთესი იქნება გავჩერდე და დაველოდო, როდის ამომხდება სული. დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ დამრჩენია. მგონი, ტუბერკულოზი ავიკიდე (დარწმუნებული არ ვარ რომ ამ სიტყვას ახლაც იყენებენ).

 

დღე 29 150

 

გვირაბი არა და არ მთავრდება. სამოცდაათ წელს გადავაბიჯე.

ვიცოდი, ოდესღაც მსგავსი რამ მოხდებოდა. შეიძლება, შინაგანად ყველა გრძნობდა ამას, აღიარებისგან კი თავს იკავებდნენ.

ვირთხების და კედლებზე ამოსული ხავსის ჭამა დავიწყე.

 

დღე 29 300

 

მგონი მეჩვენება – სიღრმეში სინათლის შუქი აღწევს. ჰალუცინაციები დამეწყო, ნამდვილად.

ნაბიჯს ვუმატებ. მარჯვენა ფეხი თითქმის მთლიანად ატროფირებული მაქვს. სინათლე არ ქრება. იქნებ, არ მელანდება?

რაღაც ხმები მესმის.

,,ადამიანები’’, ვფიქრობ ჩემთვის და თითქოს ძალაც მემატება. ვცდილობ მარჯვენა ფეხი გავამოძრაო. არაფერი გამომდის, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ.

პირს ვაღებ, მინდა დავიყვირო. დავუძახო, ვუხმო. მე ხომ ცოცხალი ვარ. და მე მათთან მივდივარ.

სინათლეს სულ უფრო და უფრო ვუახლოვდები. თვალები მეწვის. ირგვლივ ვერაფერს ვხედავ. ფეხი რაღაცას წამოვდე და წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებ – ძირს ვეცემი. უსასრულობაში ვიყურები.

–         ტხატ-ნან-პხუნ! – მესმის.

გონებას ვკარგავ.

Image-ს