ტიკა მასალა (რომანი)

Image

1.

 

 

დიდი ისარი თორმეტს მიუახლოვდა. ერთი–ორი ბრუნიც და ხუთი შესრულდება. ხალხი ერთმანეთში ირევა. ფეხმოტეხილი გაქუცული ცუგა მედიდურად აფსამს კედელთან მოკალათებულ წვერსა და პიერ ბალმენის უკვე გადაგდებულ, იდაყვთან და მაჯასთან გამოხეულ კრემისფერ ჟაკეტში ჩაფლულ უსახლკაროს. სკამზე მოხუცი ქალბატონი წამოჭიმულა და ცდილობს ძაღლის საქმიანობას ყურადღება არ მიაქციოს, რელსებს გაყინული მზერით მისჩერებია და მატარებელს სულმოუთქმელად ელის. როგორც ყველა! მეტრო ხომ თავისებურად მინი–სამყაროა, თავისი სოციუმებით და კანონებით. აქ ან ძაღლი გაფსამს და უნდა ითმინო, ან – ყურში ხელი ჩაავლო და რელსებზე დაახეთქო, შემდეგ კი ელოდო მატარებელი როდის გადაუვლის და კედლებს სისხლითა და მყრალი შიგნეულობით მოთხვრის. დიდი არჩევანი არ არის: ან ერთი, ან – მეორე!

საათის ქვეშ შავი პოსტერია გაკრული, ფოსფორისფერი წარწერით ”Invaders Must Die” – ”დამპყრობლები უნდა ჩაძაღლდნენ”. Invaders?

ჯინსის ვიწრო შარვალში ჩაკვეხებული სტუდენტი (სახეზე ეტყობა, რომ სტუდენტია…) ”აიფონს” ჩაჰკირკიტებს. სევდისგან დაღარულ სახეზე ფრუსტრაციის კვალი ემჩნევა. ისიც ხომ ადამიანია. უფრო სიბორგი, მაგრამ ჩვენ ხომ მას ადამიანად მივიჩნევთ. შივნადარისეული ”სერიოზული” გამოხედვით სუფთა შივ ნადარია, ოღონდ მდედრი. კანის ფერიც კი ერთნაირი აქვთ, თუმცა თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ეს თავს არ აიფეთქებს. მობილური ყურთან მიაქვს და რამდენიმე წამით შეშდება, შემდეგ კი ყალბი აღტაცებით აბამს დიალოგს.

ფსლისა და ქაქის გულისამრევი სუნი მცემს. ცხვირზე ხელს ვიფარებ და მოშორებით ვდგები. შეუძლებელია განსაზღვრო ვინ სად მოისაქმა. ”მაკრო ტუალეტი”! უკვე ექვსი დაიწყო, მატარებელი კი ისევ არ ჩანს.

”ქენონის” ფოტოაპარატი კისერზე მაქვს ჩამოკიდებული და ”შესაფერის მომენტს” ველი. დიდი ზომის მატრიცა და სამჯერადი ზუმი საშუალებას გაძლევს თუ კარგი არა, ერთი საშუალო ზომის დარბაზის შემვსები ფოტოგრაფი მაინც გახდე. ”ფოტოხელოვანთა კავშირის” ახალი პროექტი ”კუსტურიცა მეტროში” ნამდვილი ”ბუმი” აღმოჩნდა – ორი ათას ას სამოცდათორმეტი დამწყები ფოტოგრაფი დარეგისტრირდა მთავარი პრიზის – თხუთმეტი ათასი ლარის მოსაგებად და ერთი კვირის ვადით ლონდონის პრესტიჟულ ფოტოგალერეაში საკუთარი შემოქმედების გამოსაფენად. კონკურსის მიზანია ერთგვარი ”აბსტრაქტული შტრიხის” ქართულ ფოტოგრაფიაში შემოტანა. ცოტა უცნაური მიზანი კი აქვთ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს – თხუთმეტი ათასი ქუჩებში არ ყრია. ფოტოგრაფებმა მეტროში უნდა იმოგზაურონ და საინტერესო კადრები, ან თუნდაც ჰიპერრეალისტური სიტუაციები დააფიქსირონ; მოკლედ შეზღუდული არ ხარ, მთავარია ფოტოები ”ხარისხიანი” და ”ეგზოტიკური” გამოვიდეს. როდესაც სურათი მზად იქნება, ფოტოშოპით სადმე კუსტურიცას პალტუსი (”Arizona Dream”–იდან) უნდა ჩააკვეხო. კონცეფციის თანახმად არ აქვს აზრი თევზი თავში იქნება თუ კუთხეში, მთავარია სადმე იყოს, რათა შემდეგ, უკვე გამოფენისას, თვალებგადმოკარკლულმა და დორბლმომდგარმა მნახველმა მთელ ხმაზე დაიყვიროს: ”აი, ვიპოვე”!

ერთ–ერთ პლატფორმასთან საქსოფონისტი იდგა და ამაოდ ცდილობდა ხალხის ყურადღების მიქცევას, – არავინ უსმენდა, გადაშლილი ფუტლიარიც თითქმის ცარიელი იყო. ერთი შეხედვით მშვენიერ პერფორმანსს გვთავაზობდა, მშვიდი მინიმალი მთელ სხეულს მოედო. ტრუფაზიღა აკლდა და ”სუპერ” დუეტი გამოუვიდოდათ. ორლარიანი ჩავუგდე და შემდეგი პლატფორმისკენ გავემართე. რელსებზე ორად გაყოფილი კნუტი ეგდო – გარეთ გადმოყრილი შიგნეულობა დაჟანგულ რკინაზე ლაპლაპებდა. რომელიმე ჭკუასუსტმა სატანისტმა თუ გასწირა. ან ფისომ უბრალოდ მიწისქვეშა აგრეგატის ძლევამოსილებას ვერ გაუძლო. უსუსური არსების მეტაბოლისტური ყოფის დასასრული ფირზე აღვბეჭდე.

შორიდან რიხრიხი მომესმა, შემდეგ ორი მანათობელი წერტილი გამოჩნდა და რამდენიმე წამში მატარებელიც შემოიჭრა, საქსოფონისტის მინიმალი გადაფარა და ამით საკუთარ ”სიძლიერეს” კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თითქოს ამბობდა: ”აი, ხომ ხედავთ, ჩემს წინაშე მუსიკაც კი უძლურია”! უცებ მეგონა მატარებელი რელსებს მოწყდებოდა და ხალხში შევარდებოდა: ”აიფონიან” სტუდენტს, უსახლკაროს და ფეხმომტვრეულ ძაღლს იატაკზე გააბრტყელებდა და აქაურობას ერთ დიდ სასაკლაოდ აქცევდა, ზუსტად როგორც ”ცოდნაშია”. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. მატარებელი გაჩერდა და კარებებიც გაიღო. კუპეში შედარებით სუფთა ჰაერი იყო. ცარიელ სკამზე დავჯექი და ვაგონის თვალიერებას შევუდექი. პრინციპში, დასათვალიერებლი არც არაფერი იყო, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ უბრალოდ ვაგონია და არა – ტადეუს როფაქის გალერეა. ათასნაირი წარწერებით გალამაზებული კედლები უამრავ საინტერესო ინფორმაციას იძლევიან, შეგვიძლია ერთგვარ ”Underground Wikipedia”–დაც კი მოვნათლოთ. მაგალითად: ეს წითელი მარკერით მიჯღაბნილი სტატია გვაუწყებს რომ ”აქ იყო სოსო, გურიიდან, 2009”. სოსო ახლა ალბათ სოფლის ადგილობრივ ”ბირჟაზეა” და არც ახსოვს რომ სამი წლის წინ საკუთარი წვლილი შეიტანა მატარებლის გალამაზებაში. ან შეიძლება სოსო უკვე მკვდარია: გურიაში მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გზაში ამოტრიალდა და ყველა მგზავრი ცოცხლად დაიწვა, ან მუხის ქვეშ წამოგორებულს გველმა უკბინა და ადგილზე მიიცვალა. ყველაფერია შესაძლებელი!

ჩემგან რამდენიმე მეტრში ხანში შესული მამაკაცი ზის. ჭაღარაშერეული თმა ავთო ნაცარაშვილივით გადაუგლესია უკან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ”GQ”-ს კითხულობს. ”ქენონს” ვიხელთებ და სურათს ვუღებ. შემამჩნია, არაფრისმთქმელი მზერით გადმომხედა და კითხვა განაგრძო. გარეკანიდან ზაკ გალიფიანაკისი მიყურებს. ძველი ნომერია, ”hangover”-ის მეორე ნაწილის პერიოდში გამოშვებული.

კუპეს მეორე ნახევარსფეროში სკამზე გაშხლართულ 15–16 წლის ბიჭს მოვკარი თვალი – კი არ ზის, ხერხემლის მეოთხედი აქვს ჩამოდებული. ყურებში ”Bang & Olufsen”–ის წითელი ყურსასმენები გაურჭვია, ნამგლისებრი სამაგრებით. ჯინსი საგულდაგულოდ ჩაუტანებია კეტებში. ალბათ თუფაქს უსმენს, ან – ნოტარიუსს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნეგლიჟეა, თანამედროვე ტიპაჟი: ყურში თუფაქი, თავში – ქაქი. 

Image

მატარებელი ჩერდება და პლატფორმაზე გამოვდივარ. აქაც უამრავი ხალხია. მატარებელი იყო, არის და იქნება ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება.

კიბეებთან მოხუცი ქალი წიგნებს ყიდის. ზედმეტად მოხუცია ამ საქმიანობისთვის: ბამბის თეთრი თმა, გამრუდებული ხერხემალი. სახეზე ეტყობა მთელი ცხოვრების განმავლობაში უამრავი წიგნი წაუკითხავს. ყოველი ნაოჭიდან სიბრძნის შადრევანი იღვრება. ჩაფიქრებული ზის და წიგნებს უყურებს, თითქოს გასაყიდად ენანება. ვუახლოვდები და შემოთავაზებული პროდუქციის თვალიერებას ვიწყებ. ცოტა ხანში ვხვდები რომ აქ თითქმის ყველაფერია: მერაბ ელიოზიშვილით დაწყებული იუსტაინ გორდერით დამთავრებული. თან ყველაფერი აკურატულადაა დალაგებული: მარჯვენა ზემოთა კუთხეში ქართველი კლასიკოსები, ქვემოთა კუთხეში ჯავახიშვილი–გამსახურდიას ტომეულები, მეორე მხარეს თანამედროვე ლიტერატურა – ჯერ შვედები, მერე იტალიელები, მერე ფრანგები და ბოლოს ხორვატები. უცნაურია, მაგრამ ამერიკული ლიტერატურა არ ჰქონდა. არ ვიცი იზოლაციონიზმის წინააღმდეგია თუ უბრალოდ ამერიკა არ უყვარს, მაგრამ მესიამოვნა. თვალი ნაცნობ ყუას მოვკარი, წიგნების მთის თითქმის სულ ძირში რომ მოქცეულიყო. ფრთხილად გამოვაძვრინე.

– რა ღირს?

მოხუცი შეხტა, შემდეგ გამიღიმა და სათვალე მოირგო.

– კუნდერა, კუნდერა… ” შეუცნობელი”… – ბუტბუტებდა თავისთვის. – კუნდერა… მილან კუნდერა, 5 ლარი, შვილო.

ხუთლარიანი გავუწოდე. მგონი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ უკვე კიბეებისკენ მივდიოდი.

ინსტინქტურად მაჯაზე დავიხედე… მე ხომ საათს არ ვატარებ…

 

2.

 

 

18 სექტემბერს გალერეა ”ორლეანში” ქეროლ გუზის გამოფენა მოეწყო. გამოფენას პირველ დღეს თვითონ ქეროლიც დაესწრო და ენაგადმოგდებულმა დიდი ხანიც ილაპარაკა, სანამ ყბები არ დაეგრიხა… არ მესმის რატომ იხარჯება ფული გუზისნაირი არაფირსმაქნისი ფოტოგრაფების ჩამოყვანაში. ან რისი დათვალიერება შეიძლება? დასახიჩრებული ზანგების? ბუზებდახვეული აფრიკელების? ქოლერიანი მუსლიმების? ან იქნებ დაყენებულსახიანი ამერიკელი ჯარისკაცების? თქვენთვის შეინახეთ! არანაირი კრეატივი. დადიხარ დარბაზში და პირის გახევამდე ამთქნარებ, თან ”ვაშინგტონ პოსტის” პატივცემულ ქერა წარმომადგენელს თვალს ადევნებ, ყურებამდე გაღიმებული რომ იქნევს თავს.

არა, საქართველოში ფოტოგრაფიას არასდროს აფასებდნენ. ალექსანდრე როინაშვილს რომ არ ევაჟკაცა ფოტოაპარატის ჭერა დღემდე არ გვეცოდინებოდა. თუმცა სატრაბახოდ საქმე როინაშვილსაც არ ჰქონია. ერივანსკის მოედანზე, მის სტუდიასთან ხალხი მაინც არასდროს ჩერდებოდა. თითქოს წარწერა ”Фотографія А. С. Роинова”–ს ვერც კი ამჩნევდნენ. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ტომას უარდროპს ტრადიციულ ქართულ ტანისამოსში გამოწყობილს ეპოზიორა ალექსანდრეს ობიექტივის წინ.

ქეროლმა სიგარეტს მოუკიდა და ირგვლივ მიმოიხედა, აინტერესებდა სხვებიც თუ ეწეოდნენ. მტვერში ამოგანგლული და დასისხლიანებული აფრიკელი ბავშვის ფოტოს წინ იდგა და რაღაც ამერიკულ ”ტრუხას” აბოლებდა. წარმოვიდგინე როგორ კვდება საბრალო ბავშვი, ქეროლი კი აპარატს აჩხაკუნებს და სხვადასხვა რაკურსიდან იღებს, თან კივის: ”ჯერ არ მოკვდე!”, ან – ”ერთიც და…”, ბავშვი კი სულს ღაფავს, დასახიჩრებული სხეულიდან სისხლი სდის, ინფექცია ეჭრება, იმანჭება… ”დაიცა, დაიცა! სიკვდილი არ გაბედო შე ნაბიჭვარო ნეგრო”! ახლა კი ეს ვინ იცის რაპრიზაღარმოპოვებული იდიოტი სიგარეტს ამაყად აბოლებს. სწორედ მარკ ბოულისა და ქეროლ გუზისნაირი ხეპრეების ხელშია დღეს მსოფლიო კულტურა.

შეეძლოთ პიტერ ფრეიზერი ჩამოეყვანათ, თავისი ”ღრმად ლურჯი” სერიებით. დარბაზს ზღვისფრად შევღებავდით, ავტომობილების, ტელევიზორების და კონდენციონერების ნაწილებით მოვრთავდით და ”აკვა–ტექნოლოგიური აპოგეაც” მზადაა… ნობუიოსი არაკის შემოქმედებისთვის მაინც დაეთმოთ დარბაზი, კარგი ეპატაჟური საღამო გამოვიდოდა, – ყოველ შემთხვევაში არ ჩაგეძინებოდა. თუ მაინც და მაინც ფოტოჟურნალისტიკა სურდათ ანრი კარტიე–ბრესონის სახელობის ფონდს შეხმიანებოდნენ. თან რამდენიმე წლის წინ ამ ფონდმა არაჩვეულებრივი ლექცია მოაწყო, რომლის ორგანიზატორიც ფონდის ერთ–ერთი დამაარსებელი კვენტინ ბაიაკი იყო. ბოლოს დებატებიც გაიმართა. სისხლი და დასახიჩრებული სხეულები გინდა? – ფრანკ ფურნე აქ არაა?!! საფრანგეთი არ ეყო და ამერიკაში გადასახლდა. კი, რუმინეთში შიდსით დაავადებულთა, ბოსნიაში სამოქალაქო ომის დროს და რუანდის გენოციდისას გაუპატიურებულთა ფოტოები მოძველდა, მაგრამ ქეროლს ხომ სჯობს. პლიუს ამ ყველაფერს 11 სექტემბრის არაჩვეულებრივი კადრები. პირადად მე მიურეი ბეკერის საღამოს მოვაწყობდი. მთელ დარბაზში ცეცხლმოკიდებული დირიჟაბლ ”ჰინდენბურგის” სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებულ ფოტოებს დავკიდებდი, იატაკზე კი ”ლავა ბილიკებს” დავამაგრებდი. Image

მაგრამ მე ვინ მეკითხება?!

მობილური აწკრიალდა.

გისმენთ?

საით ხარ?

ნიკა…?

ჰო.

სადიან რეკავ?

ბიჭო სად ხარ?

გუზის გამოფენაზე.

მაინც წახვედი?

ხო იცი რა ოპტიმისტი ვარ.

”რეტროში” გამოხვალ?

ქეროლმა სიგარეტი ჩააქრო და წრეების დარტყმა დაიწყო. დაპროგრამებული რობოტივით დადიოდა და ხმას არ იღებდა. ფოტოებსაც არ უყურებდა. უბრალოდ დადიოდა და ფიქრობდა (თუ საერთოდ შეუძლია ფიქრი).

გამოვალ.

რამდენ ხანში?

დარბაზის ცენტრში, საყრდენ სვეტზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე.

ნახევარ საათში.

მე და თიკო ვართ.

”თიკო” – ჩავილაპარაკე ჩემთვის.

რამე მითხარი?

არა… არაფერი…

მობილური ჯიბეში ჩავიდე და ქეროლისკენ წავედი. წინ გადავეღობე. უცნაურად ამომხედა და უეცრად გამიღიმა.

YES?

თვალებში მიყურებდა. ზედმეტად გადაღლილი მომეჩვენა და ენაზე მომდგარი ”You’re the biggest piece of turd I’ve ever seen” გონებაში გავფანტე. მეც გავუღიმე და ცერა თითი აღვმართე.

 

 

* * *

 

 

”რეტრო” თითქმის მთლიანად სავსე იყო. ჯეი–ჯეი იოჰანსონის რომელიღაც სიმღერა ჩაერთოთ – ერთგვარი ელტონ ჯონისა და დემიენ რაისის მიქსი. ბართან ვარდისფერმაისურიანი ზანგი იჯდა.

I Love NYC!

თავიდან მხოლოდ ვარდისფერი მაისური და ლურჯი ჯინსი გავარჩიე და უცებ შევცბი – მგონი გავგიჟდი–მეთქი, მაგრამ შემდეგ ადამიანიც შევამჩნიე. რომელიღაც კოქტეილს წრუპავდა, რომელიც ფოსფორისფრად და იასამნისფრად ერთდროულად ანათებდა.

ზანგის უკან, მაგიდასთან სომეხი იჯდა. სომხური ბრენდის – ”არმანის” თეთრი მაისური ეცვა, საიდანაც ხშირზე ხშირი შავი თმა გადმოშლილიყო. ჩამოკიდებული ღაბაბი გულ–მკერდის თმიანეთში იკარგებოდა. მეგალომანიით იმდენად იყო შეპყრობილი, შეკვეთას როცა აძლევდა ოფიციანტს არც კი უყურებდა. ყველა სომეხი თავისი ბუნებით ნარცისი ონანისტია. ამას წყალი არ გაუვა.

აბსოლუტურად ყველა ეწეოდა. აქაურობა გამომშრალ უდაბნოს დაემსგავსა. ჭერთან ნაღდი სმოგი დადგა, კოლინ ფერტსაც კი შეშურდებოდა.

ჩემს უკან ორი გოგო იჯდა. წინ ორივეს ლეპტოპი ედგა. კლავიატურის ჭახა–ჭუხის ხმას უკვე წყობიდან გამოვყავდი. თავს ვიკავებდი სკამი არ ამეღო და ორივესთვის სახეში არ შემემსხვრია. ”კენტს” მოწრუპულ ტუჩებში იტენიდნენ. სავარაუდოდ ორივე ”ფეისბუკზე” შემძვრალიყო და საერთო დაქალს, ტასოს ებაასებოდა, რომელიც აუცილებლად დემულმესტერით, მალანდრინოთი, მაგლერით და ბრიონით იმოსება.

ყველანი მომხარებლები ვართ. ეგოცენტრული ”მონები”. მატერიალისტური ჰეგემონიის მსხვერპლები.

ფეტიშისტები!

მარა, ასწორებს.

გარეთ მუხრუჭების ღრჭიალის და კივილის ხმა გაისმა, რასაც ყრუ გრუხუნი მოჰყვა. უმალ ყველა წამოხტა და კარებს ეცა. გოგოებიც კი დაინტერესდნენ, თუმცა ლეპტოპები იღლიაში ამოედოთ… როგორც იქნა გარეთ გავაღწიე.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, ჯართად ქცეული ავტომობილები იყო. Image

გამიკვირდა არცერთი რომ არ აფეთქდა. პირზე ხელაფარებული და დაფეთებული ხალხი პირდაპირ შოკში იყო. მერე თიკოს მოვკარი თვალი. ერთ–ერთ ავტომობილთან ჩაცუცქულიყო და ტიროდა. უმალ მასთან მივირბინე და ვერც კი მოვასწარი მეკითხა ხომ კარგად ხარ–მეთქი, ავტომობილებს შორის მოყოლილი ნიკა შევამჩნიე. წელს ქვემოთ ტანი მთლიანად მოსწყვეტოდა და ბორბლებთან ეგდო. იქაურობა სისხლით ივსებოდა. ზემოთ დარჩენილი ნაწილიდან ნაწლავები ჩამოშლილიყო. თავი ვერ შევიკავე და იქვე ვაღებინე. ვგრძნობდი – გონს ვკარგავდი. თიკო აღარც მახსოვდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი უმოქმედობაში. როცა აზრზე მოვედი იქ უკვე სასწრაფოს მანქანა იდგა. ვიღაც მომვარდა და მეკითხებოდა კარგად თუ ვიყავი. თავი დავუქნიე და თიკოსკენ წავედი, რომელიც ”რეტროს” კიბეზე ჩამომჯდარიყო. როგორც კი დამინახა წამოხტა და ჩამეხუტა. ცრემლები წასკდა.

 

3.

 

 

 

მაღვიძარა აწკრიალდა. აკაკი მთქნარებით წამოდგა და ფლოსტებში ფეხები გაყო. ცხელი წყალი რატომღაც არ წამოვიდა, ამიტომ ისევ ცივით იბანავა. მოშარდა. შეყვითლებული წყალი მილთან წამით დაგუბდა და უსასრულობაში ჩაინთქა.

დრო: 08:20.

პულტი როგორც ყოველთვის დივანზე ეგდო. აკაკი აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული გამოვიდა და პლაზმა ჩართო. ”შავი გედი”. მართალია ”ჰეშერის” (შემოსავალი: $382,946 – ბიუჯეტიც კი ვერ გადაფარა) და ”ძმების” (შემოსავალი: $43,318,349) მერე პორტმანზე გული აუცრუვდა, მაგრამ არ გადაურთავს. მერე რა რომ ”მთვრალი ალუბლის” მარკეტინგის მენეჯერია? – რა, ლეო ბერნეტს არ აქვს უფლება ჰობი ჰქონდეს? აკაკის კი ბავშვობიდან იზიდავდა ფილმები. თავიდან თურქული მუსიკალური კომედიებით დაიწყო, ახლა კი ჩამოყალიბებული კინომანია, – ერთი–ორი რეცენზიაც აქვს გამოქვეყნებული. ”შავ გედს” ყოველთვის თავს არიდებდა. ალბათ ისევ პორტმანის გამო. და კუნისის. კი, მილა ნამდვილად სექსუალურია, მაგრამ როგორც მსახიობი… თუმცა, უცნაურია არონოვსკიზე რატომ არ გაამახვილა ყურადღება. ”შადრევანი” და ”π” ხომ მისთვის დღემდე ფავორიტი ფილმებია. დარენს ზოგადად უყვარს ექსპერიმენტები და ხშირ შემთხვევაში ფილმზე მუშაობისას დიდ რისკზეც მიდის – ახალბედა, ყველასთის უცნობი სცენარისტები აჰყავს. ეს ტრადიცია არც ”შავ გედში” დაარღვია და სცენარისტებს ანდრე ჰენცი მიუსვა. მარკ ჰეიმანთან მან უკვე იმუშავა ”რესტლერზე”, ასე რომ წარსულის გახსენებაც შეძლო… საინტერესოა, რომ არონოვსკის ხელწერა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის რთულ, ღრმა და ბევრისთვის ”მიუწვდომელ” თემებს ეჭიდება. რატომღაც დარენი არ ცდილობს აირჩიოს რომელიმე კონკრეტული მიმართულება, შეიმუშავოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი – ალბათ არ სურს ბანალური, ადვილად გამოსაცნობი რეჟისორი იყოს (იხ: ჯეისონ რეიტმანი, ვუდი ალენი, სტივენ სოდერბერგი, დევიდ ლინჩი), თუმცა რასაც აკეთებს ყველაფერი 100 და მეტ პროცენტზე გამოსდის… მიუხედავად ყველაფრისა, პედანტი მაინც შეამჩნევს ზოგიერთი ”მაესტროს” ზეგავლენას. ”პი”–ს ყურებისას გგონია მოდიფიცირებულ ჰიჩკოკს უყურებ, ”რექვიემი” 90–იანების ბოლოსკენ, გერმანიაში დაბადებული ”ფსიქოს” პირმშო გეგონება (ინდივიდუალური სრულყოფილებით, რა თქმა უნდა!). ოლივერ ჰირშბიგელს ორი წლით ადრე რომ ეაქტიურა არონოვსკის პლაგიატის იარლიყი მიეკერებოდა და მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებდა (ეს კი მოგეხსენებათ ჰოლივუდში რა ქიქესია).

აკაკი ფილმმა ისე ჩაითრია, ვერც კი შენიშნა ათი საათი როგორ შესრულდა. ეკრანზე ტიტრები გაიწელა. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა და სასწრაფოდ საძინებელში გავარდა, თან გონებაში ”შავ გედს” აანალიზებდა. არა, ”შავი გედი” ნაღდად არ არის ფსიქოლოგიური დრამა, – უფრო მოდერნ ჰორორია, ფელინისეული ჩართვებით. ნატალი პორტმანის არაჩვეულებრივმა პერფორმანსმა პირდაპირ გააოგნა. უმალ გადაავიწყდა ყველა ”უთანხმოება”. ვენსან კასელი დღემდე რჩება უნიჭიერეს, პროფესიონალ, საოცრად ”იოლ” მსახიობად, რომელიც ნებისმიერ როლს ადვილად ერგება (მთავარი როლი შეასრულა აკაკისთვის დღემდე ერთ–ერთ ფავორიტ დრამაში ”ზიზღი”. ასევე იხ: ”ჯეფერსონი პარიზში”). ერთი შეხედვით არც ისე გამორჩეული სიუჟეტი არონოვსკის მაინც ”განსხვავებული” გამოუვიდა – მთავარი პერსონაჟი, ნინა სეიერსი ”გედების ტბის” ახლებურ ინტერპრეტაციაში ორ როლს – თეთრ და შავ გედს ასრულებს, თუმცა ნაზი, სათნო თეთრი გედისგან განსხვავებით იდუმალი, სახიფათო შავი გედის როლის მორგება ბოლო წუთამდე უჭირს. ყველა ერთი და იგივეს უმეორებს: საჭიროა თავისი უბიწო ”მე” გაანადგუროს, რათა შავ გედს მოერგოს. ნინა ასეც მოიქცევა, – თეთრ გედს სამუდამოდ დამარხავს და შავის ზეგავლენის ქვეშ მოექცევა – მიაღწევს მისთვის სანატრელ სრულყოფილებას, დემოკრიტესეულ ატარაქსიას და როგორც ყველა პერფექციონისტი – იგიც ბედნიერი დატოვებს მიწიერ სამყაროს.

ჯონ ვარვატოს შავი ტყავის ფეხსაცმელს აკაკიმ ”ეტროს” ახალი რუხი შარვალი და ფილიპ პლეინის ნაცრისფერი მაისური შეუხამა, ”BOGLIOL”–ის მატყლის პიჯაკი შემოიცვა და ტუმბოდან ”X5”-ის გასაღები აიღო.

 Image

* * *

 

 

 

ოფისიდან გამოსულს თავი არაადამიანურად სტკიოდა. მექანიკურად გაემართა ავტოსადგომისკენ. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა, თითქოს კალეიდოსკოპით იხედებოდა. ”X5”-ის კარები გამოაღო და წაბორძიკდა. ძლივს მოასწრო სახელურს ჩასჭიდებოდა.

ბოლოს და ბოლოს მანქანა დაქოქა და ავტოსადგომიდან გამოვიდა. ”Lovage”-ს ”Sex (I´m A)” ჩართო და შეეცადა დამშვიდებულიყო. ტრიპ–ჰოპი ყოველთვის შველოდა.

თავი კიდევ უფრო ასტკივდა. წამით გაიფიქრა შაკიკი ხომ არ დამეწყოო.

შუქნიშანზე წითელი აციმციმდა. უკვე აგონიაში მყოფ აკაკის ყველაფრისადმი ზიზღი დაეუფლა. მზად იყო ყურანი შოვინისტი ისლამისტის თვალწინ დაეხია და ზედ დაეფსა; სემ ბესილისთის თაყვანი ეცა; შვეიცარია გადაეწვა; ”ლუვრი” და ”ერმიტაჟი” დაენგრია; ”მონა ლიზათი” უკანალი გამოეწმინდა (ჩაკ პალანიკიც ადგილზევე მიეხრჩო); პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მოესაქმა…

მწვანე აინთო და აკაკიმაც გზა განაგრძო. ზიზღი უმალ გაქრა. თავის ტკივილმაც თითქოს გადაურა, მხოლოდ დროგამოშვებით ნემსის ჩხვლეტის მაგვარ ბრწკენას გრძნობდა. ”ყველაფერი ფრუსტრაციის ბრალია” – ჩაილაპარაკა თავისთვის. გადაიღალა. ან მის ადგილას ვინ არ გადაიღლებოდა?

მორიგ შუქნიშანთან გაჩერდა. ახლა უკვე რადიო ჩართო. რომელიღაც ქართულ რადიო ტალღაზე ”The Who”-ს ”The Seeker” გადიოდა. ახალგაზრდობა გაახსენდა – ”The Kids Are Alright”, ”Union Jack”–ით აჭრელებული ოთახი, უხარისხო მარიხუანა და ”ლედი დი”. გაიღიმა. ”ცოტა თავი თუ არ გაირთო კაცმა, ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე ძალიან მოსაწყენია ცხოვრება”(ჰამსუნი)…

სვლა განახლდა და ნირვანაში მყოფი აკაკიც ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა. მარჯვნივ შეუხვია და ნორმალურად მობრუნებაც კი ვერ მოასწრო – ვიღაც ბიჭმა გადაურბინა. დაამუხრუჭა. ცივმა ოფლმა დაასხა. ბიჭი კი შეშინებული უყურებდა, ხელები მაღლა ასწია, ”ბოდიშიო” ამოღერღა და ის იყო გზის გაგრძელება გადაწყვიტა რომ მოსახვევიდან ”პაჯერო” გიჟივით გამოვარდა, – ღრჭიალით მოექანებოდა. უკანასკნელი, რაც აკაკიმ იგრძნო, თავის ტკივილი იყო. დაჯახებამ ხერხემალი გადაუტეხა და ქალა ორგან გაუბზარა, მარჯვენა ფეხი კი თითქმის 180°–ით გადაიგრიხა.

არანაირი წარსულის გახსენება და მოგონებების მოზღვავება. მხოლოდ გადამტვრეული ხერხემალი და გამსკდარი თავის ქალა.

 

 

Advertisements

Posted on დეკემბერი 15, 2012, in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: