რაჲ არა თქუა ზარატუსტრამ

1.

 

ოდეს გაირღვა ცაჲ და წარმოვიდა წვიმა, ზარატუსტრამ დახედა თვის სველ ხელთ და თქუა:

,, ამაოა აზმნობა იმაზე, თუ რამ ან ვინ დაჰკრა არგანი ზეცას, რამეთუ აწ მე აქა, მინდორზედ, ვერას მიშველის ამგვარი ფიქრი, და უკეთურ არს ვპოვო ბჭე რომელიმე სახლისა, რათა მასპინძელმან შემიფაროს მე’’.

და გაუყვა დანამულ მინდორს და მისი შიშველი ფეხნი ტკეპნიდნენ მიწას.

და ოდეს ზარატუსტრა მიიწევდა წინ, გულში თავისთვის რაღაცას უბნობდა, რამეთუ ეს რაღაც არს გეენია.

,, არაფერ არს გეენია, და უფალი, რომელმან თქუა არსებობაჲ მისი, ჰტყუობს და მე ამას ვუწყი.’’ –

ფიქრობდა ზარატუსტრა.

ხოლო წვიმამ არა მოიკლო, რამეთუ ცამ კიდევ უფრო ჰხსნა პირი და წვეთნი, რომელნი აგრერიგად ასველებდნენ ,,მოხეტიალეს’’, კიდევ უფრო ათიხებდნენ მიდამოს მიწიანს.

და ზარატუსტრამ დაიყვირა ვითარ გახელებულმა:

,, არა მიჰყვარხარ შენ, უფალო, რამეთუ კარგს არას მიქადი. და რათ უნდა გსცე პატივი შენ, რომელ მარად ცუდს სჩადი?’’

და დასჭექა ზეცამ და განათდა იგი.

ოდეს ზარატუსტრამ იხილა დრტვინვაჲ და განძვინებაჲ ცისი, განხეთქა ძონძი, რომელ ემოსა და დაეცა მუხლზედ, ხოლო შემდეგ ჰრქუა:

,, არა მეშინიან შენი! რამეთუ მხოლოდ მაშინებ, და არაჲს გაკეთება შეგიძლიან, და მე, ზარატუსტრა, დამთხე ჭეშმარიტებისაჲ, ვიცნობ ფუჭ საქმეთ შენსას!’’

და დასჭექა ზეცამ ორჯერ უფრო ძლიერად და წვიმამ იწყო დენა ვითარც ჩანჩქერმა და ზარატუსტრას წინ დათიხდა და გაკეთდა გუბე, ხოლო ზარატუსტრამ დაწუხა თვალნი და სცადა დანთქმა გუბეში, მაგრამ იგი ძლიერ პატარა აღმოჩნდა და ზარატუსტრამ იწყო თავდამოქცევა და დამთხვეულივით გაიძახოდა:

,, დიაღ, ვარ ზეშთა-მჩენი, მაგრამ არა ვარ ბოროტი, ვითარ შენ. და არა უწყი რა ძალმიძს მე, რომელ ახლა დამარცხებულ ვითარ კარაული გორავს თიხაში და ვერ ხვდები ჩემსა გულისწადილს…’’

და დასჭექა ცამან მესამედ და ეცა მეხი ზარატუსტრას, ვითარ მშიერი ძუ ლომი ეცემა საკბილოს და წააქცია იგი.

ეგდო ზარატუსტრა ტალახში და წვერს წვიმა უნამავდა, ხოლო შიშველ ტანზედ დაზრქელებული თიხა მოსდებოდა.

როს დაღამდა და ცამ გაიკერა პირი და წვიმა გაჰქრა, ზარატუსტრამ დასვრილი და დამძიმებული თავი წამოსწია, ირგვლივ მიმოიხედა და თიხიანი სხეულის ფერთხვა იწყო. ვასილისკოს გამოხედვით გახედა უკიდეგანო ჰორიზონტს, წამოდგა და განაგრძო გზა. არ კი იცოდა სად მიდიოდა. ზრახვად ჰყო პირველივე შემხვედრისთვის ეთხოვა დახმარება და ცოტა ხანს მოესვენა, ხოლო შემდგომ განეგრძო ხეტიალი.

 

 

 

2.

 

ოდეს მზემ სჭყიტა თვალნი, ზარატუსტრა ერთ ქოხს მიადგა და შეჰყვირა:

,, ზრახვაჲ, ზრდაჲ და მოსვენებაჲ მსურს ბატონო ჩემო!’’

პასუხი არა სჩანდა და ზარატუსტრამ მეორედ შემოსძახა იგივე სიტყვები.

და მაშინ გამოვიდა ქოხიდან დაბალი ქალი, რომელს ემოსა ბებკი. გლისპურ გამოხედვაში რაღაც უცნაური ემოცია იკითხებოდა.

,, სალამი ბერწო ქალო. შეგიძლჲან დამაპურო და მომასვენო, ვითარ მე მთელი ღამე ცივს მინდორზედ ვეგდე და ჩემს სხეულზედ ანჩხლი წვიმა თამაშობდა, ხოლო არა საკვები მიმიღჲან ექუსი დღეა…’’ –

თქუა ზარატუსტრამ.

ხოლო ბერწმა ქალმა ჰრქუა:

,, მე შენ არ გიცნობ და არა ვუწყი ვინა ხარ. ვაითუ ავაზაკი? ‘’

ზარატუსტრამ უპასუხა:

,, განა ვგავარ ავაზაკს? მიცქირე, – ერთი უბებკო დამთხე ვარ.’’

და ქალმა შეუშვა ქოხში და გამოუტანა პურ-მარილი.

ოდეს ზარატუსტრა დანაყრდა, სთხოვა ქალს მოსასვენებელი რამ ადგილი მიეჩინა მისთვის, და ქალმა მიუჩინა.

ეტყობოდა ბერწ ქალს დიდად რომ არ ეხატებოდა გულზე ზარატუსტრა და მას კვლავ გლისპი მზერით ჰჭვრეტდა.

და მოვიდა შუა დღე.

გაღვიძებულ ზარატუსტრას თავი აღარ ჰქონდა დამძიმებული, რამეთუ მოსვენებამ უშველა.

ბერწი ქალი არსაჲთ სჩანდა.

მაშინ წამოდგა ზარატუსტრა და ოთახის თვალიერება იწყო, თუმცა არაფერი იყო დასათვალიერებელი.

ამ ჟამს ოთახში ბერწი ქალი შემოვიდა და როს იხილა ზარატუსტრა, რომელ მის ზარდახშას ჰყურობდა, განრისხდა და დაუწყო სახის ჰკაწრვა. და ზარატუსტრამ, რომელ გაოგნებულ იყო ბერწი ქალის ამდაგვარი საქციელით, აიღო ვერცხლისტარიანი დანა, რომელ ხის პატარა მაგიდაზედ იდო და ქალს კეფაში ჩასცხო… კივილი და გოდება აღმოხდა ბერწ ქალს და უსუსურად ჩაიკეცა საწოლთან.

და დაიზაფრა ზარატუსტრა და გაიქცა.

 

 

 

3.

 

მაღნარში მიიკარგა, რამეთუ არა უწყოდა რა უნდა ექმნა, სად გადახვეწილიყო.

დაძრწოდა ესე უგუნურად რამდენიმე დღე და ჰტოვებდა თვისსა კვალსა თიხაზედ, რომელ აგრერიგად უშლიდა ხელს სიარულში. ყოველსა ნაბიჯსა თან დიდი საფრთხე სდევდა, რამეთუ ნადირნი ტყეში ისევე ბლომად იყვნენ, ვითარ მკალნი მინდორში.

მიდიოდა ზარატუსტრა და ჰფიქრობდა:

,, არა არს ბრალი ჩემი იმ ბერწი ქალის სიკუდილი. განა რასმე უგვანო ვჰქენ? მაგრამ ეს არს სუსტი გონებაჲ ადამიანის, რომელ ხედავს, მარა ვერ კი აღიქვამს, რამეთუ ჩუენ მხოლოდ ცქერისათვის ვართ შობილნი.’’

ოდეს ზარატუსტრამ ეს გაიფიქრა, მის წინ გრძელი და წითელთვალება გველი გაჩნდა, რომელ მიწისქვეშა სოროდან გამოძვრა და უთხრა ზარატუსტრას:

,, მართალი ხარ მოხეტიალევ. მხოლოდ მართალსა ჰფიქრობ და მხოლოდ მართალსა ჰღაღადებ. ’’

ზარატუსტრამ ჰრქუა:

,, მაგრამ მხოლოდ შენ ჰფიქრობ აგრერიგად. ხალხისთვის მე მკალზე მეტი არა ვარ.’’

,, იმიტომ რომ ხალხი ბრიყვია და ბრიყვული უბნობა ჰსურს, შენ კი მათ ცოდნას აჩვენებ.’’ –

თქუა უხსენებელმა და მიწისქვეშა სოროში ჩაძვრა.

და დაფიქრდა ზარატუსტრა და იგრძნო ლმობა გულში, ვითარ მიხვდა რაჲ ჰქმნა შეცდომით.

უხსენებელი კი უყურებდა ზარატუსტრას, რომელ გაშეშებული მისჩერებოდა სიცარიელეს.

და შეჰყვირა ზარატუსტრამ:

,, დაე იყოს ისე, როგორც მარმენიოს სწადია.’’

და განაგრძო სიარული.

მიდიოდა ზარატუსტრა და სულ უფრო და უფრო ეშვებოდა მაღნარის სიღრმეში.

ოდეს მიაღწია საწადელ ადგილს, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ჰრქუა:

,, მზადა ვარ. მკელობელ გავხდი ამდენს სიარულში. ხოლო ახლა ვილაპარაკოთ, ვითარც დამთხეთ შეშვენის.’’

და გაისმა ხმა ციდან:

,, მე არა მაქ სათქმელი, რამეთუ ყოველი სიტყვ-გარეშე ცხად არს. ’’

და განძვინდა ზარატუსტრა:

,, საქმე არ არს სიტყვ-გარეშე! ’’

ხოლო ,,ზეცამ’’ მიუგო:

,, შენ ჰპოვე ადგილი შენი და არ კი ჰფიქრობ, სწორ არს იგი თუ – არა. ხალხს გულში აუგად მოიხსენიებ, თავად კი ისრეთ სიბრიყვეს სჩადიხარ, კარაულს რომ ჰშვენის.’’

და დააპირა ზარატუსტრამ ეთქუა რაიმე, მაგრამ დადუმდა ,,ზეცა’’. დადუმდა ვითარც პოსეიოდნი აღელვების შემდგომ.

ზარატუსტრამ კი ზაკუვით გაჰხედა დადუმებულ ,,ზეცას’’ და განაგრძო სიარული და დაბინდების ჟამს მაღნარიდან გააღწია.

ოდეს ზარატუსტრამ თვალუწვდენელ კლდისა პირსა მიატანა, შემოესმა ხმანი ლაოთა, რომელნი გახელებულნი ჰყვიროდნენ და უბნობდნენ რასმე ამაოს, რომელ ზარატუსტრას ესმოდა, ვერ კი აღიქვამდა.

დაფიქრდა ზარატუსტრა და გულში თქუა:

,, არაჲ მგონია რასმე კარგს და საქებარს უბნობდნენ იგინი, რამეთუ ადამიანი კარგსა ვერას დიდებით იტყუის, მანამ დამთხე არ ეყოლება…’’

და გაიქცა ზარატუსტრა და დარბოდა თიხასა და ქვაზედ და დაეკაწრა ფეხნი. ესე მკალობელი მიიწევდა წინ და წინ და შესჩერდა ხრამსა ზედა.

ხოლო ამ დროს გამოჩნდნენ ლაონი და ხმამაღლა თქუეს:

,, სიკუდილი ზარატუსტრას! სიკუდილი! ’’

და მიხვდა ზარატუსტრა იგინი არ აცოცხლებდნენ და მიხვდა იმასაც, რისთვის უპირებდნენ მოკვლას.

და გაიფიქრა:

,, ბერწი ქალის სიკუდილმა აღაშფოთა ესე ლაონი. ’’

და მიმართა ლაოთ:

,, ტყუილად გაირჯებით ბრიყვნო, რამეთუ მე ბრალი არა მიმიძღვის. ’’

ხოლო იგინი უყურებდნენ და უყურებდნენ და ბოლოს გაიწიეს მისკენ, რამეთუ აეჩეხათ ნაკუწ-ნაკუწ.

დაფრთხა ზარატუსტრა, უკან დაიხია და აუცდა ფეხი და გადავარდა ხრამში.

ხოლო სანამ დაეცემოდა გაიფიქრა:

,, ნუთუ არასწორ ვიყავ? ’’

გაიფიქრა, ხმამაღლა კი არა თქუა ზარატუსტრამ.Image

Advertisements

Posted on სექტემბერი 4, 2013, in Uncategorized. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: