A.L, ანუ სად გაფრინდა ჩემი ღორი?

სადმე თვალი ხომ არ მოგიკრავთ მფრინავი ღორისთვის? თუ შეამჩნევთ დამირეკეთ, აი ნომერი: 597-22-21–19… თუმცა, ისევ მე მოვძებნი, თქვენს იმედზე ჩემი მტერი იყოს.

ნეტავ სად წავიდოდა? არც იმ შარლატანი ფოკუს-მოკუსნიკის თუ ექიმბაშის, თუ ჯადოქრის თუ ვიღაც ჯანდაბის რჩევა-დარიგებამ მიშველა: ფრთები დააჭერიო… ჰა! ადვილია სათქმელად. აბა ფრთებზე შეეხე თუ კაცი ხარ… მე მაინც დავუჯერე იმ უპატრონო ექიმბაშს თუ ვიღაც შარლატანს და დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა ფრთები წავაცალე… ამ პროცესს ჩემი საყვარელი აკუსტიკური გიტარა, ელექტროღუმელი, ბადი ჰოლის ჩარჩოში ჩასმული სურათი, ტყავის სავარძელი, ფაიფურის ვაზა, ამ ვაზაში ჩაწყობილი ძვირფასი ვარდები, რვა მინის ბოკალი, პერსონალური კომპიუტერის კლავიატურა, ვიღაც შვედი მხატვრის რომელიღაც ნახატის ასლი, რომელიც არასდროს არ მომწონდა, ალბერტო მორავიას მოთხრობების კრებული, ოც თეთრიანი უხარისხო კალამი, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და ორი წლის წინ რომელიღაც კონკურსში აღებული სიგელი შეეწირა… მარა მაინც გავიმარჯვე! შემდეგ კი… სულ ორი საათით გავედი სახლიდან და რომ დავბრუნდი რას ვხედავ? – სახლი ცარიელია, ფანჯრები მილეწილ-მოლეწილი, შპალერი ჩამოხეული… გაფრინდა! გაფრინდა ჩემი A.L-ი. მართალია, ნამდვილად სულელური სახელია მფრინავი ღორისთვის. მარა სახელების მოფიქრებაში სპეცი არასდროს ვყოფილვარ. ერთხელ მიყიდეს ბავშვობაში თუთიყურში და ავიჩემე ტახი დაარქვით-მეთქი… მაგის მერე მშობლები ცდილობდნენ ცხოველებთან შეხება არ მქონოდა.

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ! Image

 

სად წავიდა ეს დასაწვავი? ან საინტერესო ისაა, როგორ ამოუვიდა ასე სწრაფად ფრთები… იქნებ მოიპარეს? – არააა, რა სისულელეა. ვის რა ჩემ ფეხებად სჭირდება მფრინავი ღორი? ისევ გარეთ თუ მოვძებნი, თორემ მერე საერთოდ გადაიკარგება სადღაც დასალიერში და ეძებე მერე საზღვარ-საზღვარ. ტყუილს კი არ მეუბნებოდა ის… ისა კაცო… აუ, დამავიწყდა. მოკლედ ვიღაც მეუბნებოდა არ გინდა მა ღორი, ქე ხედავ რაფრათ უცნაურათ იქცევა ახლა აქანე და მერმე რავა იქნებაო… აააა, გამახსენდა – ვალიკო! ეს ღორი ჰო სოფელში ვიპოვე, უფრო სწორად მაშინ გოჭი იყო. ჰოდა ტყეში მაჯის საათი დამეკარგა და იმის საპოვნელად წავედი ვალიკოსთან ერთად და საათი ვერ ვიპოვე, მარა ეს ფრთიანი გოჭი შემრჩა ხელში.

ჰა, წავედი მე, თორემ მართლა სამუდამოდ დავკარგავ იმ უპატრონოს, მაგისგან მოყენებული ზარალი ,,მაიკროსოფტის’’ წლიურ შემოსავალს რომ უტოლდება!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ქუჩებში სიწყნარეა! აქეთ-იქით გიჟივით ვაცეცებ თვალებს მაგრამ არაფერი. ხალხსაც არ ეტყობა მფრინავი ღორი რომ ენახოთ.

– გამარჯობა, უკაცრავად, – გავაჩერე ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, – შემთხვევით მფრინავი ღორისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი?

ისეთი სახით შემომხედა თითქოს ტრანსცენდენტური ფენომენალურობის განმარტება მოვთხოვე, თან ტრივიალურობის გარეშე, ანდაც ტრაზისტორული ეფექტის არსი ვკითხე, მერე კი მითხრა:

– კი, ვნახე… ჩემხელა ხორთუმიან კალიას ეთამაშებოდა ჭადრაკს, – და გადიხარხარა, შემდეგ ხელი აიქნია და გამცილდა.

ამას ეგონა ვეღადავებოდი… არა, პრინციპში მეც ასე ვიფიქრებდი…

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

არსად არ ჩანს! ნეტავ ხომ არ მოკლეს?

უცებ გამახსენდა რომ ჩემს ღრუტუნიას შაურმა უყვარს ძალიან. ორი კვარტალის იქით არის ჯიხური, სადაც შაურმას აკეთებენ. შეიძლება მოშივდა, გარეთ გამოფრინდა და მერე სუნს გაყვა ( საოცარი ყნოსვა აქვს )… თავქუდმოგლეჯილი გავვარდი საშაურმისკენ. გრილი სიო სახეზე მასკდებოდა და თმებს მიწეწავდა, თან თვალებში სილას მაყრიდა და მაბრმავებდა… ამ სირბილში ერთ როლიკებზე მოკატავე ბიჭს შევასკდი და გარე მოვაჭრის კიტრებით და პომიდვრებით სავსე დახლს მივანარცხე. ბოდიში არც მომიხდია ისე ვუმატე სიჩქარეს, უკნიდან კიდე ზურგს გინებები, ანათემები და სავარაუდოდ იმ როლერის მიერ ნასროლი კიტრები მიწითლებდნენ.

როგორც იქნა საშაურმეს მივაღწიე!

ირგვლივ ვიხედები – არაფერი!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ! – არაფერი!

საშაურმესთან ერთი დიდი ხე იდგა. ვიფიქრე ამ ხის ფოთლებში ხომ არ იმალება-თქო, მაგრამ შემოწმების შემდეგ დავრწმუნდი რომ ვცდებოდი.

შეწუხებულმა ხესთან ჩავიმუხლე და… ფესვებზე სისხლია… კვალს გავყევი და რას ვხედავ? – საშაურმეს უკან, ნაგვის ცელოფანგადაკრულ პლატმასის ყუთში ფრთები ყრია…Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 16, 2013, in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: