ემბრიონი, მანდარინი, ალმოდოვარი…

 1.

 

არსებობს ძველ რომაული გამოთქმა: sciencia potencia est – ცოდნა ძალაა. მართალია! ცოდნა არის უდიდესი ძალა, რომელიც არა მხოლოდ მომავლის სტრუქტურიზაციაში, არამედ წარსულის მიერ დატოვებული შიფრებისა და კოდების ამოხსნასა და მათი ,,მოკვდავთა დონემდე’’ დაყვანის პროცესში იღებს მონაწილეობას… თუმცა, როგორც მოგეხსენებათ საზოგადოებას აღარ სჭირდება ემიგუალები, ვოს სავანტები და სხვა მათნაირი ყურებიდანტვინგადმონაჟონი რეალისტები… საზოგადოების ძირითად მასებში ცოდნამ არა მარტო ფასი დაკარგა, არამედ ამ მასების ,,გაღიზიანებაც’’ კი გამოიწვია… გაღიზიანება რა თქმა უნდა ბრჭყალებში, თორემ სად იცის ნარცისიზმით შეპყრობილმა ( მიზეზი გაურკვეველია ) ბრბომ ან აგრესია, ან გაღიზიანება – მათ დაკარგეს რეფლექსები, ინსტინქტები და მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე არიან დამოკიდებულნი, რომელიც მათ ისევე ,,ხმარობს’’, როგორც დიასახლისი ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს…

 

ჩვენი პლანეტის არსებობის ისტორიაში მხოლოდ სამი რამ იყო კაცობრიობის ,,გარდატეხის’’ მიზეზი: I) ქრისტეს დაბადება, II) დარვინის თეორია და III) ამერიკის ზეაღსვლა… დადგება დრო, ამერიკა თავის გათხრილ ორმოში ჩავარდება და არცერთი ქვეყანა თოკს არ ჩაუგდებს ამოსაყვანად… საერთოდაც, მეგობრობა უკვე იმდენად გაუფასურდა, რომ ალბათ 2020 წლისთვის ბავშვებს სკოლაში ბერძნული მითოლოგიის პარალელურად ასწავლიან ,,თავის დროზე გმირის’’ შესახებ ლეგენდებს… ,,ამ ხალხს გული არა აქვს, ნუ დაიმეგობრებთ მათ!’’ – პასკალის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

 

ათ წელიწადში ადამიანის ტვინი დამოუკიდებლად ფუნქციონირებას შეწყვეტს და ჩვენ, ტიპიურ სიბორგებად ვიქცევით…

 

 

 

 

 

2.

 

გიგი ,,მატადორს’’ უყურებდა მობილური რომ აწკრიალდა.

 

– დიახ, გისმენთ, – უპასუხა მან და სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა.

 

– სასწრაფოდ მოდი განყოფილებაში, – გაისმა მეორე მხრიდან.

 

გიგიმ შეწუხებული სახით ამოიხვნეშა და ,,GOM Player’’-ი გამორთო. ელვის სისწრაფით გავარდა საძინებელში, ფოტოაპარატი აიღო და განყოფილებაში წავიდა.

 

განყოფილებაში სიგარეტისა და ნარწყევის სუნი ერთმანეთში არეულიყო. შესვლისთანავე გიგიმ ცხვირზე მკლავი აიფარა და კედელთან მდგომ მსუქან პოლიციელს ჰკითხა: ,,თეოდორე აქ არის?’’ პოლიციელმა ზანტად დაუქნია თავი და გიგიც ვიწრო დერეფანში გაიჭრა. სულ ბოლოში, თეთრ კარებზე ჯერ დააკაკუნა, შემდეგ კი სახელური გადაატრიალა და შეაღო…

 

– შეიძლება? – იკითხა ღიმილნარევი ტონით.

 

– შემოდი, შემოდი… – დინჯად უთხრა ხის მაგიდასთან, კომფორტულ სავარძელში წამოჭიმულმა მელოტმა მამაკაცმა.

 

– რა ხდება? ისეთი ტონით მითხარი სასწრაფოდო კინაღამ ავნერვიულდი…

 

– მორიგი მკვლელობაა… აქვე, განყოფილების წინ რომ კინოთეატრია იმის უკან ვიღაც ორმოც წლამდე ქალი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით… პირდაპირ შუბლში დააჭედეს… ვეღარ გავუძელი და წამოვედი… ხო იცი, ისედაც სულ წნევები მაქვს ეს კვირაა… მოკლედ, შენ იცი რა… ვერ წამოგყვები…

 

– კაი, კაი… მე მივხედავ მაგ საქმეს…Image

  3.

 

– ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქიმიური რეაქციები განსხვავდება სისწრაფის მიხედვით: ნეიტრალიზაციის რეაქცია რეაგენტების შერევისთანავე სწრაფად მიმდინარეობს, რკინის ნივთები კი ნესტიან ჰაერზე წლობით იჟანგება; გაჭრილი ვაშლი ჰაერზე მალე ყავისფერდება; მცენარეული ნაშთებიდან ქვანახშირის წარმოქმნას საუკუნეები სჭირდება; აფეთქების რეაქციები წამის მემილიონედ ნაწილში სრულდება…

 

მასწავლებელს არავინ უსმენდა… მესამე რიგში, მეორე მერხზე მჯდომი გოგონა გაქანებული მესიჯობდა და ,,E 72’’-ის კლავიატურას ახმაურებდა. მეორე რიგის მეშვიდე მერხზე მჯდომ ბიჭს კი საერთოდაც ეძინა…

 

წკრრრრ! წკრრრრ! – დაირეკა ზარი და ბავშვებიც ზანტად, უხალისოდ წამოიჭრნენ… მოულოდნელად კარს ვიღაცამ ფეხი ჰკრა და ოთახში რევოლვერიანი ტიპი შემოვარდა. შავი ნიღაბი ჰქონდა გადაცმული. თავიდან წინ მდგომმა გოგონებმა ერთხმად შეჰკივლეს, თუმცა შემდეგ ბიჭებს მიბაძეს და სიცილი დაიწყეს. ეს უბრალოდ უკბილო ხუმრობა ეგონათ. ნიღბიანმა რევოლვერი მასწავლებელს დაუმიზნა და სასხლეტს თითი გამოჰკრა. სათვალიანი, კუბოკრულ სვიტერში ჩაკვეხებული ლევანი მასწავლებელი დაფასთან ჩაიკეცა. ბავშვებმა ერთხმად ატეხეს კივილი!.. თუმცა:

 

– მოკეტეთ თქვე იდიოტებო, სანამ ლუციფერთან გამიშვიხართ! – დაიღრიალა რევოლვერიანმა და ჰაერში ორჯერ გაისროლა, შემდეგ სქელი ჯემპრი გადაიძრო და შეშინებულ ბავშვებს დინამიტებით აღჭურვილი ქამარი დაანახა: – თუ არ მოკეტავთ…

 

ყველანი გაისუსნენ და ხატების ქვეშ მიიყუჟნენ. ზოგმა თვალები დახუჭა და ბურტყუნი დაიწყო – ლოცულობდნენ…

 

,,Po-Po-Po Poker face, Po-Po Poker faceee…’’ – გაისმა ლედი გაგას ხმა.

 

– უკაცრავად, – მოიბოდიშა ნიღბიანმა და შარვლის ჯიბიდან მობილური ამოიღო: – გისმენთ… ჰო, დედიკო… ისა, მომისმინე: ახლა არ მცალია და ცოტა ხანში გადმომირეკე, ok? – ტერორისტი მობილურს ისევ ჯიბეში იდებს.

 

ბავშვები შეშინებული თვალებით უყურებენ მამაკაცს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მათი მასწავლებელი მოკლა… გოგოები ტირიან… ბიჭები რაღაცას ბურდღუნებენ… ტერორისტს მარჯვენა ხელში რევოლვერი უჭირვას, მარცხენაში – წითელღილაკიანი კოლოფი და იმუქრება: თუ რამე სისულელეს ჩაიდენთ, ყველას აგაფეთქებთო… მანამდე არ გაუშვებს მათ სახლებში, სანამ ყოფილი შეყვარებული არ შეურიგდება და სანამ მათი მშობლები თავიანთ შვილებში ას-ასი ათასს არ გადაიხდიან… კლასში სულ ოცი ბავშვია. გამოდის რომ ამ ჩვენს ლედი გაგას ფან ტერორისტს ერთ დღეში ორი მილიონის გაქაჩვა მოუნდა… ჰაჰ, ვერაფერს იტყვი!.. ამ დროს ,,მკვდარი’’ მასწავლებელი თვალებს ახელს, მუცელზე ხელს იკიდებს და სისხლს შეშინებული უმზერს… მის ფეხებთან ტერორისტი დგას… დადგა დრო ქიმიური რეაქციის სიჩქარისა და კოლბის იქით რაღაც სხვაც დაინახოს… გააკეთოს რამე ღირებული…

 

– ააააააა! – წამოიყვირა დაჭრილმა, ზეწამოიჭრა და ტერორისტს ეძგერა. ნიღბიანი თავიდან დაიბნა, მაგრამ როგორც კი მასწავლებელი ეცა აღარ დააყოვნა და წითელ ღილაკს თითი დააჭირა…

 

ბუმ!!!

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

– მე შენთვის სიურპრიზი მაქვს ძვირფასო, – ნაზად გაუღიმა ქეთიმ ალეკოს.

 

– გისმენ ჩემო ბარტყო…

 

– ფეხმძიმედ ვარ… შენგან ვარ ფეხმძიმედ…

 

მანდარინების გამყიდველი მომაბეზრებლად სთავაზობდა ქეთის მოკაშკაშე მანდარინებს, თუმცა დაღვრემილი მანდილოსანი ყურადღებას არ აქცევდა და მუცელზეხელმოკიდებული მიალაჯებდა ქუჩაში…

 

… ბავშვის ნაწილები თეთრ ცელოფანში ჩააწყვეს და თავი შეუკრეს…

 

– ასე არ ჯობია ჩემო ბარტყუნიავ?

 

– ჰო, ალბათ…

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

გიგიმ საკმაოდ ბევრი სურათი გადაიღო და განყოფილებაში ხარისხიანი ფოტოებით დაბრუნდა.

 

– არ მინდა… ნუ მაჩვენებ… ხო იცი ეს კვირაა ისედაც სულ წნევები მაქვს…

 

– ხო, ვიცი, ვიცი… საკონდიტროში მივდივარ და რამე ხომ არ წამოგიღო?

 

– ჯემიანი ფუნთუშა…

 

– Ok…

 

გიგიმ საკონდიტროს კარი შეაღო და თბილ ოთახში შევიდა. ახლად გამომცხვარი ფუნთუშების სუნი მსწრაფლ ცხვირში შეუძვრა და ტვინი აურ-დაურია…

 

– ერთი ჯემიანი ფუნთუშა და ერთიც შოკოლადიანი…

 

– ინებეთ…

 

…სახლში დაბრუნებისას გიგიმ მალევე გაიხსენა განყოფილებაში წასვლამდელი საქმიანობა და კომპიუტერს მიუჯდა… ალმოდოვარი არავის ინდობს… ტვინის მარცხენა ჰემისფეროში აღწევს და იქ კუკავს…

 

დგაპ! – ფანჯარას რაღაც მოხვდა. გიგი ზანტად წამოდგა და ,,მოუცლელობით’’ დაღლილი, ფანჯრისკენ წავიდა… რაფაზე პოლიეთილენის ძირგაწითლებული თეთრი ცელოფანი ეგდო… გიგიმ მზის შუქზე გახედა და რაღაც პატარა ,,სტაფილოები’’ დალანდა ბროწეულის ზომის „ბურთის“ ირგვლივ…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

1) ,,ცხოვრება ბიზნესია, რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.’’ – შოპენჰაუერი.

 

2) ,, იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.’’ – აგრეთვე.Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 13, 2013, in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: