პარაზიტის ობსცესია

შესაქმის 5 დღე

 

დღე 1

პირველი იყო დღე ხორციელი ნეტარებისა.

ტანტალოსის ტანჯვა ზუსტად ერთი წელი გაგრძელდა. ბოლოს და ბოლოს მარი ჩამოვიდა. ჩამოვიდა იგორთან ერთად, რაც, ალბათ გამიკვირდებოდა, ყველაფერი ისედაც ნათელი რომ არ ყოფილიყო და თარიღი – სიმბოლური. სიმბოლური იგორისთვის.

იგორი ნიასთან წავიდა.

მარი ჩემთან დარჩა.

როგორც კი ყელგამოღადრული მტრედი ფანჯრის რაფაზე დაეცა, მარიმ საზაფხულო მოკლემკლავებიანი მაისური გაიძრო. ზედმეტად მსხვილი, ოდნავ მუტანტური ძუძუსთავები ლიფში, ათვლის წერტილებივით, ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში მისასვლელად განსაზღვრული მანძილის სიმეტრიული საზომივით მოჩანდა.

ენით დიდხანს ვეთამაშებოდი – ჯერ ირგვლივ შემოვატარებდი, წმინდა წრეს ვხაზავდი, შემდეგ კი, თითქოს შამპანურის ბოთლიდან თავსახურის ამოძრობას ვცდილობდი, კბილებით წინასწარ განსაზღვრული ძალით ვუწელავდი. მარის ეს ყველაფერი აღაგზნებდა. მარტივად რომ ვთქვათ, აღგზნება აქ არაა ყველაზე მართებული სიტყვა, რაც კი შეიძლებოდა დაგვეწერა.

ყლეს პირში დიდხანს იჩერებს. უცნაური თვისება აქვს – ხან არც წოვს, არც გილოკავს, – უბრალოდ პირში უდევს და შენც ურეთრაში შემავალ ჰაერის თბილ ნაკადს გრძნობ. თავიდან ეს ყველაფერი დიდად არ მომწონდა, ახლა უკვე ამის გარეშე აღარ შემიძლია. როცა ყლეს ბოლომდე იდებს, როცა მის გლანდებს ვგრძნობ, და როცა მთლიანად პირით იწყებს მის დამუშავებას, ვგრძნობ როგორ მივლის სასიამოვნო ბრიზი მთელ სხეულში. რაფაზე ჩამოვარდნილ მეორე, ამჯერად უკვე თვალებდათხრილ და მუცელაფატრულ მტრედსაც მხოლოდ მოგვიანებით ვამჩნევ.

სპერმას მარი ბოლო წვეთამდე ყლაპავს. ყლაპავს და კიდე უნდა. უნდა და მინძრევს. ტყნაურით, მხოლოდ მოგვიანებით, უკვე დაქანცულები, არაქათგამოცლილები ვტყნაურობთ. ასეთია ჩვენი პარადიგმა.

Image

დღე 2

მეორე იყო დღე შურისძიებისა.

ჩახუთულ აუდიტორიაში ფეხის სუნი იდგა. თუმცა, როგორც ჩანს ამ პრობლემის აღმოფხვრა არავის ეწადა, რადგან სუნი უკვე, აგერ მეორე კვირაა კარების იქით არ გასულა.

შუბლდაცვარული ლექტორი მაგიდაზე მუჭებდაყრდნობილი განაგრძობდა საუბარს:

სპინოზა ამსტერდამში დაიბადა, – ჩაახველა და ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, – ესპანური წარმოშობის ებრაულ ოჯახში, რომელიც ესპანეთიდან ებრაელთა მიმართ მეფის რეპრესიებს გაექცა. მშობლიური ქალაქის ებრაულ სკოლაში სპინოზამ საფუძვლიანი ცოდნა მიიღო შუა საუკუნეების ებრაული ფილოსოფიის შესახებ. მალე გაეცნო ასევე თანამედროვე სქოლასტიკას (ძირითადად სუარესის სქოლასტიკას), ნეოპლატონურ ფილოსოფიას, პლატონისტურ ტრადიციას სკოტუს ერიუგენადან კუზანელამდე და ბრუნომდე; ღრმად შეისწავლა დეკარტის შრომები და მისი მათემატიცისტური რაციონალიზმით მოიხიბლა. მიღებული კულტურული გამოცდილებისა და მედიტაციების შედეგად სპინოზას თავისუფალი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ბიბლიის მიმართ, რომელიც ებრაულ სამყაროში ღვთის სიტყვის დიად წიგნად მიიჩნეოდა. ებრაულ საკრებულოში ეჭვი შეეპარათ სპინოზას ებრაულ მართლმორწმუნეობაში და ამ ნიადაგზე დაუპირსპირდნენ მას, 1656 წელს კი სინაგოგიდან გარიცხეს. სპინოზას კალვინისტებიც სდევნიდნენ, რის გამოც მას ამსტერდამის დროებით დატოვება მოუწია. ინტელექტუალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად სპინოზამ ოპტიკოსის საქმიანობას მიჰყო ხელი, პარალელურად კი ფილოსოფიურ პრობლემებზე მუშაობდა. 1660 წელს სპინოზა ლეიდას მახლობლად ერთ სოფელში დასახლდა და იქ დაწერა ”ტრაქტატი ღმერთის, ადამიანისა და მისი ნეტარების შესახებ”, რომელიც 1682 წელს გამოქვეყნდა სახელწოდებით ”მოკლე ტრაქტატი”. შემდეგ დაიწერა ტრაქტატი ”de intellectus emendiatione” და ”დეკარტის ფილოსოფიის პრინციპები”. 1663 წელს სპინოზა ჰააგაში დასახლდა და იქ შექმნა თავისი ძირითადი შრომა: ”ethica ordine geometrico dimostrata” 5 წიგნად: de deo, de mente, de affectibus, de servitute humana, de libertate. ეს შრომა სპინოზას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. 1670 წელს მოაზროვნემ გამოაქვეყნა ”Tractatus theologico-politicus”, რომელშიც გადმოგვცემს ბიბლიის განმარტებისა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულებათა საკუთარ ხედვას. ამ წიგნმა კიდევ უფრო გაამწვავა უკმაყოფილება ავტორის მიმართ, რამაც ძალიან დასწყვიტა გული სპინოზას. ის 1677 წლის 21 თებერვალს ჰააგაში გარდაიცვალა. სპინოზა მარტოსული მოაზროვნეა, რომელიც ბრძენკაცივით უშფოთველად, ანტიკური სტოიკოსის განდგომილებით ჭვრეტს რეალობას და ცხოვრებას. ფილოსოფიური კვლევისკენ მას ადამიანისადმი უშფოთველობის მინიჭების უნარის მქონე ჭეშმარიტების ძიების სურვილი უბიძგებს…

ბაჩოს არასდროს უნანია ”ფილოსოფიის” ფაკულტეტი რომ აირჩია, მიუხედავად იმისა რომ ახლაც წარმოდგენა არ აქვს რას აპირებს მომავალში პროფესიული თვალსაზრისით. მისგან, არაკომუნიკაბელურობის გამო ლექტორი ვერ დადგება, სხვა ყველა პერსპექტივა კი დიდი ხნის წინ დაიმარხა არა მარტო საქართველოში, არამედ ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში. და ალბათ, სანამ ატლანტიდას არ აღმოაჩენენ მანამდე ასე გაგრძელდება.

თუმცა, ეს ყველაფერი ბაჩოსთვის მეორეხარისხოვანია. სიამოვნებს აგნოსტიციზმის, ეგზისტენციალიზმის, ემპირიზმისა და სტოიციზმის საწყისებში ჩაღრმავება და მისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე გაუგებარი თემების გონებაში ათასჯერ გადატრიალ–გადმოტრიალება, ერთი და იმავე გვერდის ათჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ წაკითხვა.

შეიძლება ითქვას, მაზოხიზმის ერთ–ერთი განშტოებითაა შეპყრობილი – საკუთარი ტვინის გაჟიმვით!

თუმცა ახლა ბაჩო ლექტორს მხოლოდ ცალი ყურით უსმენს. მეორე ყური და ორიც თვალი კი პირველი რიგისკენაა მიმართული. უფრო კონკრეტულად კი – ნიასკენ (უფრო კონკრეტულად – მოკლე, შემოტმასნილ მაისურში გამოკვართულ ნიას მკვრივი მკერდისა და მოშიშვლებული მხრებისაკენ). არა, ნამდვილად არ უყვარს. ყოველ შემთხვევაში ამას შთააგონებს საკუთარ თავს. ”უბრალოდ გაბახავდა, რამე რო იყოს”. მეტი არაფერი. თუმცა, სინამდვილეში რა ხდება, ამის ცოდნა შეუძლებელია. და მეორეხარისხოვანი. მაგრამ ესეც დროთა განმავლობაში გაირკვევა . მანამდე კი ბაჩო თვალის დაუხამხამებლად მისჩერებია გოგონას ზურგს და ფიქრებში წასულს ერექცია ეწყება. ამ ერთობ ხელისშემშლელ დეტალს, მითუმეტეს როცა ორმოცდაათ კაციან აუდიტორიაში ზიხარ, მალევე აქცევს ყურადღებას და გამოზრდილ უბეს ზემოდან ჩანთას ადებს. ვინ იცის რაზე ფიქრობდა მანამდე. იქნებ აღგზნებული ეგო ნიას აშიშვლებდა და ვარდის ფურცლებით დაფარულ საწოლზე ათასი უხამსი რამის კეთებას აიძულებდა… ან…

…რაც შეეხება ”შავი გედის თეორიას”… – განაგრძობდა ლექტორი. თუმცა ბაჩოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა კავშირი იყო სპინოზასა და ”შავი გედის თეორიას” შორის. იქნებ რომელიმე სტუდენტის მიერ დასმული, მთავარ თემასთან არაფერ კავშირში (ან პირიქით – ზე–ფილოსოფიურ კავშირში, რომელსაც ბაჩო ვერასდროს გაიგებდა) მყოფი შეკითხვა გამოეპარა? – ეს არის თეორია, რომელიც განიხილავს რთულად პროგნოზირებად და იშვიათ მოვლენებს, რომელთაც აქვთ საგრძნობლად დიდი (ხშირ შემთხვევაში უარყოფითი) შედეგი. თეორიის ავტორი ნასიმ ნიკოლას ტალებია, რომელიც საკუთარ წიგნში ”შავი გედი. განუსაზღვრელობის ნიშნის ქვეშ” ახსენებს ტერმინს ”შავი გედის ტიპის მოვლენები”. პირველ რიგში მოვლენა ექსპერტისთვის მოულოდნელია. მეორე დამახასიათებელი თვისება: მოვლენას აქვს არნახული შედეგი და მესამე: იმის შემდეგ, რაც მოხდება, რეტროსპექტივაში, მოვლენას რაციონალური ახსნა მოეძებნება, თითქოს ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო. ”შავი გედის” ნათელი მაგალითებია: პირველი მსოფლიო ომი, 11 სექტემბერი, საბჭოთა კავშირის დაშლა, თუნდაც ინტერნეტის შექმნა. – ლექტორმა ჩაახველა და მცირედი პაუზის შემდეგ განაგრძო – თვითონ ტერმინი ”შავი გედი” არის ცნობილი, როგორც ლათინური გამონათქვამი. ცნობილი სიტყვები ეკუთვნის ძველრომაელ სატირიკოს დეციმ იუნი იუვენალის ფრთას – ”კარგი ადამიანი ისევე იშვიათია, როგორც შავი გედი” (rara avis in terris nigroque simillima cygno). 1697 წლამდე ითვლებოდა, რომ გედები მხოლოდ თეთრები არსებობენ, თუმცა ჰოლანდიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ვილემ დე ვლამინკი ხელმძღვანელობდა, დასავლეთ ავსტრალიაში შავი გედების პოპულაცია აღმოაჩინა…

ბაჩო ჩანთას დააწვა, თითქოს ამით ერექციის ხარისხს შეამცირებდა. ქვემოთ ყრუ ტკივილი იგრძნო. ასეთი რამ სულ უფრო ხშირად ემართებოდა. რაღაც პერიოდი ხორციელი ნეტარების მიღების, მამაკაცური ჟინის დაკმაყოფილების მიზნით შეპყრობილი გონს კარგავდა და რაციონალურად აზროვნების უნარი ერთმეოდა. ჩვეულებრივ, ამ დროს Porcupine Tree–ს Sound of Muzak–ს უსმენდა და მაქსიმალურად ცდილობდა ტექსტზე ყოფილიყო ორიენტირებული, თუმცა ახლა აიპოდი სახლში დარჩენოდა და ამ რთულ სიტუაციას საკუთარი ძალებით ებრძოდა. ერთი სული ჰქონდა ლექცია როდის დამთავრდებოდა. ყველას დაიკიდებდა, ნიასაც, ლექტორსაც და თავქუდმოგლეჯილი გავარდებოდა აუდიტორიიდან. ტუალეტში გაიქცეოდა, ერთი გემრიელად არწყევდა, ცივ წყალს სახეზე შეისხამდა და შეიძლება, თუ გამოუვიდოდა და თუ ამის სურვილი ექნებოდა – დაენძრია კიდეც.

ნია კი თითქოს სპეციალურად ბაჩოსთვის ირჯებაო, წამდაუწუმ გვერდულად იხრებოდა და დაქალს რაღაცას ეჩურჩულებოდა, თან თითქმის ბოლომდე ამოყრილი მკერდით ალბათ არა მარტო ბაჩოს, არამედ მთელი აუდიტორიის ბიჭების ყურადღებას იპყრობდა.

ბევრს რომ არ მივედ–მოვედოთ, ჰაერი სექსუალობითა და ”ხორცით” იყო გაჟღენთილი.

დერეფნიდან ზარის ხმა შემოვიდა. ბაჩომ გადაიფიქრა აუდიტორიიდან გაქცევა. ამით ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა, ეს კი ნამდვილად არ სურდა. თან, ჯერ მხოლოდ ოთხშაბათი იყო. ასე რომ, ერეგირებულ პენისზე ჩანთააფარებული მოკლე ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ. ქვეცნობიერად, ალბათ სპეციალურად არ ჩქარობდა, ეგონა ის და ნია თუ უკანასკნელნი გავიდოდნენ, მათ შორის ერთგვარი ბუნებრივი დიალოგი გაიმართებოდა. თუმცა, ბუნებაში არ არსებობდა ”უკან ჩარმოჩენილ სტუდენტთა შორის გასამართი დიალოგის” სცენარი და რა თქმა უნდა არც არაფერი მომხდარა. ჯერ ნია გავიდა დაქალთან ერთად, უკან კი ბაჩოც მიჰყვა.

ერექცია შეუწყდა, თუმცა ახლა ბრაზი მოაწვა. ნუთუ ამ ბოზის ყურადღებას არ იმსახურებს?! ვინ არის ის, რომ შეუძლია სხვას ზემოდან უყუროს?! ვინ მისცა ამის უფლება?! ბაჩოს სახეზე ალმური მოედო. ალბათ სჯობდა გრძელი, უკან შეკრული თმა გაეშალა, რათა გახურებული, გაწითლებული კისერი მაინც დაემალა, მაგრამ თმა არ გაუშლია…

უნივერსიტეტიდან გავიდა და შენობის წინ, სკვერში ხეტიალი დაიწყო. რომელიღაც საკმაოდ დიდი ხის ქვეშ განმარტოებულ სკამზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ღრმა ნაფაზებს არტყამდა, ფილტვებს კვამლით ივსებდა და შედარებით მოდუნებული ჰაერში აფრქვევდა. მიყოლებით სამი ღერი მოწია. დამშვიდდა. ამას თვითონაც ხვდებოდა. საკმარისი იყო, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში დღევანდელ დღესა და ნიაზე არ ეფიქრა და ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა, ძალაუნებურად დაავიწყდებოდა.

ამ შემართებით წამოდგა და სკვერის ცენტრალური შესასვლელისკენ გაემართა, სადაც ნაკლები შანსი იყო ვინმე თავისიანი შეხვედროდა. ქუჩა გადაკვეთა და გეზი სულ სხვა მიმართულებით აიღო, სურდა აქაურობას გასცლოდა. ”უნივერსიტეტიდან რაც შეიძლება შორს!”. ბანკთან მისულმა წამით შეისვენა და კედელს მიეყუდა. გააცნობიერა რომ რამდენიმე წუთია შეუსვენებლივ გარბოდა.

ქუჩას გახედა. სხვადასხვა მარკის ავტომობილები გამალებით დაქროდნენ აქეთ–იქით. ყველას სადღაც ეჩქარებოდა, სინამდვილეში კი, არავინ იცოდა – სად. ბაჩო გზის მეორე მხარეს, გაზეთების ჯიხურს მისშტერებოდა. ისე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე უსულო ან სულიერ საგნებზე უაზროდ მიშტერება… შემდეგ მზერა ლურჯ ”ტოიოტაზე” გადაიტანა. არც კი იცოდა რატომ. ეტყობა, რუხი, შავი, თეთრი მანქანების ფონზე სილურჯე მკვეთრად გამოიხატა და მისმა გონებამაც სამზერად ახალი ობიექტი თავისდაუნებურად, იმპულსურად აარჩია. შემდეგ თითქმის მთელი ცხოვრება ბაჩო სწორედ ამას ინანებს – რატომ ვერ შესძლო ”ძილის რეჟიმის” მდგომარეობაში მყოფი გონების კონტროლის ქვეშ აყვანა და რატომ გადაიტანა მზერა მანქანაზე. ”ტოიოტაში” ნია იჯდა. მის გვერდით კი, საჭესთან ვიღაც ჩაფსკვნილი ტიპი. მოკლემკლავებიანი მაისური დაკუნთულ სხეულზე ასკდებოდა. მოკლედშეჭრილი თმა ღვთაებრივ, თითქმის სრულყოფილ ცხვირს ნათლად აჩენდა და მის სილამაზეს თავისებურად ხაზს უსვამდა. მოულოდნელად (სინამდვილეში კი სავსებით მოსალოდნელად!) ბაჩოს ზიზღის გრძნობა ხელახლა დაეუფლა. ამჯერად, გვერდის ავლა აღარ გამოვა. ბანკის შენობას მოშორდა, სირბილით ქვემოთ დაეშვა და მანქანის ჩამოსვლამდე ქუჩა გადაჭრა. იქვე, რომელიღაც კაფეს შესასვლელთან შეჩერდა და კაპიუშონწამოფარებული ლურჯი ”ტოიოტას” ჩამოსვლას დაელოდა. დიდხანს ლოდინი არ მოუწია, მანქანა რამდენიმე წამში გამოჩნდა.

ბაჩომ მარჯვენა ხელის ნეკა, შუა და არათითები მოკეცა, საჩვენებელი და ცერა კი გაშალა და რევოლვერის ფორმა მიაღებინა. ირგვლივ მიმოიხედა, ხომ არავინ მიყურებსო და ”იარაღი” ”ტოიოტას” დაუმიზნა. თვალები დახუჭა, მარჯვენა ხელზე კონცენტრირდა და სასხლეტს თითი გამოჰკრა…

”ტოიოტა” ჰაერში აფრინდა, რამდენიმე ბრუნი გააკეთა და ოციოდე მეტრის მოშორებით, სუპერმარკეტის კედელს არაამქვეყნიური ძალით შეასკდა. სქელი, აგურის რამდენიმეფენიანი კედელი შეინგრა და მანქანა სუპერმარკეტში შევარდა.

თუმცა, ბაჩოს არც შიგნით მყოფი ხალხი ანაღვლებდა, არც დანგრეული კედელი. თავდახრილი, სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა ხალხით სავსე ქუჩას.

 

 

დღე 3

 

მესამე იყო დღე ცეცხლისა.

იგორი დამტვრეული მანქანიდან ნაწილ–ნაწილ გადმოიტანეს. ოთხად გადაწყვეტილ სხეულს ზედმეტად არაბუნებრივი შესახედაობა ჰქონდა – დაძარღვული, ალაგ–ალაგ კანაფლეთილი ხელები უსუსურად გაშეშებულიყვნენ. დამწვარ, დაბეჟილ ტანზე სასწაულებრივად შერჩენილი თავი ცვილის დაუმთავრებელი ფიგურის გულისამრევ ნაწილს ჰგავდა. მარჯვენა ფეხი უკანა მხრიდან გადმოიტანეს. მარი იქ არ ყოფილა.

დასაფლავებაზე კი მარიმ იტირა. იტირა გულწრფელად. ისე, რომ კინაღამ მეც ავტირდი, მიუხედავად იმისა რომ იგორს კარგად არ ვიცნობდი. უცნაურია, მაგრამ, მარის გარდა ირგვლივ არავინ ტიროდა.

დღეს მარტო მინდა ყოფნა, – მითხრა მარიმ ცერემონიალის დასრულების შემდეგ და სახლში წავიდა.

მე ქუჩას გავუყევი. სიკვდილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, – თუ შეიძლება ასე დავარქვათ იმას, რაც სიკვდილს თან მოაქვს, – ჩემში სევდას არასდროს იწვევდა. მიუხედავად ყველაფრისა, სტრიპ კლუბში, ან თუნდაც მაკდონალდსში წასვლის სურვილი არ გამჩენია.

ერთ–ერთ ქუჩაზე წიგნის მაღაზია იწვოდა. გარეთ გამოვარდნილი, გაოცებისგან პირზე ხელაფარებული კონსულტანტები თვალებგადმოკარკლულები უყურებდნენ ცეცხლის ალს. გარედან კარგად ჩანდა როგორ ვრცელდებოდა თაროებზე ცეცხლის ენები, როგორ ყლაპავდა წიგნებს, საპასუხოდ კი ხმაურიანად აბოყინებდა. ვიცოდი, უამრავიდან ორი ჩემი იყო, თუმცა გული ოდნავადაც არ დამწყვეტია. პირიქით, – უეცარი, ალბათ ბუნებრივი ობსკურანტიზმის მსხვერპლი გავხდი და ვამაყობდი ამით. ახლა მე, გორდერი, ფროიდი და ბრედბერი ერთ ცეცხლში ვიწვოდით.

ამ უკანასკნელმა, ნაბოზარმა ბებერმა, მაინც მიაღწია საწადელს!

Image

დღე 4

 

მეოთხე იყო დღე მდუმარებისა

ყველანი ვდუმდით. ქალაქს დუმილის მანტია შემოეცვა. დუმილი გვახრჩობდა და ჩვენც ინფანტილურად თანავარსებობდით სიჩუმეში. რაფებზე, ფრთებდაჭრილი, ნისკარტმოგლეჯილი, თავგატეხილი, ფეხებგადაჭრილი მტრედები ცვიოდა. ცვიოდა უხმოდ. თითქოს ფაფუკი ფანტელები ყოფილიყვნენ. კედლები წითლად იყო შეღებილი. თვალებში სისხლი ჩაგვიდგა. სიცილი გვინდოდა, მაგრამ ვერ ვიცინოდით. მტრედებს ვუყურებდით, და ვცდილობდით გაგვეხსენებინა როდის ვნახეთ ისინი ბოლოს ცოცხლები.

ვერ გავიხსენეთ. პატარები ვიყავით ძალიან. ახლაც პატარები ვართ.

საღამოს დიდი სატვირთო მოვა და მტრედებს ნაგავსაყრელზე წაიღებს.

ხვალ ჩვენ დავიძინებთ.

 

 

დღე 5

 

მეხუთე იყო დღე პარაზიტიზმისა.

მე პარაზიტი ვარ და უცნაური ისტორიების შეთხზვით შეპყრობილი, ხშირად გადავდივარ საზღვარზე. ჯერ კიდევ ვერ გამიგია, რას ყოფს ეს საზღვარი. მგონი, ყველაფერი მხოლოდ ჩემს ფანტაზიებში ხდება, რთულდება, შემდეგ კი იხლართება. ან პირიქით. მეც, ხან ფანჯარასთან ვზივარ, ხან ვწევარ და მძინავს.

ბრახ! – გარედან ბრახუნის ხმა შემოდის. წერას ვწყვეტ, ფანჯარას ვაღებ და შუაზე გაჭრილ მტრედს ქვემოთ, ძალიან ქვემოთ ვისვრი.

Image

Advertisements

Posted on დეკემბერი 13, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: