ბედნიერება, როგორც იმედგაცრუების ესენცია

ბედნიერება. Happiness. Счастье. Bonheur. Felicidad. Felicità. Mutluluk. რა არის ბედნიერება? თუ რალფ ვალდო ემერსონს ვენდობით ბედნიერება მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარ თავს მოუტანო, თუმცა ამ გადმოსახედიდან თვითონ ცნებები ”კოლექტიური ბედნიერება” და ”ბედნიერების საზოგადო მნიშვნელი” განსახილველთა სიიდან იშლება და უვარგისი ხდება, რაც თავისთავად არასწორი მიდგომაა და მხოლოდ და მხოლოდ ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში ფართხალს განაპირობებს. ბედნიერება, თვითონ ეს აბსტრაქტული პროდუქტი, რომელიც არავის უნახავს, თუმცა კი ყველას სმენია მისი არსებობის შესახებ, ვერ იქნება ინდივიდუალურად მოპოვებული რაიმე სახის სიამოვნების აპოგეა. ან უკეთესია ვთქვათ ნაწილობრივ ვერ იქნება, – პიროვნული თვისებები ყველას ერთნაირი როდი აქვს.

თუმცა იმაზე დავა თუ როგორ შეიძლება ბედნიერების მოპოვება არაფრისმომცემია და რეჩიტატივად მხოლოდ გაურკვევლობის ფაქტორი გასდევს, სანამ არ გავიგებთ არსებობს თუ არა ბედნიერება საერთოდ, რა არის თვითონ ბედნიერების არსი და თუ არსებობს რა კავშირი აქვს ონტოლოგიურ საწყისებთან. თუ გავითვალისწინებთ რეალურად ასეთი მდგომარეობის – ბედნიერების – არსებობას,  და მას აღვიქვამთ როგორც აბსტრაქტულ, ოღონდ მაინც როგორღაც ხელმისაწვდომ ელემენტად, მაშინ უაზროდ არ მოგვეჩვენება გამონათქვამები: ”როგორი ბედნიერი ვარ”, ”მან მე გამაბედნიერა”, ”ჩემი ბედნიერება ფრის არსებობაში გამოიხატება”. როგორც ჩანს ბედნიერება რაღაც მომენტში ორგანიზმში წარმართული ბიოქიმიური პროცესია, ან ნეირონების ზედმეტად გააქტიურებული მოქმედება, რაც ”სამყაროს ცენტრად” გაქცევს და უცნაური გრძნობის საბურველში გახვევს. ასეთი მომენტი ალბათ ყველას ჰქონია; თვითონ ბედნიერების რთული და ბურუსით მოცული არსისგან განსხვავებით, მსგავსი ტიპის წამიერი გაცენტრება გაცილებით მარტივად ასახსნელი და მარტივად მისაღწევი ჩანს – საკმარისია მხოლოდ შენთვის სასიამოვნო საქმე აკეთო ან ”ბუნების მცირედი წახალისებებით” დატკბე. ოღონდ სარისკოა ეს სიამოვნებები მატერიალურ ჰეგემონიაში, ფეტიშიზმში და კაპიტალისტების სათაყვანებელი, სოციალურად და მორალურად დეზინტეგრირებული ინდივიდის ჩამოყალიბებაში არ გადაიზარდოს. აქ უკვე მთავრედება ბედნიერების, როგორც აბსტრაქტული პროდუქტის არსებობა და წმინდა კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულება ყალიბდება. თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა. დანამდვილებით იმის არცოდნა, არსებობს თუ არა ბედნიერება, იდეაშივე გამორიცხავს მისი მიღწევის ტრანსცენდენტურ ხერხებს, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმნიშვნელო საიმოვნება ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია. თუ ბედნიერებას მარკეტინგულ პროდუქტად განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთოთ:

ბედნიერება – ესაა პროდუქტი, რომელსაც არ გააჩნია ვარგისიანობის ვადა, მაგრამ აქვს ხარისხი. შენზე არ არის დამოკიდებული როგორი შეგხვდება. როცა იბადები გარკვეული დოზით ბედნიერებას მაშინვე იღებ, მაგრამ უკვე სრულყოფილი პროდუქტი შემდეგ უნდა შეიძინო, თუმცა ვერ იქნები დარწმუნებული რომ ხარისხიანი შეგხვდება… ბედნიერება დროთა განმავლობაში იდეაფიქსს იცვლიდა, მაგ: XV საუკუნეში ვერც კი წარმოიდგენდნენ ბედნიერება ”Samsung”-ის ნოუთ-ბუქებთან ერთად თუ გაიყიდებოდა… XX საუკუნეში ბედნიერება პიკსმიღწეული გრძნობა ეგონათ, რომელიც ასე თუ ისე ყველას გააჩნდა… XXI საუკუნეში კი ბედნიერება უკვე სრულუფლებიანი კომერციული პროდუქტი გახდა და კომპლექტში სიყვარული, სინანული და სიხარულიც დაიმატა…

ხოლო იმის განსაზღვრა თუ რა კავშირი აქვს ბედნიერებას ონტოლოგიურ საწყისებთან შეუძლებელია, რადგან თვითონ მისი არსებობის ფორმაა შეუცნობელი და ეს იმანენტური ბუნდოვანება საგნის შესწავლას ხელს უშლის. არადა თითქოს ყველაფერი მარტივადაა, უბრალო ბედნიერებისთვის საყვარელ ადამიანთან განცდილი ორგაზმიც კი საკმარისია…

საოცარია სულ მცირე დეტალს როგორ შეუძლია ყველაფრის არევ–დარევა და ფარსად ქცევა. ბედნიერების არსის შემეცნება, ისევე როგორც სიყვარულის, ფიზიკურად შეუძლებელი და გონებრივად მიუღწეველია; ყოველ შემთხვევაში ადამიანის განვითარების ამ ეტაპზე. ვინ იცის ოდესმე, ჰაქსლის ან უელბეკისეულ უტოპიურ მომავალში, როცა ჰარმონიული კლონები დამოუკიდებლად იაზროვნებენ, შესაძლებელი გახდეს ამ ამოცანის ამოხსნა და ბედნიერებისა და სიყვარულის ალქიმიური სტრუქტურის შესწავლა, თუმცა ახლა ეს წარმოუდგენლად გვესახება.

როგორც მარგარეტ ბლესინგტონმა აღნიშნა: ”არ არსებობს ბედნიერებაზე უკეთესი კოსმეტიკა”. სანამ შეუცნობელი, გამოუკვლეველი და მაინც მიუღწეველი რჩება, ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუების ესენციაა, თავბრუს რომ გვახვევს და წამიერი სრულყოფილების შეგრძნებით გონებას გვინისლავს.Image

Advertisements

Posted on იანვარი 10, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: