ამერიკული ვიტამინები (პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირები:

ირაკლი, სანდრო, გიდი

მოქმედების ადგილი: ამერიკა, თავისუფლების კუნძული, თავისუფლების ქანდაკება.

 

     თავისუფლების კუნძული. ივნისის ერთ–ერთი მზიანი დღე. ტემპერატურა: 29 გრადუსი ცელსიუსი, ნესტიანობა – 87 %, ატმოსფერული წნევა – 1038,25 მბ (მილიბარი). ამერიკაში დროებით საცხოვრებლად ჩასული ირაკლი და სანდრო თხუთმეტი ადამიანისგან დაკომპლექტებულ საექსკურსიო ჯგუფთან ერთად თავისუფლების ქანდაკებას ეწვივნენ.

 

სანდრო: პროსტა რამხელაა, ძმობას გაფიცებ!

ირაკლი: შენ რა, პატარა გეგონა?

სანდრო: არა… მარა ამხელა, ტო?!

 

     გიდი, – ქერათმიანი, სასიამოვნო შესახედაობის ოციდან ოცდახუთ წლამდე გოგო, ფერადი  ბუკლეტებითა და ბინოკლებით აღჭურვილ ტურისტებს ქანდაკების მოკლე ისტორიას აცნობს.

 

გიდი: თავისუფლების ქანდაკება, 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტია, რომელიც აქ, ლიბერტი-აილენდზე მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუძონის შესართავთან ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო…

სანდრო (ირაკლის): გაიგე რა თქვა?

ირაკლი: რა?

სანდრო: საფრანგეთმა აჩუქაო.

ირაკლი (სანდროს ცოტა არ იყოს ხმამაღალი ჩურჩულის გამო შეწუხებული ტურისტების უკმაყოფილო სახეების დანახვაზე ალმური ედება): გავიგე. ხმა ჩაიგდე და მომასმენინე!

სანდრო: ძმობას გაფიცებ, საფრანგეთიდან აქამდე ამხელა ჯართი როგორ მოიტანეს?

ირაკლი (გაღიზიანებული): იქ დაშალეს და აქ ააწყვეს!

 

     გიდი განაგრძობს:

გიდი: ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

სანდრო (ირაკლის): არ ჩააბარებდა ახლა ამას კაცი ჯართში?.. (და თავის ხუმრობაზე თვითონვე იცინის) ამას და ეიფელის კოშკს.

ირაკლი: გაჩუმდი, არ შეგიძლია?! მომასმენინე, ისედაც ვერაფერს ვერ ვიგებ. ყველა ჩვენ გვიყურებს.

სანდრო: მე დამაბრალე შენ რო ინგლისური არ იცი!

 

     ირაკლი აღარ პასუხობს. გიდი უხალისოდ იღიმის და ჯგუფს მიმართავს.

 

გიდი: ახლა, მოდით ქანდაკების შიგნით არსებული კიბეებით გვირგვინზე ავიდეთ, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მოგეხსენებათ: 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით ეს ასასვლელი დახურული იყო მნახველებისათვის, თუმცა რამდენიმე თვის წინ მთავრობამ გადაწყვიტა ის კვლავ გაეხსნა.

სანდრო (გიდს გატეხილი ინგლისურით მიმართავს): ექსკიუზ მი… იეს, აი. ეს ის თერთმეტი სექტემბერია, ილევენ სეფთემბერ, თვითფრინავები რო ბუ–ბუხ? (და ჟესტებით აფეთქების ინსცენირებას ცდილობს)

 

     ირაკლი ერთიანად ფერმკრთალდება – მეგობრის მაპროვოცირებელი საქციელი პირდაპირ პიკს აღწევს. ჯგუფის სხვა წევრები შეწუხებული სახეებით მიშტერებიან ამ ორს, სანდრო კი მშვიდად განაგრძობს ”ექსფლოუჟენის” ძახილს და ხელებით თვითმფრინავის დახატვას ცდილობს. გიდი დაბნეულია, არ იცის რა თქვას.

 

ირაკლი (სანდროს): ხო არ გაგიჟდი შეჩემა, რეებს ბაზრობ?!! არ იცი რო ეგეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება. ახლა შენ რო 9 აპრილზე გაგეღადავონ გაგისწორდება?!

სანდრო: ღადაობა რა შუაშია, ვიკითხე უბრალოდ.

ირაკლი: არ შეიძლება საერთაშორისო ტრაგედიაზე აგდებულად ლაპარაკი, მითუმეტეს ჟესტიკულაციის გამოყენება. (შემდეგ ჯგუფისკენ ტრიალდება და ასევე გატეხილი ინგლისურით იწყებს: ) სორი, მაი ფრენდ იზ დებილ. გონება ჩამორჩენილი! (და თითების საფეთქლებთან დატრიალებით ანიშნებს ”ცოტა ვერ არის, აპატიეთო”. ჯგუფი სანდროს მოწყალედ უყურებს, სახეებზე ეტყობათ – ეცოდებათ).

 

     გიდი განაგრძობს:

 

გიდი: კიბეებზე ფრთხილად იყავით, სივიწროვეა.

     მთელი ჯგუფი მონუმენტის შიგნითა ნაწილში ინაცვლებს. ნეონით განათებულ კიბეებზე სიარული მართლაც რთული აღმოჩნდა – მოკლე საფეხურებს სივიწროვე ავსებს – ერთად მხოლოდ ორს შეუძლია გავლა, ასე რომ თხუთმეტწევრიანი ჯფუფი გვირგვინამდე ასვლას დაახლოებით ათ წუთს ანდომებს. ბოლოს და ბოლოს დანიშნულების ადგილზე მისულებს უკვე აღარაფის თავი არ აქვთ, ხმამაღლა ქოშინებენ და მზის სხივებს ტურისტული გზამკვლევებით იგერიებენ. სანდრო და ირაკლი ფანჯრებიდან გადაშლილ ხედს აღტაცებით მისჩერებიან.

 

სანდრო: რა, სილამაზეა, ტო.

ირაკლი: მაგარია.

სანდრო: საქართველოზეც?

ირაკლი: არაა.

სანდრო: მე მესმის ამათი.

ირაკლი: რას გულისხმობ?

სანდრო: არ დააკვირდი როგორ ფრთხილობენ? იმ თერთმეტი სექტემბრის მერე მაგარი მაზალო პონტია. სულ შეშინებულები არიან, სულ რაღაცის ეშინიათ. სანაძლეოს ჩამოვალ ახლაც, აქ, ნახევარზე მეტს შიშისგან ქვეშ გადის, ამასაც თვითმფრინავი არ დაეჯახოსო.

ირაკლი: ხო, დიდი ტრაგედია იყო.

 

     ნახევარი საათის შემდეგ ექსკურსია სრულდება. ჯგუფი ისევ ქვემოთ ჩამოდის, სამახსოვრო ფოტოს იღებენ და კატერზე ბრუნდებიან. სანდრო შემოთავაზებულ ჩიზბურგერებს დაუდევრად იტენის პირში, დროგამოშვებით პურის ნამცეცებიც სცვივა. ირაკლი ცდილობს მეგობარს ყურადღება არ მიაქციოს, – ქალაქის ცათამბჯენებს მიშტერებია და ფიქრებშია წასული.

     სანდრო მოზრდილ ლუკმას გადაყლაპავს და საზურგეზე გადაწოლილი ისევ თავისუფლების ქანდაკებას მიაპყრობს მზერას. ნათლად არჩევს როგორ უკრავს ორმოცდაათმეტრიანი ”ლედი თავისუფლება” თვალს, ლმობიერად უღიმის და არაჩვეულებრივი გრიმასა გამოსდის.

 

სანდრო (ირაკლის, შეშფოთებული): ბიჭო! ბიჭო! დაინახე?

ირაკლი: რა?

სანდრო: თვალი ჩამიკრა, ტო!

ირაკლი: ვინ?

სანდრო (თავისუფლების ქანდაკებისკენ ხელს იშვერს): ქანდაკებამ!

ირაკლი (ისევ ქალაქს უყურებს, თან ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკებს): ”ამერიკული ვიტამინების” ბრალია. კიდე ბევრი ბურგერი ჭამე.

 

     კატერი წყალზე მშვიდად ირწევა.

     ცათამბჯენებისგან არეკლილი მზის სხივები ქალაქს შარავანდედად ადგას.

 

                                                    ––––––––– ფარდა –––––––––

 Image

Advertisements

Posted on იანვარი 29, 2014, in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: