ნეკრომანტის ჩანაწერები (კიდევ ერთი საახალწლო ისტორია)

31 დეკემბერი, 15:23

 

დღეს ოცდათერთმეტია. ორი კვირაა დღიურში არაფერი ჩამიწერია. ახალი წლის მოახლოებას ოდნავადაც ვერ ვგრძნობ.

მხოლოდ ჩემი პრობლემა.

მე არ ვარ მობილური ქსელების ოპერატორი, ტაქსის მძღოლი, კონსულტანტი წიგნების მაღაზიაში ან თუნდაც გამყიდველი სუპერმარკეტში, ასე რომ დასვენების დღეები მე არ მეხება. თუ საჭირო გახდა, შეუძლიათ ოცდათერთმეტში 12–ზეც კი დამიბარონ. და დამიბარეს.

მაისურაძეების ბინა ჩემი სახლიდან სამი კვარტლითაა დაშორებული. ორი წლის წინ გოგო მოუკვდათ. უმცროსი. ცხრა წლის.

რა ვქნა, ეს მათი სურვილია და მე არ მაქვს უფლება ჩავერიო, სანამ საქმე პირადად ჩემს ჯანმრთელობას არ შეეხება.

მანამდე კი ყავას ვიდუღებ და ფანჯარასთან ვჯდები. სახლი არ მომირთავს. არც ნაძვის ხე დამიდგამს. არც საცივი გამიკეთებია და არც ბაჟე. გოზინაყს ხო დასანახად ვერ ვიტან.

თავი აკლდამაში მგონია.

გარეთ –5 გრადუსია, შიგნით +25.

ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ რა გემრიელია ეს ყავა.

 

 

31 დეკემბერი, 19:48

 

კარებზე აკაკუნებენ.

ტელევიზორის ხმას ვუწევ და ჰოლში გავდივარ.

სადარბაზოში წითელკეპიანი ტიპი დგას, უშინაარსო სიმბოლოებიანი ტყავის კურტაკი მოუცვამს და ხელში მუყაოს ყავისფერი ყუთი უჭირავს.

კარებს ვაღებ.

– გამარჯობა. ამანათია თქვენს სახელზე.

ყუთს ვართმევ და იატაკზე ვდგამ.

– თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ აქ.

სანამ გაბრუნდება, უხალისოდ, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ამატებს:

– მრავალ ახალ წელს დაესწარით.

და სანამ პასუხს გავცემდე, უკვე სამი სართული აქვს ჩარბენილი.

როგორც ჩანს ეჩქარება, ბევრი საქმე აქვს და სურს 12–მდე ყველაფერს მორჩეს.

ყუთი კაბინეტში შემაქვს.

დანით ჭრილს ვაკეთებ და ამანათს ვხსნი. რასაც შიგ ვხედავ ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. მახსენდება რომ დიახ, ამ ამანათს სწორედ დღეს ველოდი. მაისურაძეების ოჯახში გაივლის ტესტირებას. თუმცა, ეჭვი კი მეპარება ეს სჭირდებოდეს.

ყუთში იაკობ ბიომეს სპირიტუალური თეფში დევს, რომელზეც 1624 წლის შემდეგ არა მარტო შემზარავი ჭორები, არამედ ლეგენდებიც კი დადის. რამდენიმე კვირის წინ რომელიღაც ონლაინ–აუქციონზე გადავაწყდი, თანხა კი იმდენად მიზერული იყო, უმალ ჩვენს ორგანიზაციაში დავრეკე და მისი შესყიდვა მოვითხოვე. მათაც აასრულეს ჩემი თხოვნა. თეფშის მფლობელს კი, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ აქვს რა არის ამ ერთი შეხედვით უბრალო, უცნაური ნახატებითა და გაუგებარ ენაზე შესრულებული წარწერებით სავსე თეფშის მთავარი დანიშნულება.

რაც შეეხება იაკობ ბიომეს. მისტიკოს–თეოსოფოსის გარდა, სოფიოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, საკმაოდ ძლიერი სპირიტუალისტ–ნეკრომანტი გახლდათ. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბიომემ 1602 წელს არც მეტი არც ნაკლები სატანასთან შესძლო კონტაქტის დამყარება და არა მარტო არაამქვეყიუნირი ცოდნა მიიღო, მომავლის გამოცნობის უნარიც შეიძინა. გადმოცემების თანახმად, იგივე სურდა ბიომეს მიმდევარს, კრისტიან ნორ ფონ როზენროტს, რომელსაც სპირიატუალური სეანსის დროს სიტყვები ”misericordia” და ”penio” ერთმანეთში აერია, რის გამოც, მისმა თანაშემწემ, კარლ გამან ბაადერმა ორივე ხელი დაკარგა. კვირინ კულმანი კი, რომელიც რუსეთში ბიომეს ფილოსოფიურ ნაშრომებთან ერთად მისსავე ოკულტურ მისწრაფებებს ავრცელებდა, 1689 წელს, პეტრე პირველის დის, სოფის განკარგულებით, კოცონზე დაწვეს.

ბიომეს თეფში ბნელი ძალების ერთ–ერთი მიწიერი საწყისის სიმბოლოდ იქცა. მასზე გამოსახული ნახატებიდან ერთ–ერთზე ნათლად ჩანს როგორ აჭამს ველიალი თავს უსუსურ ბავშვებს, მშობლები კი მუხლებზე დამდგარან და დემონს თაყვანს სცემენ, თითქოს მადლობელნი არიან, შვილები რომ დაუხოცეს. ქვემოთ კი ბიბლიიდან მოყვანილი ციტატაა: viri civitatis illius filii Belial id est absque iugo. ”ქალაქისმცხოვრებნი, ველიალის შვილნი არიან, ანუ უღელის გარეშე”.

და ეს თეფში, რომლითაც, ლეგენდის თანახმად, ბიომემ სატანასთან კონტაქტი დაამყარა, ახლა ჩემს წინ, მაგიდაზე დევს და მოუთმენლად ელის როდის გამოიყენებენ ხელახლა.

სხეულში უცნაურ სიმხურვალეს ვგრძნობ.

31 დეკემბერი, 22:22

 

 

ვგრძნობ, ხელის გულები მიოფლიანდება. კეფის ქავილი დამეწყო. ცხოვრებაში არ დამმართნია ასეთი რამ. ყოველი შემთხვევისთვის ნაკურთხ წყალს უკვე გაწითლებულ ადგილას ვისვამ და ლოცვას ვკითხულობ.

ველოდები, მაგრამ ქავილი არ მივლის.

 

 

31 დეკემბერი, 22:58

 

 

კეფა ისევ მექავება. ვერც ნაკურთხმა წყალმა მიშველა, ვერც მალამომ, ვერც ყინულმა. ამ ყველაფერს კი საშინელი მუცლის ტკივილი დაერთო.

კუჭი მაქვს აშლილი. ოცდაათი წლის ისე გავხდი, სულ მგონი ორჯერ ამშლია. არ ვიცი რა მემართება. შეიძლება დღეს დილით ნაჭამმა სოსისმა მაწყინა. სულ იმას არ გაიძახიან გაფუჭებული ხორცისგან აკეთებენო. ხოდა, აგერ შედეგიც.

ისევ ტუალეტში გავრბივარ.

 

 

31 დეკემბერი, 23: 19

 

 

მაცემინებს. დავაცემინებ თუ არა პირიდან კბილები მცვივა. არც სისხლი, არც ტკვილი. უბრალოდ მცვივა, თითქოს არა ფესვგამდგარი, არამედ უბრალოდ უხარისხო წებოთი ყოფილიყოს მიწებებული. სამი წინა და ერთი უკანა დიდი კბილი ხელში მიჭირავს და არ ვიცი რა ვქნა.

თავი ხელში უნდა ავიყვანო. წინ რთული ღამე მელის.

სამზარეულოს კარადიდან არაყს ვიღებ და ჩაის ჭიქას ვავსებ. ჩვენს ორგანიზაციაში ალკოჰოლს დიდ პატივს სცემენ. ხშირად გადამწყვეტი როლიც კი უთამაშია. ერთ მოყუდებაში ვცლი. არაფერს ვაყოლებ.

კეფა ისევ ისე მექავება.

მუცელიც ისევ ისე მტკივა.Image

 31 დეკემბერი, 23:39

 

ბიომეს თეფში ჩანთაში მიდევს. ქუჩებში ადამიანების გარდა უცნაურ სილუეტებს ვარჩევ. შორიდან ბუნდოვნად მოჩანან. თითქოს უშველებელი, ფურ-ირმის მაგვარი რქები აქვთ. როგორც კი ოდნავ მივუახლოვდები უბრალოდ ქრებიან, ან ნაგვის ყუთებად, ბუჩქებად და ლამპიონებად იქცევიან. კეფიდან სისხლი მდის, მაგრამ ვერ ვჩერდები. კბილები აღარ მცვივა. სამაგიეროდ მუცლის ტკივილი მკლავს. მინდა მოვიხარო, მოვიკუნტო, დავმრგვალდე და ისე ვიგორაო მაისურაძეების ბინამდე, მაგრამ არ შემიძლია. ვიხრები თუ არა თითქოს ყელზე ორას კილოგრამიანი ჰანტელი ჩამომკიდესო, თავით ასფალტისკენ მივდივარ. წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ. მთელი გზა გამართულმა უნდა ვიარო და მუცლის აუტანელი ტკივილი ვიტანო.

ღმერთო, მალე დამთავრდებოდეს ეს ყველაფერი.

 

 

31 დეკემბერი, 23:58

 

 

მაისურაძეების კარებზე ვაკაკუნებ. ოქროსფერ ფირფიტაზე დატანილი გრავიურა იუწყება: ხ. მაისურაძე. გონებას ვძაბავ და მახსენდება რომ ოჯახის უფროსს ხვიჩა ჰქვია. ან ხათუნა. იქნებ დედაა ოჯახის უფროსი, მამა კი დიასახლისობს… ან, იქნებ…

კარები იღება. ლამაზი ქალი, მოკლე ქერა თმითა და დასიებული თვალებით შეუპოვრად მიყურებს. აშკარად ნამტირალებია. ასე მგონია, ახლა ბავშვივით აბღავლდება.

– მე… – ვეუბნები.

– მობრძანდით.

შევდივარ.

ოჯახი ზალაშია შეკრებილი. მოხუცი ქალი სავარძელში ამაყად ზის და ასევე შეუპოვრად მიყურებს. ორი გოგო, ალბათ ასე ჩვიდმეტი–თვრამეტი წლისანი, ოდნავ დარცხვენილნი სხედან მამას გვერდით, დივანზე.

– გამარჯობა, ბატონო ხვიჩა, – ვამბობ და ხელს ვუწვდი. მამაკაცი ჩემს გამხდარ ხელს თავის ბეისბოლის ხელთათმნის ზომის ხელში იქცევს.

მე მათ ინსტრუქციას ვუკითხავ და ქცევის კოდექსს ვაცნობ. ვეუბნები რომ, შეიძლება საერთოდაც არაფერი გამოვიდეს, ან პირიქით – შედეგმა მოლოდინს გადააჭარბოს. ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად, რომ სეანსი შევწყვიტოთ. მთავარია, შეძლებისდაგვარად სენტიმენტებს არ აყვეთ. როცა ამ პროცესზე ვსაუბრობ, სპეციალურად გამოვყოფ სიტყვას ”ბნელი” და ძირითადად გოგოებს ვუყურებ, – ვამბობ, რომ სუსტი გულის მქონეებისთვის უკეთესია სეანსის დროს ოთახი დატოვონ. ყურადღებით მისმენენ, დროგამოშვებით თავსაც მიქნევენ, თუმცა ოთახიდან არავინ გადის.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავი სადაცაა გამისკდება. ბოდიშს ვიხდი, ერთი წუთით ტუალეტში შევალ–მეთქი, ვამბობ მოკრძალებულად და როგორც კი კარებს ვკეტავ უმალ მანტოს საყელოს ვიწევ და ფრჩხილებს მთელი ძალით რაც შეიძლება ღრმად ვირჭობ კეფაში. სისხლი მდის, პერანგის შიგნით მიედინება და ხერხემალზე მისრიალებს. ვგრძნობ, როგორ სველდება პერანგი. ტუალეტის ქაღალდს ვასველებ, ჭრილობას ვიწმენდ და საყელოს ისევ ვიწევ. სისხლი მაინც მომდის, ქავილით კი ისევ მექავება. მინდა დანა ავიღო და ის ადგილი მთლიანად ამოვიჭრა.

ოთახში შევდივარ თუ არა ჩანთიდან ანბანიან დაფას ვიღებ, რომელზეც ქვემოთ წითლად წერია ”კი” და ”არა”. ერთ–ერთ გოგოს ვეუბენბი შუქი ჩააქროს. მემორჩლება. დაფის ირგვლივ სამ სანთელს ვანთებ და ბიომეს თეფშს ვიღებ. შეშინებულ ქალსა და არანაკლებ დამფრთხალ კაცს ვანიშნებ მომიახლოვდნენ. ნელა მოდიან, თითქოს შენელებულ კადრს ვუყურებდე. როგორც ჩანს გონებაში იაზრებენ, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს წამებში. ლოცვას ვიწყებ.

მოვრჩები თუ არა ლოცვას მშობლებს ვეუბნები საჩვენებელი თითებით ამოტრიალებულ თეფშს შეეხონ. იგივეს ვაკეთებ მეც.

– რაც არ უნდა მოხდეს, სანამ არ გეტყვით, არ უნდა ჩაერიოთ. – ვაფრთხილებ ოთახში მყოფთ.

თანხმობის ნიშნად თავს მიქნევენ.

და მე ვიწყებ:

– მკვდარი სულების მეუფევ, წყვდიადის დიადო გამგებელო, გთხოვ, გამოიძახე სოფო მაისურაძის სული.

ოთახში ფარდა აშრიალდება. ერთ–ერთი სანთელი ქვრება. მამა თავისუფალი ხელით ჯიბიდან სანთებელას იღებს და ცეცხლს უკიდებს.

– თუ აქ ხარ, მითხარი ვინ ხარ. მითხარი სახელი.

თეფში ასოებისკენ მიიწევს და პირველივე ასოს ქვეშ ჩერდება: ა. შემდეგ კი უცებ ისე სწრაფად იწყებს მოძრაობას, ასოების დამახსოვრებას ძლივს ვასწრებ. ბოლოს და ბოლოს თეფში ჩერდება და საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

– ადრამელეხ, – წარმოვთქვამ მე და ვგრძნობ, რომ მთლიანი ზურგი სისხლით მაქვს დაფარული. კეფა კი სულ უფრო და უფრო მექავება.

ქალი პირზე ხელს იფარებს.

– ადრამელეხ, მომცემ უფლებას სოფოს დაველაპარაკო?

თეფში ისევ მოძრაობას იწყებს და სიტყვა ”არა”–სთან ჩერდება.

– ადრამელეხ, მოვ…

სრულიად მოულოდნელად კაცის ხმა მაწყვეტინებს.

– დამალაპარაკე ჩემს შვილს!!! მომეცი უფლება ჩემს გოგოს დაველაპარაკო!!! ისე წაიყვანე ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო!!! დამალაპარაკე!!! დამალაპარაკე!!!

– რას აკეთებეთ? ხომ გარკვევით გაგაფრთხილეთ რომ არ უნდა ჩარეულიყავით, სანამ…

კაცი არ მისმენს. მთელ ხმაზე ყვირის:

– დამალაპარაკე ჩემი გოგო!!! წყეულიმც იყავ!!!

– გაჩუმდი! გაჩუმდი! – ვუყვირი მე. – ის ისედაც დაწყევლილია. წარმოდგენა არ გაქვს ვის ელაპარაკები.

და უცებ კეფა ისე ამტკივდა, მთელ ხმაზე დავიყვირე. ხელი უმალ უკან წავიღე და შევეხე თუ არა მტკივან ადგილს, სხეულში სიცივემ დამიარა. კეფაზე უზარმაზარი ბუშტი გამომსვლოდა. ტენისის ბურთის ხელა მაინც იქნებოდა. მოვკიდე თუ არა ხელი, გონება კინაღამ დავკარგე. თითქოს თავის ქალას ბურღით მიხვრეტდნენ.

შემდეგ ყველაფერი წამებში მოხდა. დავინახე როგორ აფრინდა თეფში ჰაერში და ტრიალი დაიწყო. ერთ დგილზე ბრუნავდა, თან ისე სწრაფად, პოლაროიდით გადაღებულ სურათზე აღბეჭდილი ხარვეზი გეგონებოდათ. შემდეგ თეფში იგივე სიჩქარით კაცისკენ გავარდა და თავი მოაცალა, თვითონ კი კედელს შეასკდა და ნამსხვრევებად იქცა. მამაკაცის თავი ჩემს ფეხებთან დავარდა. ოთახში ვიღაცამ დაიკივლა. ნათურა აწკარუნდა, სერვანდში ჭიქები აჭახუნდნენ. მამაკაცის სხეული ისევ ფეხზე იდგა, თითქოს იატაკში ჩაიზარდაო. საიდანღც ამაზრზენი სიცილის ხმა გაისმა, შემდეგ კი პატარა გოგონას ტირილში გადაიზარდა. დარწმუნებული ვიყავი სოფო იყო. ლათინურად ლაპარაკობდა:

– qui dormiunt in terrae pulvere, evigilabunt: alii in vitam aeternam, et alii in opprobrium ut videant semper…

შემდეგ კი ოთახში ყველაფერი ჰაერში აიწია. ჩვენც, ადამიანები. წრეზე დავიწყეთ ბზრიალი. მოხუცს შიშისგან ფერი დაჰკარგვოდა. ქვემოთ, იატაკი გაირღვა. ღრმულიდან დამაბრმავებელი სიკაშკაშე ამოვიდა… დავინახე, როგორ ამოიჭრა ქვემოდან მსხვილი, ჭუჭყიანი, დაბანჯგვლული ხელი სქელი თითებით, როგორც ჩააფრინდა ერთ–ერთ გოგოს ფეხში და ქვემოთ ჩაათრია. გოგონა ღრმულში გაუჩინარდა. ქალმა დაიყვირა. მოხუცს გული წასვლოდა. ანდაც, შეიძლება უკვე მკვდარი იყო. თვალები დაეხუჭა და არ ინძრეოდა.

კეფაზე გამოსულ ბუშტზე, რომელიც თითქმის ნესვის ხელა გამხდარიყო, რაღაც მომხვდა და მეც გონება დავკარგე.

უკანასკნელი, რაც მახსოვს, ვიღაცის სასოწარკვეთილი კივილი იყო.

Image

 2 იანვარი, 08:17

 

– როგორ გეძინა? – მიღიმის ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

არ ვიცი რა ვუპასუხო. ძლივს ვინძრევი, თუმცა ხელი კეფამდე მაინც მიმაქვს. ბუშტი აღარსადაა.

– რა მოხდა? – ამის კითხვასღა ვახერხებ.

– ოოო, არაფერი ისეთი, დამშვიდდი. შენ მაგაზე ნუ ირნერვიულებ. რაც მოხდა, ასბოლუტურად ყველაფერი იმ კაცის ბრალია. ადრამელეხმა წაიყვანა.

– კაცი? დავინახე, როგორ მოძვრა თავ…

– ყველანი. ყველანი წაიყვანა.

პაუზა.

– თეფში? განადგურდა?

– კი, სამწუხაროდ. ვერ განვსაზღვრეთ თუ რამხელა ძალას შეიცავდა.

ოდნავ უფრო ხანგრძლივი პაუზა.

– მოკლედ, შენ არაფერზე არ იდარდო. მშვიდად იყავი და იწექი. დასვენება გჭირდება.

გამიღიმა და გაბრუნდა. სანამ ოთახიდან გავიდოდა და კარებს გაიხურავდა, დავინახე როგორ გამოძვრა შარვლიდან გრძელი თეთრი კუდი.

მართალი იყო, უნდა დამესვენა.

თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე.

 

Posted on იანვარი 2, 2014, in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დატოვე კომენტარი