bloggerside: მიშელ უელბეკი

”მიშელ უელბეკი” – მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმისას ლიტერატურულად ”მიდგება”. მიშელ უელბეკი ოცდამეერთე საუკუნის უდავოდ ყველაზე გამორჩეული მწერალია. თანაც ფრანგი!!! არ ვიცი ამ ფრანგებს საიდან მოჰყავთ უელბეკისნაირები, ვითომ გრაალი მართლაც საფრანგეთშია? 🙂 თუ ასეა, მიშელი ნამდვილად იმსახურებს ”სენ–კლერად” მოვნათლოთ.

 

Image

 

პირველად უელბეკი ერთი წლის წინ ”გავიცანი” (მანამდე მხოლოდ ყური მქონდა მოკრული, რომ ესა და ეს მწერალი ისლამოფობიის გამო ”ქვეყნიდან გააძევეს”). ნეტში შემთხვევით ”ბრძოლის ველის განვრცობას” (Extension du domaine de la lutte) გადავაწყდი და მაშინვე გადმოვწერე. რამდენიმე კვირა ფაილი სულ ტყუილად ეგდო ფოლდერში, თუმცა ერთ დღეს ისევ მოვკარი თვალი და ამჯერად მოდუნებული ჩავუჯექი. სამ საათში მთლიანი წიგნი წავიკითხე, – ჩასისხლიანებული და აცრემლებული თვალების საფასურად. მომეწონა! ვერ ვიტყვი გავგიჟდი–გადავირიე–მეთქი, თუმცა მოწონებით ნამდვილად მომეწონა. უცნაური შეგრძნება მქონდა – ერთდროულად ბუხვალდის დაცინვა და პალანიკის მოხრჩობა მომინდა. ოჰ, ეს ევროპა! გარყვნილების, აპოსტასიის და მენტალურად დეგრადირებული სოციოპათების ბუდე. იმედგაცრუება, სევდა, არასრულფასოვნების კომპლექსი!

 

 

Image

 

უელბეკი გადასარეავდ უთავსებს ერთმანეთს დრამას, სოციუმის ფსიქოლოგიას, პორნოგრაფიას, დემაგოგიას და საკუთარ შეხედულებებს არამარტო ევროპაზე, არამედ – მთელ მსოფლიოზე. მისი ფილოსოფია ბევრისთვის მისაღები, თუმცა რთულად აღსაქმელია – სწორედ ამათზე გათვალა უელბეკმა მთელი თავისი შემოქმედება: უბადრუკ უიღბლოებზე, რომელთაც თავი ინტელექტუალურ ზე–ადამიანებად მოაქვთ და ახალ, ინოვატორულ, შეძლებისდაგვარად არგუმენტირებულ მსოფლმხედველობას უმალ დოქტრინად აქცევენ ხოლმე. მაგრამ ახლა უელბეკი აღარ არის მხოლოდ ”ლუზერებისთვის” განკუთვნილი პროდუქტი, მას ყველა ნაღდი ლიტერატურის მოყვარული პატივს სცემს და აქტიურად ადევნებს თვალს მის წინსვლას.

 

 

 

”ადამიანები იდეალურები რომ ვყოფილიყავით, ცაზე მზის ჩასვლა–ამოსვლას დავჯერდებოდით”. / პლატფორმა

 

 

შემდეგ იყო ”Prix Novembre”–ს მფლობელი ”ელემენტარული ნაწილაკები” (Les Particules élémentaires), რომელიც რუსულად წავიკითხე, მაგრამ უკვე დასასრულს აღმოვაჩინე რომ ქართულადაც ყოფილა ნათარგმნი. ეს წიგნი უელბეკის ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება, რადგან აქ უფრო ფართოდ არის განხილული ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, მეოცე საუკუნის 50–იანებიდან მოყოლებული ევროპის განვითარება. წიგნი საკმაოდ დინამიურია და დატვირთულია ბუნებისმეტყველებით (აი, სწორედ აქ ვინანე რომ ქიმია–ბიოლოგიას ვერ ვეწყობოდი!). თემა იგივეა – ”დაგვენძრა!”… განწირულები ვართ, რადგან უკვე ჩამოყალიბებული მონები ვართ, ფრუსტრაცია კი მალევე მოგვიღებს ბოლოს. მიშელი ”ელემენტარულ ნაწილაკებში” უფრო გახსნილია, თითქოს ის უმნიშვნელო ჯაჭვიც მოიხსნა, რომელიც ”ბრძოლის ველის განვრცობაში” ასე თუ ისე ბოჭავდა. მოკლედ, ”Les Particules élémentaires” ძალიან მომეწონა და ვფიქრობდი უელბეკის ამაზე უკეთესს ალბათ მართლაც ვერაფერს წავიკითხავ–მეთქი, მაგრამ…

 

Image

 

”გარე სამყაროს ჰქონდა თავისი კანონები, თუმცა ეს კანონები არ იყო ხალხი”. / ელემენტარული ნაწილაკები

 

 

…მაგრამ გამოჩნდა ”ინტერალე”–მოპოვებული ”კუნძულის შესაძლებლობა” (La Possibilité d’une île), ასევე რუსულად, რომელმაც აბსოლუტურად დამიპყრო და გამანადგურა. მას შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა, თუმცა ახლაც ხმამაღლა ვამბობ: კუნძულის შესაძლებლობა არის ყველაზე განსხვავებული, საინტერესო და ექსცენტრიკული წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს! როგორც იქნა მივაგენი მიშელის საუკეთესო ქმნილებას. ამ რომანში უელბეკი უკვე თითქმის იესოდ ტრანსფორმირდება, ღმერთს უტოლდება, ფანტაზიას კიდევ უფრო მეტ გასაქანს აძლევს და ახალი ადამიანის შექმნას ცდილობს, იმ ძველი, უბადრუკი, არაფრისმაქნისი ”წინაპრისგან” სრულიად განხვავებულის, რომელიც ბოლოს და ბოლოს ჰარმონიაში და სიმშვიდეში იცხოვრებს. ”კუნძულის შესაძლებლობა” არის გემრიელად დამუშავებული ფილოსოფიური სქაი–ფაი. ამით უელბეკმა ახალი შტრიხი შემოიტანა – სამეცნიერო–ფანტასტიკა თავისებურად, ფრანგულად დაამკვიდრა საკუთარ შემოქმედებაში. თუკი ვინმეს ხელი მიგიწვდებათ ამ წიგნზე, ჩემი რჩევა იქნება გადადეთ ყველა ის ”უსუსური ნაჯღაბნი” რომლებიც წასაკითხ სიაში პირველობენ, შეეშვით, გვერდზე მოისროლეთ რასაც ახლა კითხულობთ და ”კუნძულის შესაძლებლობას” ჩაუჯექით!

 

Image

 

”La Possibilité d’une île”–ს შემდეგ იყო ”პლატფორმა” (Plateforme), ასევე ძალიან მაგარი წიგნი, თუმცა ”კუნძულის შესაძლებლობაზე” ნაკლებად ძლიერი და მასზე ადრე დაბეჭდილი, უკვე ბესტსელერად ქცეული. ”პლატფორმა” არ არის უელბეკის საუკეთესო ნამუშევარი, თუმცა ყველაზე დინამიური ნამდვილად გახლავთ. მთელი წიგნი ერთი დიდი სიამოვნებაა. სექსი, სექსუალური ტურიზმი, ფული, პოსტმოდერნიზმი, დაყლევებული ისლამისტები. დასასრულიც აბსოლუტურად მიშელისეურია. დასაწყისშივე რაღაც განსხვავებულს ელი, იმას, რაც შეგძრავს, თუმცა დასასრული მოლოდინს აჭარბებს. რომანმა 2002 წელს მოიგო პრიზი ”Cine Roman” და გახდა საუკეთესო წიგნი, რომლის ეკრანიზებაც შეიძლება.

 

Image

 

”პლატფორმის” შემდეგ დიდი დრო გავიდა და აი, რამდენიმე დღის წინ ისევ დავუბრუნდი უელბეკს. ამჯერად ”კარტა და ტერიტორიით” (La carte et le territoire) – საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული პრემიის – ”Prix Goncourt”–ის მფლობელი (2010). იმედი მაქვს იმედები არ გამიცრუვდება… პრინციპში, ამაში 100%–ით ვარ დარწმუნებული.

 

Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 19, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: