Blog Archives

საათი

თამბაქოს კვამლში ფორმადაკარგულ

სახეზე აღბეჭდილი ღიმილი

პაროქსიზმში გამოწრთობილ გრიმასას

ჰგავს,

ვერცხლის ხელკეტით ჩამსხვრეული

მინის თვალები კი ჩაბნელებულ

ქუჩას ანათებს და შენც,

ლიბიდოს დასაკმაყოფილებლად,

სველი საშოსკენ იშვერ ხელს.

კაპრეზელი მხატვარი

,,სანტა კროჩეს ბაზილიკაში’’

აცემინებს,

ტალღოვან სამკუთხედებში მოვლივლივე

რუდიმენტარული გენიტალიები გუგებზე

მელექება,

როგორც განუხორციელებელი ოცნებები –

სხეულზე.

კანქვეშა ინექცია.

ლაქები ყელზე.

მოჭრილი ასო.

მახსოვრობადაკარგული ტაპიორი

შეშინებული უყურებს დარბაზში

შეკრებილთ,

როგორც ტყვედ ჩავარდნილი

უდანაშაულო მოქალაქე –

პოდპოლკოვნიკს.

,,ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის

მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში,

ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე

სიკვდილი გადავიდა ადამიანებში,

რაკი ყველამ შესცოდა’’.

ალცჰაიმერით გატანჯული ღმერთი

მეოთხე პოლიკლინიკაში ღაფავს სულს,

ითვლის უკანასკნელ წამებს

და ფანჯრის მიღმა ჩამავალ იისფერ მზეს

ფლეგმატურად გაჰყურებს.

ღმერთის მზერა, აგრერიგად რომ ჩამოჰგავს

გადამლაშებული ომლეტის გემოს,

ჰორიზონტს ცეცხლად ედება,

ბათქაშაყრილ ეკლესიებს

სუდარად ეფინება.

…ყველაფერი წამებში მთავრდება…

…ტაპიორი გარბის.

ჩამქრალი მთვარე სიმარტოვეში ცახცახებს.

გაყვითლებულ კედელზე მექანიკური საათი

უკანასკნელ ამოსუნთქვებს ითვლის.

ერთი…

     ორი…

         სამი…

             ოთხი…

                  ხუთი.

სადღაც სროლის ხმა ისმის.

უმთვარო ღამეა.

Image

Advertisements