bloggerside: მე რომ პარიზში დავბადებულიყავი

ბევრჯერ წარმომიდგენია სხვადასხვა ქალაქში დაბადებული ჩემი თავი. სულ სხვა პრინციპებით, მორალით… მენტალიტეტით!

მაგრამ პარიზი მაინც სულ სხვაა…

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი გრძელი ქერა თმა მექნებოდა, ჟან–ჟაკი მერქმეოდა და ქალაქური აქცენტით ვილაპარაკებდი.

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი დილიდან საღამომდე ეიფელის კოშკის ცქერით დავტკბებოდი, ხოლო ღამით სილვესტერ დე სასის ავენიუდან Rue de l’Arbalèteმდე ფეხით ვივლიდი და nuit paris–ით დავტკბებოდი.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ფრანსუაზა არდი და ალენ ბაშუნგი ჩემი ფავორიტი შემსრულებლები იქნებოდნენ.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი კრისტიან ჟაკის და ალენ რენეს ფილმებზე გავიზრდებოდი.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი Rue Tournefort-ზე Chez Lena et Mimile–ში ვისაუზმებდი ხოლმე, ხოლო წამოსვლისას შავ–თეთრ უნიფორმაში გამოწყობილ პიერს რამდენიმე ფრანკს ”ჩაისთვისაც” დავუტოვებდი 🙂

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი Rue de l’Estrapade–სა და Rue Thouin–ის ლამაზ, ”მწვანე გზაჯვარედინზე” დიდი ხის ქვეშ დავჯდებოდი და ქალაქის ხმებით ”ავივსებოდი”, ხოლო უკვე ბოლომდე ”დატენილი” Rue de l’Estrapade–ს ფეხით გავუყვებოდი და Clotaire-ზე პანთეონის სასახლესთან (კოორდინატები: 48° 50′ 47″ N 2° 20′ 41″ E / 48.846481, 2.344851) ჩემს ფრანგ, წარმოშობით კორსიკელ შეყვარებულს – იზაბელს შევხვდებოდი, რომელსაც ასევე ქერა თმა ექნებოდა და ლამაზი, დამატყვევებელი მწვანე თვალები… აგრეთვე ცოტა ჭორფლი სახეზე. და ჩვენ აუცილებლად ყურებამდე ვიქნებოდით ერთმანეთზე, ხოლო ორივე ერთად – პარიზზე შეყვარებულები.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ზეპირად მეცოდინებოდა ბოდლერის ლექსები.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ჩემს მოთხრობებს პარიზულ ჟურნალებში მივიტანდი, რედაქტორი, სახელად ჟერარი მათ დაიწუნებდა და არ გამოაქვეყნებდა, მე კი გული დამწყდებოდა, თუმცა წერას არ შევეშვებოდი და ორი წლის მერე, როცა საფრანგეთის ლიტერატურულ პოლიგონზე ”გავმეფდებოდი”, ჟერარს ირონიულად გავუღიმებდი და ჩემი ბესტსელერი რომანის მაგარ ყდაზე საჩვენებელი თითით დავაკაკუნებდი.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი სონა და ლუარასა და რონას დეპარტამენტებში არსებული ბოჟოლეს რეგიონის წესიერი, პატიოსანი მუშების მიერ ”გამესგან” დამზადებულ ღვინოს შევექცეოდი სენ–მიშელის ბულვარზე.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი მოპასანს აღარ გავეკარებოდი.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი მარიონ კოტიარის იმეილს გავიგებდი და მივწერდი, თუ როგორ ვაფასებ, როგორც მსახიობს და როგორც უბრალოდ ლამაზ ქალს, ის კი არ მიპასუხებდა და მე გული არ დამწყდებოდა, რადგან მეცოდინებოდა რომ მას დღეში ათასობით ასეთი შეტყობინება მისდის და ყველასთვის პასუხის გაცემა ”არარეალურია”.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ტადეუს როფაქის გალერეას მოვინახულებდი.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ”Canal +”-ის მიერ დაფინანსებულ ყველა ნაციონალურ თუ ინტერნაციონალურ ფილმს ვუყურებდი.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ”France Télécom”-ის მიმართ ნეგატიურად ვიქნებოდი განწყობილი.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ლუი დე ფიუნესი კიდევ უფრო მეყვარებოდა და ყოველ კვირას მივიდოდი ალონის სასაფლაოზე, სომიურთან ახლოს რათა მისი ხსოვნისთვის პატივი მეცა.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი მამაჩემს პეჟო ეყოლებოდა.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ”ოფისის” ფრანგული ვერსიის დიდი თაყვანისმცემელი ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა რომ ფრანსუა ბერლეანი დიდად არ მეხატებოდა გულზე.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი პარიზი ჩემს სხეულში გულის ფუნქციას შეასრულებდა.

 

 

მე რომ პარიზში დავბადებულიყავი ბედნიერი ვიქნებოდი.

 

 

მაგრამ მე პარიზში არ დავბადებულვარ…

Image

Advertisements

Posted on სექტემბერი 4, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. არდი აქედანც მშვენივრად ისმინება 🙂 ბევრმა არც იცის ვინაა, თორემ…

  2. რამდენჯერ მიფიქრია ამაზე :)მაგრამ არც მე დავბადებულვარ პარიზში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: